რელიგია

უფლის გზაზე

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.04

რელიგია
დაკოპირებულია

ერთხელ ათეისტი უფსკრულის პირას სეირნობდა, ფეხი დაუცდა და დაბლა ჩავარდა. დაცემისას მოასწრო და ხელი კლდის ნაპრალში ამოზრდილ პატარა ხის ტოტს ჩასჭიდა. მყიფე ტოტზე ჩამოკიდებულმა და ცივ ქარზე უძლურად მოქანავემ მთელი თავისი უიმედო მდგომარეობა კარგად გააცნობიერა: ქვევით, თავთხელ წყალში უზარმაზარი, წვეტიანი ქვები მოჩანდა, ზევით ასვლის საშუალება კი არ იყო. ტოტზე ჩაჭიდებულ ხელში ღონე ყოველწამიერად ეცლებოდა. „ახლა უკვე მხოლოდ ღმერთი თუ მიშველის. ღმერთი არასდროს მწამდა, მაგრამ შეიძლება, ვცდებოდი. დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს.“ – გაიფიქრა მან.

და აი, მან შეჰღაღადა:

– ღმერთო, თუ შენ არსებობ, მიხსენი მე და გიწამებ!

პასუხი არ იყო. მან კვლავ შეჰღაღადა:

– ღმერთო, მე არასდროს მწამდა შენი, მაგრამ თუ გადამარჩენ, იმ წუთიდანვე ვიწამებ შენს არსებობას.

უცებ ხმა მოესმა:

– არა, მაინც არ მიწამებ, მე ვხედავ, რაც გაწერია გულზე!.

განწირულ კაცს ისე გაუკვირდა, რომ კინაღამ ხელი უშვა ტოტს.

– ღმერთო, მე მართლაც ასე ვფიქრობ. მე აუცილებლად გიწამებ!

– კარგი, მოგეხმარები, – კვლავ მოესმა ხმა, – გაუშვი ხელი ტოტს.

– ტოტს ხელი გავუშვა?! მერე რა მეშველება?..

* * *

ერთხელ მძიმე ავადმყოფი ექიმთან მივიდა, რომელმაც მას მშვენიერი სამკურნალო საშუალება გამოუწერა. ადამიანმა არაფერი იცის წამლის მოქმედების მექანიზმზე, მაგრამ მაინც სჯერა მისი მაკურნებელი ძალისა, იღებს მას და იკურნება.

ნუთუ ნაკლებად უნდა ენდობოდე ღმერთს, რომელიც შენი სულის მკურნალია და განკურნებას აღგითქვამს?

* * *

ერთხელ განდეგილი მივიდა სოფელში, სადაც უამრავი ურწმუნო იყო. მას გარს შემოერტყა ახალგაზრდობა, რომლებიც მოუწოდებდნენ, ეჩვენებინა, თუ სად სუფევს მის მიერ ესოდენ პატივდებული ღმერთი.

მან უპასუხა, რომ შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ მანამდე ერთი ფინჯანი რძე მოითხოვა. როდესაც მის წინ რძით სავსე ჭიქა დადგეს, მან არ დალია ის და დიდხანს და მდუმარედ უმზერდა, თან სულ უფრო და უფრო მზარდი ცნობისმოყვარეობით. ახალგაზრდები მოუთმენლობამ შეიპყრო, მათი მოთხოვნები სულ უფრო დაჟინებული ხდებოდა. მაშინ განდეგილმა უთხრა:

– მოიცადეთ ერთი წუთით! ამბობენ, რძე კარაქს შეიცავს, მაგრამ ძალიან ვეცადე და ამ ფინჯანში ის ვერ დავინახე.

ახალგაზრდებს გაეცინათ მის გულუბრყვილობაზე.

– უგუნურო ადამიანო! ნუ აკეთებ ასეთ აბსურდულ დასკვნებს. რძის ყოველი წვეთი შეიცავს კარაქს, სწორედ ის ხდის მას ნოყიერს. მის მისაღებად და დასანახად საჭიროა, ავადუღოთ რძე, გავაცივოთ, დავამატოთ დო და ველოდოთ რამდენიმე საათი, რათა ის აიჭრას, შემდეგ ავდღვიბოთ და ზედაპირზე მოყენებული კარაქი მოვხადოთ.

– აჰ, ასეა? – ჩაფიქრებით თქვა ასკეტმა, – ახლა ჩემთვის ბევრად უფრო იოლია, აგიხსნათ, თუ სად სუფევს ღმერთი. ის ყველგანაა, ყველა არსებაში, სამყაროს ყველა ტომში, რისი წყალობითაც ისინი არსებობენ, მაგრამ იმისთვის, რომ ის ვიხილოთ, როგორც კონკრეტული პიროვნება, თქვენ მკაცრი მოშურნეობითა და გულმოდგინებით უნდა მიჰყვეთ დაკანონებულ წესებს. აი, ამ პროცესის შემდეგ თქვენ იგრძნობთ მის მოწყალებას და მის სიძლიერეს.

* * *

საბჭოეთის დროა. არბევენ ეკლესიებს, გააქვთ ხატები, ყრიან მიწაზე. ხალხი მდუმარედ დგას.

– აბა, დაიყვირა კომისარმა და ხატს ფეხით დაუწყო თელვა, – რატომ არ დამსაჯა ღმერთმა?

– უკვე დაგსაჯა, უთხრა ერთმა, – ვერ ხედავ, გონება წაგართვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი