რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა ვუყო გარდაცვლილი მშობლებისგან დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისე ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცე?

პასუხი: ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, მიწაში დაფლათ ან შესაფერის, სუფთა ადგილზე დაწვათ, ამით მიცვალებულთა ხსოვნას არანაირი ზიანი არ მიადგება.

კითხვა: ახლობლებისგან მოყენებული წყენის დავიწყება ძალიან მიჭირს. ეს განცდა ტრავმას მაყენებს მეც და ჩემ გარშემო მყოფებსაც. რა მოვუხერხო თავს?

პასუხი: უფალს არ ესათნოება ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ადამიანი მრავალი ქრისტიანული სათნოებით შემკულიც რომ იყოს და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, ყოველივე მისგან ქმნილი ამაოა და უნაყოფო, ამიტომ მან გულიდან უნდა ამოიკვეთოს მტრობის ფესვები და ყველასთან დაამყაროს მშვიდობა, რის გარეშეც „ვერავინ იხილოს უფალი“.

კითხვა: როგორ უნდა შევიტყო საუკუნო ცხონების გზას სწორად ვადგავარ თუ არა?

პასუხი: ამ კითხვაზე ვერც ერთი მოკვდავი ვერ გიპასუხებთ დაბეჯითებით, ვიდრე მათი სულები არ გაეყრება სხეულებს. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია, ვიქონიოთ წარმოდგენა, ციური სასუფევლის გზას სწორად ვადგავართ თუ არა. ამქვეყნიური დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა მკასთან. ვინც აქ არ თესავს, იქ ვერ მოიმკის. ვინც აქ არ დაუდებს დასაბამს თავის ხსნაზე ზრუნვას და რწმენით თავად არ გაიკვალავს გზას, იქ ღვთის სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.

კითხვა: გვირჩევთ თუ არა ბიბლიის მიხედვით გადაღებული ფილმების ყურებას, რომლებსაც ტელევიზიები განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულებზე გვთავაზობენ.

პასუხი: მათი ცქერა არ გეკრძალებათ, მაგრამ უმეტესწილად ეს ფილმები გვაშორებს ბიბლიის სულთან, სჯობს, ბიბლიის განმარტებები იკითხოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმიდეთა მიცემა წამლობის მიზნით, მოუნათლავთათვის ან ურწმუნოთათვის?

პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ათეისტებისთვის სიწმიდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, გამართლებული არ არის.

კითხვა: რატომ უნდა უყვარდეს ქრისტიანს ცოდვილი ადამიანები?

პასუხი: დიახ, ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი ცოდვები. რადგან თუმცა ისინი ცოდვილები არიან, მაინც რჩებიან თქვენს მოყვასებად, მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და არავინ უწყის, ვინ აღმოჩნდება ციური სასუფევლის მიღმა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილი ადამიანები, როგორც ჩვენი ერთი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, იესო ქრისტეს სისხლით დახსნილნი, მაგრამ უნდა გვძულდეს მათი ცოდვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი