რელიგია

უფლის გზაზე

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.04

რელიგია
დაკოპირებულია

ერთ აფრიკელ მეფეს ახლო მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში ჩვეულებად ჰქონდა, ეთქვა: „ეს კარგია“. ერთხელ მეფე სანადიროდ იყო წასული თავის მეგობართან ერთად. ამ უკანასკნელმა, ჩვეულებისამებრ, დატენა თოფი მეფისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც არასწორად გააკეთა და როდესაც მეფემ იარაღი გამოართვა და ჩახმახი დაუშვა, შემთხვევით ტყვია ხელში მოირტყა და ცერა თითის გარეშე დარჩა. მეგობარმა კი თავისი ჩვეულებისამებრ წარმოთქვა: „ეს კარგია!“. რაზეც მეფემ უპასუხა: „არა, ეს კარგი არ არის!“ და მისი ციხეში ჩასვა ბრძანა.

ერთი წლის შემდეგ მეფე კვლავ ნადირობდა ჯუნგლებში. მოულოდნელად მას შეიარაღებული, ველური, კაციჭამია ტომი დაესხა თავს და ისიც და მისი ამალაც ტყვეობაში აღმოჩნდა. თავიანთ სოფელში ტყვეების მიყვანისთანავე, კანიბალებმა უამრავი შეშა მოზიდეს, მეფეს ხელები შეუკრეს და მსხვერპლად შესაწირად გაამზადეს, მაგრამ უცებ შენიშნეს, რომ მეფეს ხელზე ცერა თითი აკლდა. თავიანთი რწმენისამებრ, ისინი არ ჭამდნენ იმას, ვისაც რამე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა. მეფეს ხელები გაუხსნეს და გაუშვეს.

სახლში დაბრუნებულ მეფეს ის შემთხვევა გაახსენდა, ცერა თითი რომ დაკარგა და მეგობრის მიმართ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ის მაშინვე ციხისკენ გაეშურა და მეგობართან მივიდა. „მართალი იყავი, – უთხრა მან მეგობარს, – მართლაც კარგი აღმოჩნდა, რომ თითი დავკარგე“ და ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა. ბოლოს კი უთხრა: „ძალიან ვნანობ, რომ ციხეში ჩაგსვი, ეს ჩემი მხრიდან ცუდი საქციელი იყო“. „არა, – მიუგო მეგობარმა, – კარგი იყო?“ „აბა, რას ამბობ? რა არის კარგი იმაში, რომ ჩემი მეგობარი მთელი წლით ციხეში ჩავსვი?“ „მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, სანადიროდ შენთან ერთად წამოვიდოდი და ახლა უკვე შეჭმული ვიქნებოდი“, – მიუგო მეგობარმა.

* * *

ცხოვრობდა ერთი გლეხი, რომელიც ფიქრობდა, მას რომ თავად შეძლებოდა ამინდის მართვა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. „მოსავალიც უფრო მალე დამწიფდება, – ფიქრობდა ის, – და თავთავიც მეტ მარცვალს გამოიღებს“.

ღმერთმა გაიგონა მისი ფიქრები და უთხრა:

– რადგან შენ მიგაჩნია, რომ უკეთ იცი, როდის როგორი ამინდია საჭირო, თავად მართე ის მთელი ზაფხულის განმავლობაში!

გლეხს ძალიან გაუხარდა და მაშინვე მზიანი ამინდი ისურვა. როდესაც მიწა გამოშრა, მაშინ ისურვა, რომ ღამით წვიმა წამოსულიყო. მარცვალი ისე სწრაფად იზრდებოდა, როგორც არასდროს. ყველას უხაროდა, გლეხი კი ფიქრობდა: „შესანიშნავია, წელს ყველაფერი კარგია – ამინდიც და მოსავალიც. ასეთი თავთავები ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს“

შემოდგომაზე, როცა მინდვრები გაყვითლდა, გლეხი მოსავლის ასაღებად გაემართა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა აღმოაჩინა, რომ ყველა თავთვავი ფუყე იყო! და მან მხოლოდ თივის შეგროვება მოახერხა.

გლეხმა კვლავ ღმერთს შესჩივლა, რომ მოსავალი არაფრად ვარგოდა.

– მაგრამ, შენ ხომ, საკუთარი სურვილის მიხედვით, თავად გეგმავდი ამინდს?! – უპასუხა შემოქმედმა.

– მე რიგრიგობით ვგზავნიდი წვიმასა და მზეს, – თავი იმართლა გლეხმა, – ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. ვერ გამიგია, რატომაა თავთავი ცარიელი?

– ქარი დაგავიწყდა! ამიტომაც არაფერი გამოგივიდა. ქარი საჭიროა, რომ მცენარის მტვერი ერთი თავთავიდან მეორეზე გადაიტანოს. მაშინ მარცვალი განაყოფიერდება და საღ, მთელ თავთავს გამოიღებს, ამის გარეშე კი მოსავალი არ იქნება.

გლეხს შერცხვა და გაიფიქრა: „სჯობს, ღმერთმა მართოს ამინდი. ჩვენ „ჩვენი სიბრძნით“, ბუნებაში ყველაფერს ავურევთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი