რელიგია

უფლის გზაზე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.04

რელიგია
დაკოპირებულია

გარდაიცვალა მდიდარი, რომლის ცოდვების შესახებაც მთელმა ქვეყანამ უწყოდა. მას მდიდრული დაკრძალვა მოუწყვეს. დაკრძალვას ეპისკოპოსი და უამრავი სასულიერო პირი ესწრებოდა. მალე ერთ განდეგილს უდაბნოში თავს მხეცი დაესხა და დაგლიჯა. ერთი ბერი, რომელმაც მდიდრის პომპეზური დაკრძალვაც იხილა და მართლმორწმუნის სისხლიანი ნაფლეთებიც ნახა, შეძრწუნდა და ატირებულმა შეღაღადა: „ღმერთო! ეს როგორ, რატომ?! რისთვის უბოძე ცოდვილს კეთილი ცხოვრებაც და კეთილი სიკვდილიც, მართლმორწმუნეს კი – მწარე ცხოვრება და მწარე აღსასრული?“

მალე მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და განუმარტა: იმ მდიდარმა-ცოდვილმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი კეთილი საქმე ჩაიდინა, მართლმორწმუნე მეუდაბნოემ კი მხოლოდ ერთხელ შესცოდა. მდიდრული და საპატიო დაკრძალვით უფალს სურდა, ცოდვილი მდიდრისთვის მიეზღო მისი ერთადერთი კეთილი საქმისთვის და ეჩვენებინა, რომ მას მეტი არაფრის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა განდეგილის საზარელი სიკვდილით კი უფალს სურდა, აღეხოცა მისი ერთადერთი ცოდვა, რათა შემდეგ სრულად მიეზღო მისთვის ზეცაში.

იქონიე ეს მხედველობაში, როდესაც უფლის სამართალზე დაიწყებ მსჯელობას და მყარი სასოება დაიბეჭდე შენი შემოქმედისა. „ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის“.

* * *

ერთი ქალი უზომო მწუხარებას განიცდიდა იმის გამო, რომ მისი ყრმა ვაჟი სიკვდილის პირას იყო. ამის გამო ღმერთს საყვედურობდა და სთხოვდა შვილის გადარჩენას.

ჩაძინებულმა სიზმარი ნახა, რომ ის გამოჯანმრთელდა, გაიზარდა, გაძლიერდა, მიიღო ბრწყინვალე განათლება, ჰყავდა მეგობრები, საცოლე, რომელიც შემდგომ მისი ცოლი გახდა. მაგრამ მოულოდნელად ის დანაშაულებრივი სამყაროს მორევმა ჩაითრია და მძიმე დანაშაულებს სჩადიოდა. უამრავი ცოდვა დაუგროვდა, საზღაური გარდაუვალი იყო. ყოველივე ამის მხილველმა უბედურმა დედამ დაიყვირა: „უფალო, შეაჩერე!“ – და მომაკვდავი ბავშვის სასთუმალთან გაეღვიძა.

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალს ყოველი ჩვენგანი მშობელ დედაზე მეტად უყვარს და თუ ღმერთი განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების დღეთა შემცირებას, ამას მისივე სასიკეთოდ აკეთებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოუვარდება ადამიანს თავიდან ზეციურ მეუფის ნების გარეშე. ჩვენი სირთულეები, განცდები და თავად სიკვდილიც კი, თუნდაც ნაადრევიც (როგორც ჩვენ გვგონია), უფლის ხელთაა. უფალი ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას, შეამოკლოს ვინმეს ცხოვრება იმ განზრახვით, რომ თავიანთი ახლობლების სიკვდილის შემხედვარე, სხვები გონს მოეგებიან.

მფარველი ანგელოზი, წმინდანი, რომლის სახელსაც ადამიანი ატარებს და თავად უფალი, გულმოწყალედ გვადევნებენ თვალყურს იმ იმედით, რომ ჩვენ შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს. უფლის სულგრძელობას მონანიებისკენ მივყავართ. უფალი ადამიანს გაფრთხილებას უგზავნის მისი არასწორი ცხოვრების შესახებ სხვადასხვა სასჯელის სახით, იქნება ეს: სიძნელეები, რთული გარემოცვა, თავად ადამიანისა თუ მისი ახლობლების ავადმყოფობა. ცხოვრების ამ სირთულეებმა ადამიანი უნდა დააფიქროს, სწორად ცხოვრობს თუ არა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რომ თავად უფალი აკაკუნებს გულის კარზე და ვერ აცნობიერებენ, თუ რა ხდება მათ თავს, კვლავ ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას და მერე დრტვინავენ ღმერთზე მისი „შეუბრალებლობის“ გამო.

და აი, უფალი ამოკლებს ადამიანების ცხოვრებას, რათა ერთმანეთის სიკვდილის ნახვით ისინი საკუთარ სიკვდილსა და ცხოვრების საზრისზე დაფიქრდნენ. თუმცა ხალხი ხშირად ვერც ამ გაკვეთილს აღიქვამს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი