რელიგია

რატომ აწესებს ეკლესია მარხვას და როგორ უნდა გაამთლიანო საკუთარ თავში მთელი კაცობრიობა

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რატომ არის მარხვა ქრიასტიანისთვის აუცილებელი, თუმცა მაინც არასაკმარისი იმის მისაღწევად, რასაც ყველა მორწმუნე ელის, ანუ განღმრთობას, ესე იგი, აღდგომის სიხარულს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა კავშირია შფოთს, ზრუნვასა და მარხვას შორის? თუმცა შემინიშნავს, რომ ზოგჯერ მარხვაც ერთგვარი შფოთის საგანია ხოლმე.

– სამოთხეს ადამიანი დაშორებულია შფოთის ხარისხით და არა იმით, რომ რაღაც აკლია. როდესაც ყოფნაში მოხვალ და საძირკველი გექნება: უკვე ვარ! ცოცხალი ვარ! აი, ეს სიცოცხლეა ბუნებრივი მდგომარეობა და აქვეა. სიკვდილი შიშმა გამოიწვია, ამიტომ ტყუილია. შიშით დაგროვება დავიწყეთ და ყველასგან იზოლირება, რომ როგორმე სიკვდილს გავექცეთ და ამასობაში ისიც გვეკარგება, რაც გვაქვს. გამოდით ამ ბუნაგიდან, დავდგეთ სამყაროს ცენტრში, ზრუნვა და შფოთი მოვიშოროთ – აი, ამისთვის აწესებს ეკლესია მარხვას. რა არის მარხვა?! რაც ყლაპე, იმის ჩამოშორება. ექიმი რატომ უნიშნავს ხოლმე პაციენტს დიეტას? ბევრი ისეთი რამ მიირთვა, რაც არ უნდა მიერთვა; არასწორად მიირთვა; რამაც შეაშფოთა ორგანიზმი, დააუძლურა და რაც არასწორად გააკეთა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ არ მოკვდეს, ექიმი შეზღუდვებს აწესებს: ეს არ ჭამო, ეს ასე და ამდენი ჭამე. თუ ამას არ დაიცავ, მაშინ მოგკლავს ის შეშფოთება, რაც სხეულშია. მარხვა სულიერი დიეტაა და განა მარტო ის, რომ, მაგალითად, არ ჭამო არასამარხვო მაიონეზი და არასამარხვო ნამცხვარი – ეს ნული კლასია. ყურით იმარხულეო, გეუბნება. კარგი კერძი რომ გამოგივიდეს, ყველაფერს ყრი ქვაბში?! არა. მეტიც, პროპორციებს იცავ. ჩამოიღებ შემოსასვლელ კარს, რომ ყველას შეეძლოს შემოსვლა?! მაგრამ, მეორე მხრივ, თუ საერთოდ ამოქოლავ კარსა და ფანჯარას, ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. ამიტომ უნდა განვსაზღვრო, ვის გავუღო კარი და ვის დავუკეტო. ამას შენ აკონტროლებ. მარხვა თავის შენახვას ნიშნავს და რატომ დამჭირდა ეს?! იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩემი სხეული ზედმეტად მივუშვი: შევიგინე, ვიღაცის შემშურდა, ვიღაც განვიკითხე, გავბრაზდი, ანუ უამრავი მტვერი დამიგროვდა. ამან გადამიფარა სინათლე, მადლი და ცხოვრება დამიმძიმდა. და ეს არ არის ცხოვრების ბრალი. მე თავად დავიმძიმე ის. ამიტომ ამბობს ქრისტე, თუ თვალი შენი ბნელია, ბოროტია, მთელი შენი გვამი ბოროტიაო. რადგან დამტვერილი ტვინიდან, დამტვერილი ცნობიერებიდან ვიყურები და, შესაბამისად, გარემოც, ცხოვრებაც, ბნელი მგონია.

აბა, გავიხსენოთ, ვიღაცაზე რომ ვბრაზობთ, ვიღაც რომ გვძულს, რას ჰგავს ის ადამიანი იმ მომენტში ჩვენთვის?! ახლოს რომ იყოს, დავახრჩობდით. ასეთ დროს აღრენილი ძაღლივით ხარ და ჯოხს ეტაკები, იმის ნაცვლად, მიხვდე, თუ რატომ გირტყამენ. როდესაც პრობლემები გვაქვს, ძაღლებივით ჯოხს ვკბენთ. არადა, ჯოხი კი არ არის მტერი – არამედ ღმერთი გვცდის. ამიტომ ნუ იღრინები, გაჩერდი, დაფიქრდი, მიუხვდი და მეორეჯერ აღარ მოგხვდება ის „ჯოხი“. ჩვენ კი, პირიქით, ვბრაზობთ ხოლმე.

აი, რას აკეთებს მარხვა: რაც ჩვენ დავარღვიეთ, ის სტატუს-კვო რომ აღვიდგინოთ, საკუთარი თავი განსაკუთრებულ ყაზარმულ რეჟიმზე გადაგვყავს. მობილიზაციაა გამოცხადებული და ყველანი უნდა გამოვცხადდეთ. ოღონდ ის ჯარი გარეთ კი არ არის, შენი ჯარია და შენ გაფანტე. უამრავი შიშით შექმნილი, დაშლილი, დაფანტული სხეული გვაქვს, არ გვემორჩილება და ამიტომ მე ჩემი სხეული უნდა შემოვკრიბო. ყველას უნდა დავუძახო და მწყობრში მოვიყვანო. მწყობრში მოსვლაა მარხვის მიზანი და როდესაც მწყობრში მოხვალ, ეს არის შენი აღდგომა და არა ის, რომ 40 დღის განმავლობაში იძახო, ქრისტე აღდგაო და წითელი კვერცხები ურახუნო. ეს შენ ხარ დაშლილი. ქრისტეს აღდგენა შენი პროექტია: მაცხოვარმა დაშლილი კაცობრიობა აღადგინა. ადამი ხომ ერთი იყო?! მაგრამ მარტივ მამრავლებად დაიშალა. ერთი ადამის სარკის ნამსხვრევია ყველა ადამიანი, რომლებსაც ქრისტე, როგორც ახალი ადამი, თავის თავში კრებს და აღადგენს, ანუ ამთლიანებს. გამთლიანდა კაცობრიობა. ჩვენ კი იმიტომ ვწვალობთ, რომ ნაწილები ვართ. თითოეული ჩვენგანი ჩემი ნატეხია, სანამ სიყვარულით არ გავმთლიანდები ყველასთან, დაშლილი ვარ და ვწვალობ. „განწვალვა“ ძველქართული სიტყვაა და ტანჯვას ნიშნავს. რა უნდა გავაკეთო, რომ აღარ ვიტანჯო?! სიყვარულით უნდა გავმთლიანდე, ისე, როგორც ქრისტეში, პროექტში, დაშლილი ადამი გამთლიანდა ერთ სხეულად. იგივე რომ მეც შევძლო, უპირველესად, უნდა ვაღიარო ჩემი დაშლილი მდგომარეობა და აი, ესაა მონანიება, გონს მოსვლა. შემდეგ უკვე, როდესაც გავჩერდები – ჩემი ტვინით ხელოვნურად შექმნილი მტვერი, აღგზნებული მდგომარეობა დაცხრება, ყველა ადამიანში ჩემს თავს დავინახავ, როგორც სარკეში და ამის შემდეგ სიყვარული უკვე ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა როგორ ვართ?! ყველა ადამიანში დაინახოთ კი არადა, ოჯახის წევრი გვინდა, გავბდღვნათ, იმ ზომამდე ვართ მისული. ოღონდ ეს შენი ბრალი არ არის. შენი ბუნება ასეთი არ არის, შენ ისევ უფლისწული ხარ, შენ ისევ მეფე ხარ, შენ ისევ დედოფალი ხარ, შენ ღმერთი ისევ ისე გხედავს, როგორიც შეგქმნა. ოქრო, რაც უნდა ტალახში ჩავარდეს, მაინც ოქროა და ასე ხარ შენც. ერთადერთს უნდა მიხვდე: ჩამოიბერტყო მტვერი. გატყუებს ტვინი, ამისთვის კი უნდა შეჩერდე. თუ ბევრს მოძრაობ მდინარეში, იმღვრევა და ვერაფერს ხედავ, მაგრამ, რომ გაჩერდები, ლექი დაჯდება და მკაფიოდ ხედავ ყველაფერს. ტვინებით ავამღვრიეთ ცხოვრება და ერთმანეთს უკვე დამახინჯებულად ვხედავთ, ყველა ბაყაყი გვგონია, ყველა გველი გვგონია, არადა კალმახები დაცურავენ... გადაფარულები ვართ და ვიბრძვით, მაშინ, როდესაც ამ დროს უნდა გაჩერდე და რომ გაჩერდები, ჩამოიღვენთება შენი ტვინის მიერ შესხმული მელანი, ლექი ჩამოირეცხება და ყველას თავდაპირველ ბუნებას დაინახავ. ყველა ადამიანშია სინათლე, ყველა ადამიანი ღვთის ხატებაა, მოუკლებლადაა სამოთხე ყველგან, უბრალოდ, ჩენჩო ფარავს და ვერ ხედავ. თუ არ შეჩერდები და განაგრძობ შფოთსა და ზრუნვას, ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ გარსებს დაინახავ.

ქალაქელი ბავშვი რომ საჩხერის ტყეში წიყვანო, წაბლს არც მიეკარება, რადგან მან არ იცის, როგორია გაუფცქვნელი წაბლი, მაგრამ საჩხერელ ბიჭს გაეცინება. ქვას აიღებს, გაუჩეჩქვავს გარსს და გამოუღებს გულს. აი, ასეთი გარსებით ვართ ჩვენც გადაფარული და იცი, ეს გარსი საიდანაა?! შენს აღქმაშია, შენი შიშები ხედავს ასე. ამიტომ შეჩერდი! უნდა გაიაზრო შენი დამტვერილი მდგომარეობა და როცა გაიაზრებ, არათუ მეტს აღარ დაამატებ, პირიქით, გარსი გასუფთავდება, ერთგვარი დეზინფექცია ხდება და სუფთა თვალით გამოიხედავ; იტყვი, ხელახლა დავიბადეო! არც კი ვიცით, რა ლამაზია ცხოვრება. გადავეჩვიეთ, იმიტომ რომ დამტვერილი ცნობიერებით ვიბადებით: ტრადიცია, რელიგიის შლეიფი, განათლება, ეპოქა თავდაპირველ ხედვას გვავიწყებს. მცენარეზე ამბობენ ხოლმე, გადაჯიშდა, ის გემო აღარ აქვსო... ადამის თესლიც გადაჯიშდა თითქოს, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია – იესოა ნამდვილი. თუ მას გულში რწმენით შევხედავთ, ამოიზრდება და დავინახავთ, რომ სამყარო ყოველთვის ერთიანი ყოფილა, უბრალოდ, მე ეს არ ვიცოდი და აი, ესაა გონს მოსვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი