რელიგია

უფლის გზაზე

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.03

რელიგია
დაკოპირებულია

ერთ მორწმუნე კაცს ურწმუნო ვაჟი ჰყავდა. მამა ძლიერ განიცდიდა, მაგრამ ყმაწვილს რელიგიური გრძნობა ვერაფრით გაუღვივა. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრნძო, სარეცელთან შვილი იხმო და უთხრა:

– ერთი თხოვნა შემისრულე.

– რა თხოვნა, მამაჩემო?

– როდესაც მოვკვდები, ორმოცი დღის განმავლობაში ყოველდღე შემოდი ამ ოთახში თხუთმეტი წუთით.

– და რა გავაკეთო?

– არაფერი, უბრალოდ, შემოდი და სკამზე დაჯექი, ყოველდღე, არაუმეტეს თხუთმეტი წუთისა.

ვაჟმა მამა დაკრძალა და ზუსტად შეასრულა მისი თხოვნა: ყოველდღე შედიოდა მამის ოთახში და თხუთმეტი წუთის განმავლობაში იქ იჯდა. ასე გავიდა ორმოცი დღე, რის შემდეგაც ყმაწვილი ეკლესიაში მივიდა და ღრმად მორწმუნე გახდა.

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გააცნობიერა მან, თუ რაოდენ ბრძნული იყო მამის ანდერძი. მამა მიხვდა, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების ძალიან სწრაფი რიტმი აქვთ, ამაოებაში ჩაფლულთ მარადიულზე ფიქრის დრო აღარ რჩებათ – ცხოვრების არსზე, საკუთარ სულზე, უკვდავებაზე, ღმერთზე, მაგრამ საკმარისია, გაჩერდნენ, ცოტა დრო დაყონ სიმყუდროვეში და უმალ გაიგონებენ გულის კარზე უფლის კაკუნს.

* * *

ერთი კაცი ბერთან მივიდა და უთხრა:

– ღმერთისკენ სავალი გზა მინდა, ვიპოვო, დამეხმარე!

ბერმა ყურადღებით შეხედა და ჰკითხა:

– ჯერ მითხარი, ცხოვრებაში ვინმე გყვარებია?

სტუმარმა უპასუხა:

– მე არ მაინტერესებს საერო საქმეები, სიყვარული და სხვა. მე ღმერთთან მისვლა მინდა!

– კიდევ დაფიქრდი, გეთაყვა, გყვარებია შენს ცხოვრებაში ქალი, ბავშვი ან, საერთოდ, ვინმე?

– ხომ გითხარი, უბრალო ერისკაცი არა ვარ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთის შეცნობა სურს. დანარჩენი არაფერი მაინტერესებს.

ბერს თვალები წუხილით აევსო და ასე მიუგო:

– მაშინ ეს შეუძლებელია, თავიდან უნდა იცოდე, თუ როგორია, ნამდვილად გიყვარდეს ვინმე. ეს იქნება პირველი საფეხური ღმერთისკენ. შენ მეკითხები ბოლო საფეხურის შესახებ, თვითონ კი ჯერ პირველ საფეხურზეც არ შეგიდგამს ფეხი.

* * *

ერთი კაცი საპარიკმახეროში შევიდა წვერის გასაპარსად და თმის შესაკრეჭად. მომსახურებისას დალაქმა საუბარი გაუბა. სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობდნენ. უცებ საუბარი ღმერთს შეეხო. დალაქმა თქვა:

– რაც არ უნდა მითხრათ, მაინც არ მჯერა ღმერთის არსებობის.

– რატომ? – ჰკითხა კლიენტმა.

– ეს ხომ აშკარაა. საკმარისია, ქუჩაში გახვიდე, მაშინვე დარწმუნდები ღმერთის არარსებობაში. აბა, მითხარით, ღმერთი რომ არსებობდეს, ამდენი ავადმყოფი იქნებოდა? ამდენი უპატრონო ბავშვი? ის რომ ნამდვილად არსებობდეს, არ იქნებოდა არც ტანჯვა, არც ტკივილი. ძნელია, წარმოიდგინო მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც ყოველივე ამას უშვებს.

მოსაუბრე ჩაფიქრდა, თუმცა არაფერი უთქვამს. მერე როდესაც გარეთ გამოვიდა, ქუჩაში მრავალი წვერგაუპარსავი და თმამოშვებული ადამიანი დაინახა. კლიენტი მაშინვე უკან შებრუნდა და დალაქს უთხრა:

– იცით, რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

– ეს როგორ? – გაუკვირდა დალაქს – მე რა, ანგარიშში ჩასაგდები არა ვარ? მე ხომ დალაქი ვარ.

– არა? – შესძახა კლიენტმა, – ისინი არ არსებობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამდენი წვერგაუპარსავი და თმამოშვებული ადამიანი, აგერ, როგორც ეს კაცი, რომელმაც ისე ჩაგიარათ, რომ არც კი შეუმჩნევიხართ.

– ჩემო კეთილო, საქმე საპარიკმახეროსა და დალაქში კი არ არის, უბრალოდ, თვითონ არ უნდათ შემოსვლა და გაპარსვა.

– სწორედ მაგაშია საქმე! – დაუდასტურა კლიენტმა, – მეც მაგას გეუბნებით: ღმერთი არსებობს, მაგრამ ხალხი არ ეძებს და არ მიდის მასთან. ამიტომაც არის ამქვეყნად ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი