რელიგია

უფლის გზაზე

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.02, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ახალგაზრდა ასაკში ღვთის სიყვარულში ჯერ კიდევ განუმტკიცებელი ქრისტიანი ხორციელი ვნებებითაა გატაცებული, ღვთისგან დაშორებულ სამყაროში, სულსა და სხეულს ბღალავს ახალგაზრდული ცოდვებით: სიტყვით, მზერით, ბილწი ზრახვებით, ამბორით, ზოგჯერ კი დაცემამდეც მიდის.

ბავშვობიდან რომ დაგვემარხა სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, მაშინ ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენსა და ღმერთს შორის დაბრკოლება აღარ გახდებოდა; ზნეობრივად სუფთა და ღვთის ერთგული ვიქნებოდით მარად, ქორწინებაშიც კი.

მთელი უბედურება ისაა, რომ თავს თავად ვინაწევრებთ: ვცდილობთ, მარჯვენა ხელით ზეცას მოვებღაუჭოთ, მარცხენათი კი მყარად ვეჭიდებით მიწას, მასთან განშორება არაფრით გვინდა... ხელების გუთანზე მოკიდებისთანავე შიში გვიპყრობს ხვნის თვალშეუდგამობით. შრომა გვაშინებს! სინამდვილეში კი... როგორი შრომა?

თუ ხვნისთვის ძალა მცირეა და დრო შემოსაზღვრული აქვს, მიწის დიდი ფართობი შეაშინებს, მაგრამ ჩვენ რაღა გვაშინებს? არც კოჟრები გაგვიჩნდება, არც ოფლი დაგვედინება, არც სხეულში ტკივილი და დაღლილობა გვემუქრება... როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი გვაშინებს: მიჯაჭვულობა ცოდვაზე – საკუთარ ვნებაზე და მისი დაკარგვის შიში. არ გვეთმობა განშორება ჩვენს რქიან საშინელებასთან – ეგოიზმთან, რომელიც საკუთარ თავში თავად ვშვით ახლობლებისა და ნათესავების მეშვეობით, რომლებიც მთელი ცხოვრება გვინანავებდნენ, გვიფრთხილდებოდნენ და ზრუნავდნენ მასზე, რამეთუ დაუდევარი მაყურებლის თვალში ის ჩვენს „მე“-ს ზეცამდე ამაღლებს.

საბრალო ადამიანები (მათ შორის მე პირველი ვარ!) დაჟინებით და ჯიუტად არ გვსურს ვიცოდეთ, როგორ უფსკრულში გვიბიძგებს ჩვენი „მე“ და რა საშინელ ტანჯვას გვიმზადებს ის მარადიულობაში! სად გაქრა ღვთის შიში?

მართალია, ჩვენ შორის არიან ისეთნიც, რომლებმაც იციან და მთელი სიმძაფრითაც გაიაზრებენ, რომ ჩვენი „მე“ (ეგოიზმი) ძალზე საშიში მტერია, თუმცა კი მზაკვრულად თავს მეგობრად ასაღებს. ისინი მოხარულნი იქნებიან, თუ მისგან გათავისუფლდებოდნენ, მაგრამ როგორ? მათი გაგებით, ეს თვითგანადგურების ტოლფასია.

ისინი ფიქრობენ: „რას ნიშნავს თვითუარყოფა?.. ეს ნიშნავს, არ გქონდეს პირადი ცხოვრება. რატომ უნდა ვიცხოვრო პეტრესა და დარიასათვის, მეხუთე-მეათისთვის? ვინ იცხოვრებს ჩემთვის? ხომ შეიძლება, უკიდურეს სიღატაკემდე დავეშვა და დროზე ადრე მოვკვდე?“

– სად არის ჩვენი რწმენა ღვთაებრივი ჩანაფიქრისადმი? კარგი იქნებოდა შეკითხვა, – ნუთუ უფალი ჩიტებსა და ცხოველებზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე ადამიანებზე? ნუთუ ისინი ჩვენზე მეტად უყვარს?

ხედავთ, რა გამოდის... არც რწმენა გვაქვს, არც იმედი, არც ღვთის შიში, არც სიყვარული; ამიტომაც გვიწევს სულიერი ცხოვრების ქვემოდან დაწყება... რა სასურველი იქნებოდა, ქვემოთ არასოდეს დავშვებულიყავით! შეგვეწიე, უფალო!

რისთვის წამოვიწყე საუბარი ლოცვაში კადნიერებაზე, ღვთის შიშსა და იმედზე? ჯერ ერთი, იმისთვის, რომ შენთვის შთამენერგა ეს მადლიანი გრძნობები, რამეთუ მათი მეშვეობით ქრისტესმიერი სიყვარული მოიპოვება; მეორეც, იმიტომ, რომ მოყვასის ღვთისადმი სიყვარული ჩაუნერგო და ისე განუმტკიცო, რომ შემდგომში მათ საკუთარი ცხონების საქმის „ქვემოდან“ დაწყება არ მოუწიოთ. ეს გზა ძალზე გრძელი და ეკლიანია... უმჯობესია, ბავშვობიდან მკაცრად მივადევნოთ თვალ-ყური, რათა გულში არ ამოიზარდოს და ფესვი არ გაიდგას სარეველამ, რომელიც ესოდენ ნაყოფიერია და რომელთანაც სასტიკი ბრძოლაა საჭირო, განსაკუთრებით თვითშეფასებასთან, რომელსაც პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებასთან, შესაბამისად კი – დაღუპვასთან მივყავართ. გვიხსენი, უფალო!

სქემიღუმენი საბა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი