უფალი ჩვენთანაა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.03

მამის გარდაცვალებამდე რაღაც ხნით ადრე, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა მძიმე მდგომარეობა მისი და ისიც, რომ მამა დიდხანს ვეღარ შეძლებდა სიცოცხლეს, დედაჩემმა მოიწადინა ჩვენი საცხოვრებელი ბინისთვის მცირე რემონტი გაგვეკეთებინა. მე ამისი არც განწყობა მქონდა და არც ხალისი, მაგრამ ვხვდებოდი, რა ამის აუცილებლობას, დედაჩემს უარი ვერ ვუთხარი. მიმძიმდა ამ საქმის დაწყება, მაგრამ ღვთის შეწევნასაც ვგრძნობდით – კარგი ხელოსნები გამოგვიჩინა, რომლებიც შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და საქმეს მონდომებით შევუდექით.
რა საშინელება ყოფილა ბინის რემონტი, ეს მე უკვე ვიცი. შენს ოჯახში ლამის უცხო და ლტოლვილი ხდები, როცა ვეღარ გიპოვია სიმყუდროვე და მშვიდი სამყოფელი. მიჭირდა ამის დათმენა, მაგრამ რა უნდა მექნა, ყველაფერს გაგებით ვითმენდი, ის მცირეოდენი სიმშვიდე და უშფოთველობაც დავკარგე, რასაც აქამდე ვფლობდი. უცხო ადამიანების ჩვენთან ტრიალი დიდ უხერხულობას მიქმნიდა, ლოცვასაც ვეღარ ვახერხებდი. ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ყველაფერი და ჩვეულ სიმშვიდესა და უშფოთველობას დავუბრუნდებოდი. მაშინ საოცრად შევიგრძენი სიმყუდროვის ფასი, ასე ყოფილა თურმე, სიკეთეს მაშინ უფრო აფასებ, როცა ის მოგაკლდება.
რამდენიმე კვირას გასტანა სამუშაოებმა და ჩვენ ასეთ აყრილ და აწეწილ ყოფნას თანდათან თითქოს შევეგუეთ. უცხო ადამიანების ჩვენთან სიახლოვესაც ისე ძალიან აღარ განვიცდიდი. თურმე, ყველაფერს ეჩვევა კაცი. ხელოსნები თავიანთი საქმით კი იყვნენ გართულნი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებასაც, თურმე, გულდასმით აკვირდებოდნენ. მათ იცოდნენ მამაჩემის მძიმე მდგომარეობის შესახებ და ისიც, თუ ბინის მოწესრიგებას რატომ ვეშურებოდით და მათგან რაღაც მორიდებასა და მოკრძალებას ჩვენც ვგრძნობდით.
როგორც იქნა, დასრულდა ყველაფერი, მათი ნახელავით ჩვენ, ყველანი კმაყოფილები ვიყავით. მახსოვს, ერთ დღეს, სამუშაოებისთვის დათქმული თანხა დედას უნდა გადაეცა მათთვის. ხელოსანთაგან უპირატესი, უფროსი კაცი ამისთვის იყო მოსული. ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ გაწეული შრომისთვის და ვუსურვეთ წარმატება საქმიანობაში. ამ უფროსმა ხელოსანმა, რომელიც სხვებისგან ცოდნითა და ღირსებით გამოირჩეოდა, მოითხოვა სასმელი, რათა ოჯახის წევრები დაველოცეთ. ასეც მოიქცა და მისგან მოვისმინეთ ჩვენი ოჯახის მისამართით თქმული ისეთი თბილი და ამაღელვებელი სიტყვები, რომ იგი სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში.
მან მადლობა გადაგვიხადა ჩვენთან გატარებული დღეებისთვის და იმ სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც იგი ჩვენგან გრძნობდა. ბოლოს კი დასძინა შემდეგი: „მე არ მინდოდა, ისე წავსულიყავი, რომ თქვენთვის არ მეთქვა ის, რასაც გრძნობს ჩემი გული. მე ბევრ კარგ ოჯახში ვარ ნამყოფი, ბევრისთვის გამიკეთებია რემონტი, ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში და დღესაც მაქვს მათთან ურთიერთობა, მაგრამ რაღაც სხვა სიკეთე ვიპოვე თქვენთან, თქვენს ოჯახში. აქ რაღაც სხვანაირ სიალალესა და სისუფთავეს გრძნობდა ჩემი გული. აქ სხვანაირი ადამიანობაა შემონახული. ამიტომ მინდა, თქვენი ოჯახიდან აღებული ფული მოვახმარო მხოლოდ კეთილ საქმეებს და ნაწილი კი შემოვინახო, როგორც ბარაქა და წყალობა ჩემი ოჯახისთვის. დალოცვილები იყავით, ღმერთმა ეს გამშვენებული ბინა სიკეთეში მოგახმაროთ“.
გაოგნებული ვუსმენდით უფროს ადამიანს მე და დედაჩემი და ორივეს თვალზე ცრემლი მოგვადგა. მე მისი ნათქვამი, როგორღაც, კი გადმოვეცი, მაგრამ თვითონ ის როგორ სათუთად გამოთქვამდა ამას ან რას განიცდიდა იმ დროს, ამის აღწერა არ ძალმიძს. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ იმ უფროსი კაცის სახით, ჩვენს ოჯახში უფალი ილოცებოდა. მგონი, იმავეს გრძნობდა დედაჩემიც. ორივენი გაკვირვებულნი და გაოცებულნი მივჩერებოდით უცხო მოკეთეს და ვხარობდით. ამის შემდეგ ის თბილად გამოგვემშვიდობა და წავიდა თავისი გზით. ჩვენ კი დაგვიტოვა უკეთესობის იმედი, რასაც აქამდე ვიყავით მოკლებულნი. ახლა უკვე ისე აღარ მაშინებდა მამაჩემის მძიმე მდგომარეობა და მოსალოდნელი სიმძიმენი, ახლა მეტი იმედი და რწმენა უკეთესობისა შემოვიდა ჩვენში.
მას მერე სულ მახსენდებოდა იმ კაცის სიტყვები და გული მითბებოდა უცხო სიხარულით. სულ უფრო მიმტკიცდებოდა რწმენა იმისა, რომ იმ დღეს თავად უფალი ილოცებოდა ჩვენში, მან გაგვამხნევა და შეგვამზადა იმისთვის, რაც ღვთის განგებით მომავალში უნდა მომხდარიყო. და მე ვირწმუნე მტკიცედ, რომ ჩვენ არ ვიყავით მარტონი გასაჭირში, რომ უფალი ჩვენთან იყო მოუკლებლივ, რომ ყველა სიმძიმე და განსაცდელი მისგან იყო დაშვებული და თავადვე გვეხმარებოდა იმათ დათმენასა და გადატანაში. დაილოცოს განგება ღვთისა, იგი ჭეშმარიტი მამა და პატრონია ჩვენი.
მიტროპოლიტი ზოსიმე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან