რელიგია

როგორ იმრავლებს ადამიანი განსაცდელებს ტრაგედიების სტიქიის ან სხვა ადამიანებზე გადაბრალებით

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.08

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველა ტრაგედიის მიზანი ადამიანის, ადამიანების გონს მოყვანაა, რომ დავფიქრდეთ, სად დავუშვით შეცდომა, მაგრამ, როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე: ყოველი ტრაგედიის შემდეგ ადამიანები უფრო და უფრო შფოთავენ და უფრო და უფრო მეტ სიძულვილსა და ბოღმას ანთხევენ არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და ახალ-ახალი დარტყმების წინაპირობას ქმნის, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ტელევიზიებით, სოციალური ქსელებით ჩანს, რომ იმ მძიმე დარტყმამაც კი, რაც რაჭაში მოხდა, ვერ გააფაქიზა ადამიანების გულები და ვერ დაადუმა მწარე ენები. რა ეშველება ადამიანს, რომელიც ვერაფერს ხვდება უბედურების შემდეგაც კი?

– ქრისტე ამბობს, ღერი თმა არ დავარდება თქვენი თავიდან, ჩიტი არ ჩამოვარდება მამაჩემის ნების გარეშეო და ეს მიუთითებს, რომ, რაც ჩვენ უაზრო და უსამართლო გვგონია, ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება, რაც არ ნიშნავს, რომ ღმერთს ეს მოსწონს. უბრალოდ, ღმერთის დაშვებაა, რომ მივხვდეთ, გამოვასწოროთ და არამც და არამც არ უნდა ჩავცვივდეთ უფრო მეტ აგრესიაში. წუთისოფელი ნაწილობრივი დაჩრდილვის მდგომარეობაა და სწორედ ეს დაჩრდილვა წარმოშობს ჩვენში უამრავ აზრს, ფიქრს, დამოკიდებულებას. უამრავ კონცეფციას ქმნის ადამიანი, ზოგი ღმერთს ამტყუნებს, ზოგი – მთავრობას, ზოგი – სხვა ადამიანებს და ვართ ამ წეწვა-გლეჯაში. ეს წუთისოფელი კი მანამ გაგრძელდება, სანამ გონს არ მოვალთ, ანუ ამ კოშმარიდან არ გავიღვიძებთ. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ის რეალობაა, რომელსაც ჩვენვე ვქმნით, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა, რომ სწორედ ჩვენ ვქმნით მას. ამდენად, უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ ტრაგედია ღმერთის შურისძიებაა. რაც დაგვემართა, რადგან რწმენიდან ამოვდივართ, ღმერთის დაშვებაა. ქვევმოდან რომ შეხედავ, ეს გეოლოგიური პროცესია ან მეორე მხრივ, ვიღაცაა დამნაშავე, მაგრამ ღმერთის ნების გარეშე ღერი თმა არ ჩამოვარდება! შესაბამისად, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, გარინდება უფრო გვმართებს, იმიტომ რომ ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა ამოვხსნათ, ის ითხოვს მიყურადებას. გავიმეორებ, განსაცდელები – ეს არის დახმარება ჩვენ წინააღმდეგ. დახმარება – ვინაიდან ამის მეშვეობით რაღაცას უნდა მივხვდეთ და არ უნდა გავბოროტდეთ, არც ვინმე არ უნდა გავამტყუნოთ. ბუნებრივია, გამოიძიებენ, ვინ რა დააშავა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ამას არ ვეხებით. მე ვლაპარაკობ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს მორწმუნე ერი. ჯერ ერთი, ეს ხდება არა რაჭაში და არა კონკრეტული ადამიანების თავს, არამედ ეს ხდება საქართველოში, გულში და უფრო ფართო მასშტაბით – მთელ სამყაროში. სამძიმრებს რომ ვიღებთ დიდი სახელმწიფოებისგან, რომის პაპისგან, თუნდაც, ეს ჟესტი იყოს ან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ნორმა, ნიშნავს, რომ, რაც ჩვენ დაგვემართა, მათაც დაემართათ. ეს მათთვისაც გაკვეთილია. მათთვისაც სიგნალია, რომ მათ თავსაც იგივე ტრიალებს. ეს არის სიმპტომები, ნიშნები, რომ სამყარო რაღაც წერტილამდე მივიდა და გონს მოვყავართ. ეს არ არის ბედისწერის თვითნებობის შედეგი, არამედ მინიშნებაა, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ. გვჯერა თუ არა, ადამიანს მიეცა ეს წუთისოფელი და დედამიწაზე რაც ხდება, ჩვენ გვიკავშირდება. შეიძლება, ლოგიკურად ადამიანს გაუჭირდეს იმის დაჯერება, თუ როგორ შეიძლება, მის ცხოვრებას უკავშირდებოდეს მიწისძვრა, რომელიც ქანების მოძრაობაზეა დამოკიდებული. ნახე, როგორ იმართლებენ თავს? ოპოზიცია მთავრობას ამტყუნებს, მთავრობა თავს იმართლებს, ანუ პრობლემა გარეთ გავიტანეთ და ვაბრალებთ გეოლოგიურ პროცესებს, სხვებს, რომ საკუთარი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. სინამდვილეში, სანამ ადამიანი არ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის უბრალოდ ბიოსოციალური არსება კი არ არის, არამედ თანამონაწილეა იმის, რაც ამ წუთისოფელში ხდება: სტიქიით დაწყებული და ომით დამთავრებული და ეს გაგრძელდება. თუ სხვანაირადაა საქმე, მაშინ ადამიანი არაფერია. სახარება, ბიბლია და თუნდაც, დღევანდელი კვანტური ფიზიკა გეუბნება, რომ ეს დედამიწა ერთი სიცოცხლეა. დედამიწაც ცოცხალია და ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სამეფოდ ჩაებარა, რომ ემართა და აქ ყოფილიყო სიმშვიდე და ჰარმონია. ადამიანში არის ისეთი სულიერი ძალები, რომლებიც ზემოქმედებს დედამიწაზეც. ამას მეცნიერულად ვერაფრით დაამტკიცებ, ვიღაცამ შეიძლება, ირონიულადაც დაგცინოს. არადა ზუსტად ასეა. ჩვენ დედამიწიდან ამოვიზარდეთ – მიწიერი სხეული გვაქვს, გონი, რომელიც ღვთისგან გვებოძა, შესაბამისად, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა ადამიანმა უნდა აიღოს. ხოლო, თუ სტიქიური უბედურებები ღმერთის ძალის გარეშე მოქმედებს, შეიძლება, ხვალ კომეტა დაგვეცეს და რა აზრი აქვს მაშინ ცხოვრებას, თუ ამ დედამიწას არანაირი ღვთიური ძალები არ კრავს?! წარმოგიდგენიათ, რომ დედამიწა, ასეთი პატარა ადგილი, შემთხვევითობითაა დაცული კოსმოსში?! მაშინ შეიძლება, შემთხვევით ხვალვე გაქრეს. როდესაც ასეთი განსაცდელები გვეწვევა, უნდა ავმაღლდეთ პიროვნულსა და პარტიულ წყენებზე, იმის ძიებაზე, თუ ვისი ბრალია – ზოგადად, ეს გონს მოსაყვანადაა. თორემ დღეს მეწყერია და ხვალ რა მოხდება?! ორი გზიდან უნდა ავირჩიოთ: ან სტიქიების გავლენის ქვეშ ვართ და არაფერს აზრი არ აქვს, ან, თუ რუსთაველსა და ბიბლიას დავუჯერებთ: „ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმენ ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა“... მაგრამ განაგებს როგორ?! ძალიან მწარედაც ჩანს მისი განგებულება, ვინაიდან ღმერთი მიწიერებით მოქმედებს და როგორ აღვიქვამთ, ჩვენზეა დამოკიდებული, ანუ ჩვენს რეაქციებზე. თუ ჩვენ გადავდივართ გონს და გადავცდებით სამყაროს ძირითად კანონებს, რისთვისაც ამ სამყაროში მოვედით, მაშინ ეს ჩვენი გადაცდომა უკურეაქციას იწვევს: მატერიის ძალები აგვიმბოხდებიან. გავიხსენოთ, ადამის მიერ ღმერთთან ჰარმონიული დამოკიდებულების დაკარგვის პირველი შედეგი იყო ის, რომ მხეცები აუმბოხდნენ და მიწამ ნარ-ეკლები აღმოაცენა. ეს რას ნიშნავს?! როდესაც ადამიანი წყდება თავის დანიშნულებასა და ჰარმონიას, მისი ეს შეშფოთება გადადის სამყაროზე: ცხოველებზე, მცენარეებზე, მინერალებზეც კი. ყველაფერი ირყევა და რატომ ირყევა?! იმიტომ რომ გარედან ეხმარება ადამს, რომ გონს მოვიდეს. ერთიანი ორგანიზმი თუ ვართ, როდესაც ასეთი მოვლენა ხდება, გარეთ კი არ უნდა გავიტანო და სტიქიურ ძალებს დავაბრალო. არამედ უნდა მივხვდე, ეს ნიშანია, რომ რაღაც სასწავლია დიდი ტკივილით. ერთი მიწიერი მხარეა, რომ, თუ კრიმინალია, გამოვიძიოთ, მაგრამ მეორე მოაზროვნე მხარეა, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ. სამყაროსა და საქართველოს, მით უმეტეს, მე რომ მკითხოთ, უნდა მართავდეს არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან რელიგიური მიმდინარეობა, არამედ გლობალური ჭვრეტა, სიბრძნე, სამყაროს მთლიანობაში ვინ არის საქართველო, რა მისია აქვს, საით მიდის. აი, ეს უნდა წამოვიდეს ახლა წინ და არა იმის ძიება, ვის დავაბრალოთ, რაც მოხდა. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა ადამიანმა, რომ ჩემი აზრები, ჩემი ფიქრები, ჩემი ხედვები, ჩემი სამყაროსადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩემს მომავალს დედამიწაზე და დედამიწის მომავალსაც. როცა ამას არ ვაკეთებ, დედამიწის მეშვეობით, ღმერთს ამ ფორმით მოვყავარ გონს, ასე მაფრთხილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი