როგორ განხორციელდა პატრიარქში ის, რისი სიმბოლოცაა ქრისტე და რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა ადამიანი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
თუმცა ამ დღეებში საქართველოს მოსახლეობამ დიდი ელდა გადაიტანა, ვინაიდან გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, საოცარი ის იყო, რომ გულწრფელ გლოვას თან გასდევდა ქართველებისთვის უჩვეულო სიმშვიდე და ერთიანობა. როგორ მოახერხა, ერთი შეხედვით, არაორგანიზებულმა და ემოციურმა ქართველობამ თვითორგანიზების, მოთმინებისა და სიდარბაისლის გამოვლენა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– თქვენ როგორ განიცადეთ და აღიქვით, რაც მოხდა?
– ისეთი მოვლენების მომსწრე გავხდით ამ დღეებში, რომ არც ვიცი, უფრო უნდა გვწყინდეს თუ უნდა გვიხაროდეს. ვიტყვი, მე რა ვიგრძენი: როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მეორე დღეს დამეუფლა მდგომარეობა, რასაც მეგრულში გადმოსცემს სიტყვა გუმნაღურა. მეგრულში არის სიტყვები, რომლებიც არ ითარგმნება ქართულად. ერთ-ერთია გუმნაგურა, ეს ნიშნავს მდგომარეობა, როდესაც სამყარო გაჩერებულია, არაფერი მოძრაობს, არც სიხარულია, არც ტკივილია, მხოლოდ სიცარიელეა; ოღონდ არა უსიცოცხლო სიცარიელე, როდესაც ყველაფერი ერთადაა: შვებაც, სევდაც, იმედიც, ტკივილიც... ფიზიკურად სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი: თითქოს რაღაც დამთავრდა, მაგრამ, იმავდროულად, დამეუფლა იმედის შეგრძნებაც. ეს არ არის ადამიანური განცდა და, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი იმავეს იტყვის. იმიტომ რომ მე ქართველის სულის მდგომარეობაზე ვლაპარაკობ: ყველამ მეტ-ნაკლებად იგივე განიცადა იქ, სადაც სულ ერთნი ვართ და რა ერთობამაც დღემდე, კარგად თუ ავად, მოგვიყვანა. ხომ ვხედავთ, რა ხდება ჩვენ თვალწინ?! პატარა ქვეყანა, დაშლილი, დაქუცმაცებული, დანაკუწებული, თითქოს რას ვგავართ და, თუ ასეა, მაშინ ეს რა არის?! რაღაც ძალიან დიდი, რაც გადაფარულია მტვრით, ნაგვით, იმ ყველაფრით, რაც დღეს ხდება, გააღვიძა იმ ერთმა, რომელშიც ყველანი ერთნი გავხდით.
„ბიბლიაშია“ საოცარი სიტყვები: ეს არის იაკობის უბედურების დღე და მასშივეა მისი ხსნა; ანუ ის კი არ წერია, ამას მოჰყვება მისი ხსნაო, არამედ მასშივეა ხსნაო. ესე იგი, გეუბნება, გააჩნია, როგორ შეხედავ, რაც ხდება: რომ გრძნობ, დამთავრდა ყველაფერიო და იქვე იწყებ, ისე, რომ ვერც მოასწრებთ დანაღვლიანებას. განგება სულ ასე აკეთებს. ამიტომ პატრიარქი ამ შემთხვევაში მეტია, ვიდრე, თუნდაც, უბრალოდ პატრიარქი. ის, უპირველესად, არის ადამიანი და განა შეცდომები არ დაუშვია?! მაგრამ ერთი ადამიანი მაინც მითხარით, ვისაც შეცდომა არ დაუშვია. ბავშვს ვსაყვედურობთ ხოლმე შეცდომების გამო, მაგრამ ბავშვი გაიზრდება შეცდომების გარეშე?! ჭეშმარიტების გადასახედიდან ჩვენი მოქმედება, რა თქმა უნდა, ბავშვურია და ცხოვრებაც ასე მიედინება: შეცდომებით, სინანულით, აღდგომით... იმიტომაც გვაქვს მონანიება, რომ იქვე გავასწოროთ შეცდომა. მე არ ვიცნობდი წინა პატრიარქებს, მხოლოდ ისტორიები ვიცი მათ შესახებ; არ ვიცი, როგორი იქნება მომდევნო პატრიარქი, მაგრამ ილია მეორეში იყო შესაძლებლობის ზღვრამდე მისული ერთობა პატრიარქობისა და ადამიანობის, რაც არის იდეალური ადამიანური ფენომენი, რომელიც ქრისტეში მოგვეცა და რისკენაც ყველა ადამიანი მივდივართ. როდესაც ეს ორივე ფენომენი ერთადაა, მაშინ ავლენს ერი ასეთ სიყვარულს. ეს არ არის მასის აღტკინება, კერპი რომ გარდაიცვლება: მასა კერპზეა მიბმული და როდესაც კერპი გადის, მასა ირევა, ვინაიდან მიბმული იყო მასზე და თავად თვითმყოფადი სიცოცხლე არ ჰქონდა; ამდენად, კერპის გარდაცვალებით პარალიზებულია. ისტორიულად, პრობლემებს ქმნიდა ისიც, როდესაც იყვნენ ისეთები, რომლებსაც ავტორიტეტი ჰქონდათ, მაგრამ ადამიანობით არ გამოირჩეოდნენ; ხოლო მეორე უკიდურესობაა, როდესაც ადამიანური ბუნებით, ქრისტიანობით სავსეა ადამიანი, მაგრამ არ აქვს ის ავტორიტეტი, რაც, წესით უნდა ჰქონდეს და ძალაუფლება, კარგი გაგებით. პატრიარქის შემთხვევაში, მართლაც, ბედნიერი დამთხვევაა: ერთი მხრივ, ქართველი პატივს მიაგებს ავტორიტეტს და, მეორე მხრივ, ქართველი პატივს მიაგებს ადამიანს ადამიანში. აი, ამ ორის სინთეზი იყო ჩვენს პატრიარქში მაქსიმალურად გამოვლენილი. უფალში ზუსტად ეს აღსრულდა: ქრისტე არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი! ანუ ღმერთობა, როგორც ავტორიტეტი გარედან და ჭეშმარიტი კაცი, რომელიც ღმერთობის ტოლფასია. ორივე 50/50-ზეა ქრისტეში და ჩვენშიც ასე უნდა იყოს. ამიტომ გვეუბნებიან, თქვენ ხართ მეფეები, თქვენ ხართ მღვდელმთავრები; ადამიანი ადამიანის ბატონი არ უნდა იყოს...
ქართველმა თავისი თავი ყველაზე თავისუფლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი შინაგანი მოწოდებით, გამოხატა პატრიარქის გასვენების დღეებში; თავისი შინაგანი თავისუფლება და პატივისცემა გამოხატა, რის ფუფუნებაც ხშირად არ გვაქვს ხოლმე. ის ერთობა, რაც ჩვენ ვნახეთ, ენით არ გამოითქმება. ჩვენ, ყველამ, განვიცადეთ ეს და რადგან ყველამ განვიცადეთ, ესე იგი, ჩვენი ერთიანი ქართული სხეული ცოცხალია. ეს დავინახეთ და ახლა სწორედ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. როდესაც ფიზიკურად მოვინელებთ ამ დანაკარგს, დავინახავთ, ეს ემოციური ფონი იყო თუ რაღაც აღტკინება?! კერპისადმი პატივისცემის მიგება თუ იყო ნამდვილი ერთიანობა, რომელიც ქრისტეში მოგვეცა?!
ზოგიერთები აკრიტიკებენ, მაგრამ ისინიც ფრთხილობენ, როდესაც გაკერპებას ახსენებენ, იმდენად ცხადი იყო ეს ყველაფერი, კრინტს ვერ დაძრავ. ანუ, თურმე, საქართველოში არსებობს ერთობის ისეთი გამოვლინება, რომელშიც შესაძლებელია, მთელი საქართველო შევიდეს. თუმცა ქართველებს შეგვიძლია, რაღაც აზრის გარშემო გავერთიანდეთ და ვიღაცის წინააღმდეგ გამოვიყენოთ, მაგრამ ის ერთობა, რომელიც მთლიანად კრავს ერს, არც კი ვიცი, საქართველოში გამოვლენილა კი ოდესმე?! ქართველის ფენომენი ძალიან საინტერესოა: რაღაც მომენტში მთლიანად იკვრება და ამავე დროს შეუძლია, რომ დაუნდობელი იყოს მეორის მიმართ, იმდენად ძლიერი ეგო აქვს, არ დაგინდობს, არ გაპატიებს, შენს მდგომარეობაში არ შემოვა. ებრაელებსაც ზუსტად ეს თვისება აქვთ და სწორედ ამიტომ შეიყვარა ისინი ღმერთმა, უკიდურესობამდე მისული მეამბოხეობა და იმავდროულად უკიდურესობამდე ასული ღვთის ერთგულება. ეს არის იაკობის ბრძოლა და იქნებ ეს ხასიათი გვაქვს ჩვენ?! მაგრამ რატომ გვახასიათებს, ერთი მხრივ, ასეთი გამოკვეთილი ეგო და, მეორე მხრივ, სრული ერთობა, რაც ახლახან გამოვლინდა?! სწორედ იმიტომ, რომ ქართველი არასოდეს გამთლიანდება რაღაც ნაკლების გარშემო, ვიდრე არის სრული კაცი; დასრულებული კაცი, რომელიც ქრისტეში გვაქვს! აი, ამისთვის ინახავს ერთობას. გაძლევს კარტბლანშს: აგირჩევს 80 პროცენტით, მაგრამ, როგორც კი დაინახავს, რომ შენ ის არ ხარ, რის გამოც მოგცა კარტბლანში, იმ წუთასვე დაუნდობელი ხდება. ახლა კი ამის გადალახვისა და მართლაც ნამდვილი ერთობის იმედის წინაშე აღმოვჩნდით, რასაც მოჰქონდა სიხარული. იქ მასა არ ყოფილა: იქ ყველა მე ვარ, იქ ყველა ჩემი სხეულია; ეს არ იყო მიტინგი, არავის არავისთვის უთხოვია მისვლა. მაგრამ რამ აიძულა ყველა: ქალი, მამაკაცი, ბავშვი, მოხუცი, გამოსულიყო სახლიდან?! აი, ის მბჟუტავი იმედი გამოვლინდა გარეთ, რომელიც ყველას გულში ენთო. და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ის ცეცხლი ისევ არ მიინავლოს და არ დაემსგავსოს იმას, რაც მუდმივად მეორდება: ქართველი აენთება, გაერთიანდება და ისევ ჩაქრება; შემდეგ ისევ აენთება და ისევ ჩაქრება... თუმცა მე დავინახე შინაგანი ერთობა, რომელიც ჩვენში ცხოვრობს და რაც არის ჩვენი მომავალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


