რელიგია

როგორ ეხმარება ანტონ მარტყოფელის საფლავი სნეულებს განკურნებაში და რა სასწაული იხილეს მისთვის ხელის მოკვეთის მცდელობის დროს

№14

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 14.04, 2021 წელი

შიომღვიმელი
დაკოპირებულია

ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთ–ერთი ასურელ მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი.

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი სოფელ მარტყოფის მახლობლად, იალნოს ქედზე მდებარეობს. მარტყოფს მეექვსე საუკუნემდე აკრიანი, ანუ ქვიანი ადგილი, რქმევია. აქ ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსი დაუსვამს.

მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა 13 ასურელი მამებიდან ერთ-ერთი – მამა ანტონი. ის საქართველოში ქალაქ ედესიდან მეექვსე საუკუნის შუა წლებში მოვიდა.

მამა ანტონს გულზე აგური ჰქონდა დაკიდებული, რომელზეც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.

წმიდა ანტონი ლონოატის ხეობაში დაბინავდა და იქ იწყო მოღვაწეობა. მამა ანტონს მარტო ყოფნა და ლოცვა უყვარდა. რის გამოც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს.

თუმცა წმიდანი თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იმდენ ადამიანს ეხმარებოდა, რომ ხალხი მოსვენებას არ აძლევდა, ზოგი საერთოდ არ შორდებოდა. როცა ასეთების რაოდენობამ ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

თუმცა, აქაც მალე მიაგნეს და მასთან სიარული დაიწყეს, რის შემდეგაც, მან ეს ადგილიც დატოვა და საცხოვრებლად აკრიანის მთა აირჩია, რომელიც ტყით იყო დაბურული. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და მასში დადგა. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. თავდაპირველად ის მცენარეული საკვებით იკვებებოდა, შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მამა დავითთან მოდიოდნენ ირმები და წმიდანს თავისი რძით კვებავდნენ.

ერთხელ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს ძალიან შეშინებულებმა მიირბინეს მასთან. ერთი შველი დაჭრილი იყო. მამა ანტონს გაუკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. დაიკიდა გულზე თავისი ხატი და ირმებს უკან გაჰყვა. წმიდა ანტონს უნდოდა, მათი შიშის მიზეზი შეეტყო და მამასახლისს შეხვდა, რომელსაც ძალიან გაუკვირდა, როცა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა, გარეულ ირემებს შორის დაინახა, ისე, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს საუბარი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა ქართული ენა არ იცოდა, მამასახლისი ვერაფერს მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთისკენ, სადაც ის ცხოვრობდა.

და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა საკუთარ მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და მისთვის ხელი მოეჭრათ. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებინა ხელი მამა ანტონისთვის, რომ ხელიც გაუშეშდა და რკინა გაუვარდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა ჯვარი გადასახა და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. მაშინვე ყველაფერი მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებ“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი და მათაც მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში, სადაც მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ და მარილი სწორედ მათ მისცა.

წმიდა ანტონის სახელი მახლობელ სოფლებში გავრცელდა და მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა. მასთან ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ადამიანები გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა. ზოგმა მისი მიბაძვა გადაწყვიტა და წმიდანის კურთხევით მის მახლობლად დასახლდა. ამ ადამიანების რიცხვი ძალიან გაიზარდა და მაშინ მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა, მათთვის მონასტერი აეშენებინა. ანტონმა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ააშენა და იქ დაეყუდა, სადაც თხუთმეტი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. იქიდან იშვიათად ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.

როცა წმიდანმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოწაფეებს უხმო, დარიგება მისცა და აკურთხა. გარდაცვალების დროს მლოცველი მამაო მაცხოვრის ხატის წინაშე იყო დაჩოქილი. მამა ანტონის პატიოსანი გვამი სვეტიდან მონასტერში ჩამოასვენეს და დიდი მოწიწებით დაკრძალეს ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინ.

მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ხელთუქმნელი ხატის გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა, მის ნანგრევებზე კი შემდეგ უფრო მომცრო ზომის აუგიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მამა ანტონის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში საძვალეა შემორჩენილი.

წმიდა ანტონი ეხმარება ყველას, ვინც რწმენით მიდის მის საფლავზე და ითხოვს შემწეობას. მას მრავალი ადამიანი განუკურნია სასიკვდილო სენისგან.

საუკუნის მკვლელობა წმიდა ანტონ მარტყოფელის სავანეში

1918 წელი იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე სამიოდე პირთან ერთად თბილისიდან ეტლით მარტყოფში გაემგზავრა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვარულით შეხვდნენ პატრიარქს. კირიონ მეორე ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს და მკვლელობის შემდეგ უხმაუროდვე დატოვეს მონასტრის კედლები. მეორე დღეს ბერმონაზვნები საქმეს შეუდგნენ. კათოლიკოს-პატრიარქი რომ არ გამოჩნდა, მისი მონახულება განიზრახეს და კარის შეღებისას ყველას თავზარი დაეცა...

გამოყენებული მასალების წყარო: „ამბიონი“; „კარიბჭე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი