რელიგია

როგორ დასრულდება ის, რაც დაიწყო და მეორედ მოსვლა სამყაროს აღსასრულია, თუ ქრისტეს მოლოდინის აღსრულება

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.05, 2024 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მეორედ მოსვლა, როგორც წესი, სასჯელად და დასასრულად აღიქმება და ჩვენი ენაც გაჯერებულია მეორედ მოსვლის, აღსასრულის გამომხატველი ტერმინებით. ძველი, მოარული გამონათქვამია, ქრისტემ თქვა, ათასში არ მელოდოთ და ორი ათასი არ დამაგვიანდებაო. ადამიანებს გვგონია, რომ, ზოგადად, სიცოცხლე, უსასრულოდ გრძელდება და იმავდროულად, გვავიწყდება, რომ დრო პირობითია, თუმცა ჩვენი ფიზიკური არსებობა დროშია ჩაკეტილი. მეორედ მოსვლა: ხსნა თუ სასჯელი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული: რაც დაიწყო, აუცილებლად უნდა დასრულდეს და სხვა ახალი დაიწყოს და ისიც დასრულდეს და ასე დაუსრულებლად გაგრძელდება? ქართველის მიერ გააზრებული ქრისტიანობა როგორ ხედავს, გრძნობს და მოელის მეორედ მოსვლას?

– როგორც ებრაელი ხალხი ცხოვრობდა მესიანური მოლოდინით, ბუნებრივია, ახლაც ელოდებიან, ისევე ვართ ჩვენც. და ებრაელები ყველაზე მეტად იმის გამო ისჯებოდნენ, თუ იმის საშიშროება დგებოდა, რომ მათ მესიის მოსვლისა და ერთი ღმერთის რწმენა დაევიწყებინათ, რათა დასჯის შემდგომ გონს მოსულიყვნენ და ისევ დაბრუნებოდნენ თავიანთ წიაღს. მატერიაში არ გაეფანტათ თავიანთი ნიჭ-უნარები. დაახლოებით, იგივე მოლოდინი იწყება ქრისტეს პირველად მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით იმ ერში, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ და სადაც, უპირველესად, ქრისტეს ეკლესიაა პირველი მოსვლიდან მეორე მოსვლისკენ ხსოვნის მატარებელი. ჩვენი ეკლესიაც, როგორც ებრაელი ხალხი ელოდა თავის წიაღში მესიის შობას, მას შემდეგ, რაც თავის წიაღში მიიღო ქრისტე, ელოდება მის მეორედ მოსვლას და ეს ხაზი უწყვეტია, თუ გავადევნებთ თვალს ჩვენი ეკლესიის ისტორიასა და იმ მოღვაწეებს, რომლებშიც განსაკუთრებით ჩანს მესიის მოლოდინი. მეცხრამეტე საუკუნე გამორჩეულადაა დაღდასმული ამ მოლოდინით: ილიასა და აკაკის შემოქმედება, მანამდე გურმიშვილი, უფრო ადრე – მიჯაჭვული ამირანი. ეს მძაფრად იყო გამოხატული და ფესვები უფრო ადრეც აქვს. ამ მხრივ, ძალიან ვგავართ ებრაელ ხალხს და ბედისწერითაც, თუ როგორ გამოატარა საქართველომ ამ 2 000 წლის განმავლობაში ეკლესია – ქრისტეს სხეული, რამდენ იმპერიას გაუძლო, რამდენი სისხლი დაღვარა, რამდენ კულტურასა და რელიგიას შეეჯახა. და ამ პროცესში რაღაცას იღებდა, სხვებისგან სწავლობდა, მაგრამ მოლოდინის ეს დიდი მდინარე მაინც მოდიოდა და დღემდე მოვიდა. ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ეკლესია თავისი გულის ფიცარზე დააშენა, საძირკვლად ძვლები დაუდო და სისხლით შეადუღა. დღესაც ამ დიდი კულტურებისა და იმპერიების შუაში ვართ უმწეოდ. გარე ძალებს ვეპოტინებით, მაგრამ, ალბათ, ჩვენი ძალა ჩვენს ფესვებში, ჩვენს კერაში უნდა ვიპოვოთ.

როგორ შეიძლება, გავიგოთ ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც ასე შემაშინებლად მოაქვს დღევანდელ მედიას, შრომებს, ფილმებს და უკავშირებენ რაღაც კატასტროფას, სამყაროს აღსასრულს. არადა თვითონ ამის გამომხატველ სიტყვებშიც არის ბევრი საყურადღებო, რითაც ბევრ რამეს მიგვითითებენ. მაგალითად, მე ვახსენე სიტყვა „აღსასრული“. ერთი გაგებით, ეს არის დასასრული, მაგრამ რას ნიშნავს აღსრულება?! იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე იყო – აღსრულდა. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს გამარჯვების შეძახილს. ანუ, რასაც აღსასრულს ვუწოდებთ, არის აღსრულება. რის აღსრულება? იმის, რასაც ამდენი ხანია, ველოდებით. მთელი ჩვენი ეკლესიის ისტორია – ეს არის მოლოდინი. პირველი დღიდან, როდესაც იესო ამბობს, მე მოვალ, ამ მოლოდინს იღებს ქრისტიანული სამყარო, განსაკუთრებით, ეკლესია, რომელიც საქართველოშია. ეკლესია უფლის სხეულია და ეს არ არის ქართული ეკლესია, ეს არის ეკლესია საქართველოში, რომ ნათელი მოჰფინოს და განახორციელოს ქრისტეს სიცოცხლე აქ და შემდეგ განფინოს მთელ სამყაროში. პირველივე დღიდან ველოდებით და ესაა სწორედ ქრისტიანობა. თუ ამას მოაშორებ, არაფერი რჩება და აქ ისევ მივადექით ორ ხედვას: ჩვენ რწმენით ვიღებთ ამას და არ ვსაუბრობთ მათზე, რომლებიც არაფერს ელოდებიან, რომელთათვისაც სამყარო არც დაწყებულა და არც დამთავრდება. ჩვენ კი ვამბობთ, იყო დრო, როდესაც არ იყო ბოროტება და იქნება დრო, როდესაც არ იქნება ბოროტება. ბოროტებით დროებით გადაფარვა განგებამ დაუშვა და ის დასრულდება. ეს არის ჩვენთვის მეორედ მოსვლა. ანუ უსასრულოდ კი არ გაგრძელდება და გარდაიქმნება და გაკეთილშობილდება ეს ცივილიზაცია, არამედ აქვს საწყისი და სასრული. იესო ამას აშკარად ამბობს, ამის უამრავ ნიშანსაც ასახელებს, თუმცა ესეც არასწორადაა გაგებული. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მოციქულებმაც არ იცოდნენ, დაიბნენ, იმწუთას უნდოდათ, მოსულიყო მაცხოვარი და ეკითხებიან, როდის მოხვალ, რა ფორმით მოხვალ? იესო უსწორებს და დროისა და სივრცის მიღმა გაჰყავს ისინი. ანუ უფალი უფრო შიგნით მოსვლას გულისხმობს, როგორც მათ სულში აღსრულებულ მოვლენას და არა ფიზიკურად მოსვლას. მოსვლა არის მომწიფება. პირველად იესო მოვიდა, როგორც რწმენის ჩანასახი. ის ჩვენში იბადება, შემოდის. როგორც მარიამ ღვთისმშობელში იშვება სულიწმიდით იესო – ძე ღვთისა, იმავე სულიწმიდით ჩვენს მორჩილსა და მიმღებ სამშვინველში რწმენით შემოდის უფალი. აი, ესაა რწმენა და არა ინტელექტუალური დათანხმება – მე მწამს. პირველ მოსვლას მოაქვს სიხარული და ესაა სახარება. ჩანასახი უკვე არის, დაითესა, დაინერგა, ახლა უნდა გამოზარდო. ამიტომ იცავს ეკლესია თავს, ისევე, როგორც მშობელი დაჰფოფინებს თავის შვილს. იესო არტახებივით მივიღეთ ჩვენს ადამიანურ ბუნებაში. ეს ჩვილი იზრდება და არ გამოარღვევს ჩვენს არსებას, სანამ არ შედგება სრულ კაცად. ეს ზრდის პროცესია მთლიანად ეკლესია და ეკლესია, უპირველესად, ქრისტეს სხეულია და არა ტაძარი. ბრძოლები, შფოთი იმის დასაცავადაა, რომ ეს ყრმა, რომელიც ჩვენს წიაღშია, გამოვზარდოთ. ამას ვეწირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი, რომლებმაც უნდა შევინარჩუნოთ ხსოვნა. წინასწარმეტყველებაში წერია, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?! ამდენად, არ უნდა გაწყდეს ეს ძაფი, რომ, რაც თავში შემოვიდა, ბოლოშიც დახვდეს, რომ გადაიხსნას და მივიღოთ ნაყოფი. მეორედ მოსვლას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, აბა, რომელ დღეს მოვა, რომელ საათზე მოვა, ანუ გარედან, არამედ ჩართულები უნდა ვიყოთ ამ მოსვლაში, იმიტომ რომ იესო არ ამბობს, როდის მოვა. მაცხოვარი ამბობს, იფხიზლეთ, თქვენი საქმე არ არის, დრო და ჟამიო, ამიტომ ის მოულოდნელად მოვა. „აპოკალიფსი“ კი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ფარდის გადაწევას. ეს არის სიმწიფე, სიცხადეში მოსვლა იმისა, რაც მოდის სიმწიფისკენ. ეს პროცესია, ადამიანში ხდება და არა მის გარეთ. ჩვენ ველოდებით მას, ვინც უნდა მოვიდეს, ველოდებით მომავალს. „გამოცხადება“ მთავრდება სიტყვებით: ჰე, მოდი, უფალო. გარედან კი არ მოდის უფალი, არამედ ჩვენ უნდა მოვიდეთ გონს. გავიხსენოთ, რაც ჩვენში რწმენით ჩაიდო, სიყვარულის ნაყოფს ბოლოში გამოიღებს და რაც მათ შორის ხდება – მთელი ისტორია, ბრძოლები, შიშები, გამოზრდის პროცესია. სწორედ ასე უნდა გავიგოთ „მომავალი“ – გარედან კი არ მოდის ვინმე, არამედ ეს სულში მოსახდენი მოვლენაა, რაც შემდეგ სამყაროში ფიზიკურად გამოვლინდება. ეს დედამიწა ადამს მიეცა და ახალმა ადამმა უნდა იმეფოს სიყვარულით, აი, საით მიდის ეს ყველაფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა