რელიგია

რის გამო შეიქმნა „ურწმუნო თომას“ მითი და რატომ აქვს თომას ქრისტეს ყველა მოწაფეზე მეტი რწმენა

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 27.05, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

აღდგომის შემდგომი კვირა მოციქულ თომას უკავშირდება. ასეც ჰქვია - თომას კვირიაკე და ეს დღე აღდგომის ტოლფასადაც მიიჩნევა. რით იყო გამორჩეული თომა, რატომ დაერქვა მას „ურწმუნო თომა“ და რა უნდა ვისწავლოთ მისგან? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– უცნაური სახელი დაერქვა – „ურწმუნო თომა“ მოციქულს, ვინც ყველაზე მეტად ჰგავდა ქრისტეს და ვისი რწმენაც, ალბათ, დანარჩენი მოციქულების რწმენას გაცილებით აღემატებოდა. რა არის ამის მიზეზი?

– აღდგომის ნაცვალი დღეა აღდგომის პირველი კვირა და მას უწოდებენ „ანტიპასკას“. არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ, რადგან ქრისტეს შობის, დედამიწაზე ადამიანურ სხეულში ცხოვრების, ჯვარცმისა და სასწაულებრივი აღდგომის მიზანი იყო ის, რომ ადამიანურ ბუნებაში მომხდარიყო აღდგომა, რათა ადამიანის დაცემულ ბუნებას ერწმუნა აღდგომა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი თავადაც თანააღდგებოდა ქრისტესთან ერთად. სწორედ, ესაა მთავარი – ჩვენი დაცემული ბუნების განახლება, აღდგომა და დაბრუნება უფრო დიდ პატივში. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგომის მერვე დღე, ანუ აღდგომიდან პირველი კვირა დღე. რატომ მერვე დღე? აღდგომიდან პირველი შვიდეული უკავშირდება ღმერთის მიერ სამყაროს ექვს დღეში ქმნადობასა და მეშვიდე დღეს დასვენებას, როდესაც ღმერთი სრულ სიმშვიდეში იყო. მერვე დღე – ეს არის ახალი ქმნადობა, ახალი სინამდვილის პირველი დღე, ჩვენი სრული აღდგომის წინასახე და დედამიწაზე ცათა სასუფევლის დამყარება, რაც, უპირველესად, არის ჩვენში და როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები მოიცავენ დედამიწას, ის გადაიქცევა იმ სამოთხედ, რომელიც იყო თავში ჩვენთვის ღვთის მიერ შექმნილი და მოჩენილი.

რატომ დამკვიდრდა ტერმინი „ურწმუნო თომა“?

ეს ერთგვარი მითია, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ, იმიტომ რომ სიმართლეს არ შეესაბამება:

რა არის თომას ურწმუნოების მიზეზი? განა მას არ სჯეროდა და არ უნდოდა ქრისტეს აღდგომა?! მისი ურწმუნოება, ფაქტობრივად, არის ცოცხალი რწმენა, რომელიც არ სჯერდება გარე მოწმობას. აბა, გაიხსენეთ ბავშვობა – როდესაც ძალიან სასიხარულო ამბავს გეტყოდნენ, როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია? რას ამბობდით?! დიახ... ამბობდით: არ მჯერა! იმდენად დიდია, იმდენად მოულოდნელია, იმდენად შენია, იმდენად ელოდი, რომ, როდესაც ეს წამი დგება, უკურეაქცია გაქვს – ვერ იღებ. რატომ? იმიტომ რომ მზად არ ხარ მისაღებად და ასეთი მოულოდნელი სიხარულისას ადამიანს მოსდის ცრემლები.

ცრემლებს ებრაულად – ჰქვია „სიმცირე“, „უძლურება“, „უმწეობა“. ანუ, როდესაც შენი ჭურჭელი ვერ იტევს დიდ სინათლეს, ვერდატევისგან რომ გათავისუფლდეს, რათა არ დაინგრეს ჭურჭელი, გადმოდის ცრემლები, რომ ამის შემდეგ შეძლოს დატევა. შესაბამისად, თომას ურწმუნოების მიზეზიც ეს იყო.

თომას უწოდებენ „მარჩბივს“, ანუ „ტყუპისცალს“. ის იმდენად ჰგავს იესოს, რომ ვერც გაარჩევდი და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. თომას ძალიან ღრმა კავშირი აქვს იესოსთან, ასე რომ, მისი „ურწმუნოება“, როდესაც უმოწმებს 10 მოციქული, ჩვენთან იყო იესოო, ასეთია – სანამ ხელს არ შევახებ მის ჭრილობებს, ვერ დავიჯერებო.

თომას სწყურია, რომ უშუალოდ გამოსცადოს მაცხოვრის აღდგომა. ვიმეორებ: ჩვენთვის საკმარისი არ არის სხვების ნათქვამი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავადაც განვიცადოთ მომხდარი. თომას თითქოს ურწმუნოება არის გზავნილი ჩვენთვის: ჩვენ ვუჯერებთ ეკლესიას, მღვდელს, „სახარებას“, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ის, რომ თავად განიცადო ცოცხალი რწმენა მასზე, ვისზეც გესმის წმიდა მამებისგან, სასულიერო პირებისგან. ამ ყველაფერმა იმ კონდიციამდე უნდა მიგიყვანოს, ისეთ მონატრებამდე, რომ უფალთან მოხვდე პირისპირ, მის წინ დაეცე მუხლებზე და მთელი არსებით აღმოგხდეს: უფალო ჩემო!

ასე უნდა მივბაძოთ ჩვენ თომას, ქრისტე ჩვენი გულით გვიყვარდეს და არა სხვისი გულით, ჩვენი თვალებით ვიხილოთ მისი აღდგომა და არა სხვისი თვალებით. ეს სავსებითაა შესაძლებელი და, სულაც არ არის ამპარტავნება. ეს ის კადნიერებაა, რომელიც გადაგვალახვინებს ყველა კომპლექსს, ყველა ხელისშემშლელ პირობას, რომლებიც ბავშვობიდან მოგვყვება და ხელს გვიშლის.

გახსოვთ, ბრმა ბარტიმეოსის ამბავი – ყვირის, იესო, შემიწყალეო. მას აჩუმებენ, არ სცალია შენთვისო, მაგრამ ბარტიმეოსი არ ჩერდება და იესოც მიდის მასთან და უბრუნებს თვალისჩინს. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: არ უნდა გავჩუმდეთ, არ შევეგუოთ მხოლოდ რელიგიურ რწმენას, რომ პატიოსნად დავდივართ ეკლესიაში, ვიცავთ მარხვას და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საშუალებებია საიმისოდ, რომ ჩვენს სულს ისევე მოსწყურდეს უფლის ხილვა, როგორც თომას და უფალი მოვა ჩვენთან. ჭეშმარიტებას არ ეშინია განხილვის! მაცხოვარი თომას ეუბნება – ხელი შემახეო, ის მოდის ისე, რომ აღიქვას ჩვენმა ხუთმა გრძნობის ორგანომ; ის მოდის აქ, ხორცი შეისხა და გვიწვევს – დარწმუნდით, რომ მე ჭეშმარიტად ამ სხეულით აღვსდექი!

სხვათა შორის, მისი მოწაფეები, პირველად რომ ნახეს იესო, სიხარულის ნაცვლად შიშმა მოიცვა. ამბობენ, სული ხომ არ არისო, მაგრამ ქრისტე უმტკიცებს, რომ აღსდგა თავის სხეულში. სულის უკვდავების ყველა რელიგიას სჯეროდა, მკვდრეთით აღდგომა კი ნიშნავს, რომ იმ სხეულით აღსდგა იესო, რომლითაც ცხოვრობდა. ასე აღვსდგებით ჩვენც. უბრალოდ, ის სხეული იქნება განახლებული; არა ცოდვით დაუძლურებული, არამედ ცოდვამდელი.

როდესაც მოწაფეებს ეცხადება მაცხოვარი, ისინი, იუდეველთა შიშით, პატარა ოთახში არიან ჩაკეტილები. რის სიმბოლოა ეს? ადამიანი ჩაკეტილია დახშულ ოთახში, რომელიც მას იცავს მტრებისგან ანუ ეს არის ცოდვით დაცემული ადამიანი, რომლის ცხოვრება აგებულია მტრებისგან თავდაცვაზე და აი, ამ უბადრუკ ყოფაში ჩვენს გასაღვიძებლად მოდის იესო.

რატომ შედის მაცხოვარი დახშულ კარში? არა მხოლოდ იმიტომ, გვაჩვენოს, რომ სასწაულმოქმედია; დახშულ კარში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტე არ შემოდის ლოგიკურად. დაკეტილი კარია ჩვენი ლოდმიგორებული უბადრუკი, შიშით სავსე ყოფა, რომლის შიგნითაც უცებ ჩნდება იესო და მათ ეუბნება ორჯერ: მშვიდობა თქვენდა.

რატომ მშვიდობა? მშვიდობის ფუძეა შვიდი – მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, ანუ მიეცა სამოთხისეულ ნეტარებას. აი, ის სიმშვიდე დავკარგეთ ჩვენ, რასაც იესო გვიბრუნებს და გვათავისუფლებს დახშული ოთახიდან. მთელი ჩვენი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა, თუმცა გულში ვინახავთ პატარა ნაღვერდალს. რწმენის პატარა მარცვალს, რომ შეიძლება, მოხდეს სასწაული და ყოველ წამს განათდეს ჩვენი ცხოვრება აღდგომის სიხარულით.

ქრისტიანის ცხოვრება უნდა იყოს განმსჭვალული იმ მოლოდინით, რომ მოულოდნელად მოვა უფალი თავისი დიდებულებით და დაამშვიდებს ჩვენს ცხოვრებას. თომასავით უფალმა თოთოეულს მოგვცეს კადნიერება, რომ მივეახლოთ უფალს მთელი გულით და როდესაც მისი აღდგომის სიცხადე შემოვა, შევძახოთ: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი