რელიგია

რატომ ვართ განწირულები ქრისტეს მოსვლის შემდეგ სიცოცხლისა და გადარჩენისთვის

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რადგან ისევ და ისევ აქტუალურია საკითხი, რომ, რაც შეძლო ქრისტემ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სხეულში მოევლინა კაცობრიობას, რაკი მაინც ღმერთია, იმავეს ვერ შეძლებს ადამიანი, – სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– ქრისტე გავიდა დროისა და სივრცის მიღმა, როგორ გავიდე მე, რომელმაც თავად შევქმენი ეს დრო და სივრცე, რომელშიც ვცხოვრობ და რომელიც მკლავს?

– ეს სისტემა დაირღვა, როგორც კი ქრისტე შემოვიდა წუთისოფელში და მე, ქრისტეში შესვლით, შევდივარ დროისა და სივრცის მიღმა არსებულ მდგომარეობაში. ქრისტეში გულის სრული რწმენით შესვლით, სასუფეველი უკვე ჩემს გულში შემოდის. ქრისტე გვეუბნება, თქვენ ჩემზე მეტს გააკეთებთ; იყავით წმინდა, როგორც მამათქვენია წმინდა; მე ვბაძავ მამას და თქვენ მომბაძეთ მე... ყველაფერი, რაც ქრისტემ გააკეთა, რაც ქრისტეში მოხდა, ყველა მორწმუნისთვისაა შესაძლებელი და ვაი, თუ ჩვენშიც იგივე არ მოხდება. და ეს არ არის ამბიცია, როგორც მთამსვლელს აქვს მიზანი, რომ რომელიღაც მაღალ მწვერვალზე ავიდეს, ეს არის სუნთქვა, ეს არის ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ბოლო მდგომარეობა. ამის გარეშე სიკვდილში ვართ. რა არის სიკვდილი? ნაკლებობა. ძველ ქართული ტერმინებს დააკვირდით: მოკლული, ნაკლული – მათი ფუძეა კლული. ესე იგი, ნაკლებობაა სიკვდილში ყოფნა, მაშინ სიცოცხლე რა არის? სისავსე, სიმრთელე, გამთლიანება, შერთვა. რა მაშორებს სიმრთელისგან? ურწმუნოება, უმსგავსობა, უსახურობა. ანუ ეს თავისთავად ბოროტება არ არის, გზაში ყოფნაა, იმიტომ რომ, თუ უსახური ვარ, სახიერი გავხდები; თუ უმსგავსო ვარ მსგავსი გავხდები. ამისთვის მომეცა დრო, ეკლესია, მოვიდა ქრისტე და მომფინა მადლი, ანუ ყველა საშუალებაა, რომ განვიღმრთო, ისევე, როგორც მცენარეს აქვს ყველა საშუალება, რომ გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს. დაწყებული ბუნებით და დამთავრებული პატრონით, ვეხმარებით, რომ თავის კონდიციამდე მივიდეს და ნაყოფი მოგვცეს. მცენარეზე იზრუნა ღმერთმა, იმ კალმახზე იზრუნა, რომელიც მდინარის აღმა მიცურავს სათავისკენ და ადამიანს, რომელიც ღვთის ხატია, დააკლებდა რამეს?! ადამიანს არ შეაძლებინებდა, ემსგავსოს მას, რისთვისაც ის შექმნა?! ამიტომ ვამბობ, ჩვენ განწირულები ვართ სიცოცხლისთვის, განწირულები ვართ გადარჩენისთვის. ქრისტეში გვაქვს გარანტია, რომ ვცხონდეთ და ცხონება არის მიმსგავსება. ცხონება არ არის კეთილი საქმეების კეთება. გადახედე, რომელი რელიგია არ ამბობს, რომ ქურდობა ცუდია?! რომ კაცის კვლა ცუდია?! ქრისტეს ცამდე აჰყავხარ! ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ კარგი გოგონები და ბიჭები ვიყოთ, პატიოსნები, არ მოვიპაროთ, არ შევიგინოთ, დედ-მამას პატივი ვცეთ?! ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოაქვს – ქრისტეს ღმერთამდე აჰყავხარ. სიყვარული თვითონ ღმერთია. ვისაც უყვარს, მან უკვე შეასრულა მცნებები, იმიტომ რომ ის ბოროტს, უბრალოდ, ვეღარ გააკეთებს. უსასრულოდ მეტია ქრისტეში ყოფნა, ვიდრე მცნებათა ჯამი. ბევრს ეშლება, სხვათა შორის, ქრისტეს ათი მცნებაო, ამბობს. მოსეს ათი მცნებაა, ჯერ ერთი და მეორეც, იმიტომ კი არ მიუცია ხალხისთვის მოსეს ის ათი მცნება, რომ, თუ შეასრულებდნენ, ცხონდებოდნენ, პირიქით – იმიტომ მიეცათ, რომ, ათი მცნების მეშვეობით, როგორც სარკეში, დაენახათ, რომ ცოდვილები არიან. იმ მცნებებს ვერავინ შეასრულებდა და ვერც შეასრულებს; განწირულია ადამიანი. ქრისტე ასრულებს ჩემში მამის სიყვარულს, თორემ მცნება გაჩვენებს, როგორი ხარ, მაგრამ ძალას კი არ გაძლევს?! სარკე გაჩვენებს, რომ თმა დასავარცხნი გაქვს, მაგრამ ვერ დაგივარცხნის. სტილისტთან უნდა წახვიდე. მცნებით გითხრა, ასეთი და ასეთი ხარ და შენი ცოდვა კიდევ უფრო ცოდვა გახადა. პავლე მოციქული შეღაღადებს, ნუთუ ის, რაც სიცოცხლისთვის მოგვეცა, სასიკვდილოდ გვექცა?! ანუ მცნებამ ჩვენ მოგვკლა. მცნებამ დაგანახვა, რომ უფრო ცოდვილი ხარ, გააცოცხლა შენი ცოდვა, თუ მცნება არ გეტყოდა, რომ მრუშობა ცოდვაა, შენ ვერასდროს გაიგებდი, რომ მრუშობა ცოდვაა. მცნება ერთგვარად აჩერებს ცოდვას, შემაკავებელია, რომ მთლად არ გადაგვარდე. წერია, რჯული მიეცათ ცოდვათა გამრავლების გამოო. ასე რომ, რჯული ქრისტემდე მიმყვანი იყო. პირდაპირ ბერძნულ თარგმანში კი მიეცას ნაცვლად წერია, რჯული დაემატა. მაშასადამე, დამატებით მოვიდა, როდესაც ცოდვებმა იმატა, მოვიდა მათ შესაკავებლად და არა გადასაკეთებლად. რჯული იყო ქრისტემდე მომყვანი პედაგოგი – პედაგოგი ბერძნული სიტყვაა, ბავშვის წამყვან–წამომყვანს ნიშნავდა და ყველაზე საძულველი არსება იყო, იმიტომ რომ ბავშვი ძალით მიჰყავდა, ასწავლიდა და შეეძლო, წკეპლაც გამოეყენებინა. ამიტომ პედაგოგი მძულდა, რადგან მინდოდა და არ მაკეთებინებდა. ასეთი საძულველი იყო რჯული. ხოლო ქრისტეში უკვე აღარ ვიტანჯებით იმის გამო, რომ არ ვიპარავთ, არ ვმრუშობთ, არ ვკლავთ, ქრისტეს ამის მიღმა გავყავართ. ქრისტე აუქმებს რჯულს, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ უკვე შემიძლია, რჯული დავარღვიო, მის მიღმა გადის მაცხოვარი. წარმოიდგინე, რომ აქ სიბნელეა, სიბნელეში საორიენტაციოდ ვიყენებთ რაღაც საგნებს, მაგალითად, ჯოხს, მაგრამ, როდესაც შუქი მოვა, ისევ ჯოხით დავდივართ, რომ ერთმანეთს არ დავეჯახებოთ?! პირიქით, რადგან შუქი მოვიდა, უბრალოდ, ვეღარ დავეჯახებით ერთმანეთს. ათასჯერაც რომ გავიარო სინათლეში, ისე გავივლი, რომ მაგიდას არ წამოვედები, მაგრამ, აბა, დაბნელდეს, რა დღეში ვიქნები?! რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, რაღაც საშუალებები დაგვჭირდება, მაგრამ ეს არ იქნება ნორმალური მდგომარეობა. აი, ეს იყო რჯული, ქრისტე კი უკვე სინათლეა. ნათლობისას ითქმება, ნათელს იღებს მონა ღვთისაო. რა ნათელს იღებს?! შემოდის ქრისტეს ნათელი და ადამიანი ერთ წამში ქრისტეს მოწამე ხდება – მან გაიღვიძა, ის მიხვდა. ირწმუნო – ნიშნავს, მიხვდე იმას, რასაც იქამდე ვერ ხვდებოდი. ირწმუნო – ნიშნავს, გაიღვიძო და გაღვიძებული უკვე ფლობ სიტუაციას. დანარჩენი მდგომარეობა ძილია. ადამის ძილია ეს წუთისოფელი. ადამს ეზმანა, რომ ის ღმერთია და ღმერთმა დატოვა ის ამ ზმანებაში, რომ გაღვიძებოდა და სამოთხეში დაბრუნებულიყო. გაღვიძება გონს მოსვლაა. ქრისტეს გარეთ ყოფნა ნიშნავს გონის დაკარგვას, ქრისტეში ყოფნა – გონს მოსვლას. ქრისტემ გადაგარჩინა და ეს ერთი მხარეა, მაგრამ შენ ამას უნდა უპასუხო, ჩართული ხარ ამ პროცესში. იგივე გზა უნდა გაიარო, რაც ქრისტემ გაიარა. შენ იწყებ ქრისტეს მიერ გაკეთებულის გაკეთებას; ქრისტესავით უნდა სძლიო შენში ფარისეველს, იუდას, წარმართს, ფილოსოფიურ აზრებს, რელიგიას, ყველაფერს, რაც გეუბნება, დაანებე თავი ძიებას, ჭამე-სვი, ცოლი მოიყვანე, გაერთე. ესენი კი არ უნდა მოიძულო, არამედ უნდა განასწავლო. სადაც არ ჭრის, განერიდო, მაგრამ უნდა თქვა, უფალო, შეუნდე, არ იციან, რას აკეთებენ. გახსოვს, ქრისტემ თქვა, ჯობია, მე წავიდე, სანამ თქვენთან ვარ ფიზიკურად, ყველაში ვერ შემოვალ, ეს სიმკვრივე მიშლის ხელს, როგორც კი ავმაღლდები, ისევ მოვალ თქვენს გულში და როგორც მე ვძლიე წუთისოფელს და აღვდექი, ისევე ვძლევ თქვენს წილ წუთისოფელს და ისევე გამოგიყვანთ ყველას. თითოეული ჩვენგანის შიგნით ქრისტე იღვწის და, წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანეთის წინაშე?! ჩემი მოქმედებით, შენს წილ ქრისტეს ხელი უნდა შევაშველო და არ უნდა შევუშალო. რატომ ამბობს ქრისტე, გიყვარდეს მოყვასიო?! მე გიყვარდეთო, გვეუბნება, მე ვარ იმ მოყვასში; დამიდექით გვერდით, რომ ისინიც გონს მოვიყვანო, სძლიონ წუთისოფელიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი