რელიგია

რატომ უბოძა ღმერთმა ადამიანს, თავის ხატს, უძლური და სუსტი სხეული

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.03, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანი იმას გარდა, რომ ღვთის მსგავსი, ანუ ხატია, მასში დევს ღვთის მიმსგავსების, ანუ განღმრთობის შესაძლებლობა, თუმცა ადამიანის სხეული იმდენად სუსტია და არ ემორჩილება ადამიანის ნება-სურვილს, რომ იბადება კითხვა: რატომ მოათავსა შემოქმედმა თავისი ქმნილება – ღმერთობის პოტენციალის მქონე, ასეთ მყიფე ჭურჭელში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ ვართ ასეთი უძლური ღმერთები?

– ამ ყველაფერს ძალიან ღრმა ფესვები აქვს. მოდი, გავიხსენოთ და გავიაზროთ პავლე მოციქულის სიტყვები, თუმცა ამ თემის ბოლომდე ამოწურვა შეუძლებელია. პავლე მოციქული ამბობს: ჩვენი საგანძური, ანუ ჩვენი ღვთაებრიობა, ჩვენი სულიერი ნაწილი, თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რომ ზეძალა მიეწეროს ღმერთს და არა – ჩვენ. იბადება კითხვა: რატომ გახდა ეს აუცილებელი? რატომ მოათავსა ღმერთმა ადამიანი მყიფე, წარმავალ ჭურჭელში, ანუ რატომაა მუდმივ ორმაგობაში?! ღმერთმა თავის ხატებას, ადამიანს, ერთჯერადად კი არ შთაბერა სული, არამედ ადამიანში სუნთქვასავით უწყვეტადაა ღმერთის თანდასწრება – ღმერთმა რომ თავისი სუნთქვა უკან წაიღოს, არა თუ ადამიანი, მთელი სამყარო დაიშლება. ანუ ჩვენ ერთჯერადად არ ვართ შექმნილნი – ისევე, როგორც ადამიანი ქმნის მაგიდას ან, მაგალითად, კომპიუტერს, როდესაც ადამიანის მიერ შექმნილი ადამიანისგან დამოუკიდებლადაა და არც ისე უნდა გავიგოთ ღმერთის მიერ ადამიანისთვის თავისი სულის შთაბერვა, როგორც ბუშტის გაბერვა, რომელიც, ასევე, თავისთვისაა, შეიძლება, გასკდეს და შიგთავსიც, რაც ჰაერი ჩავუშვი, გაიბნევა. მთელი სამყარო და, მით უმეტეს, ადამიანი ღმერთის უწყვეტ ნებაზე დგას.

პავლე მოციქული წერს: რათა დიდება ადამიანს არ მიეწეროს და არ თქვას, მე ვარ ღმერთი, ისეთ ჭურჭელშია, რომელიც ადვილად იმსხვრევა, რომ ბალანსი იყოს დაცული. სხვა დროსაც გვითქვამს და გავიმეორებ: თუ ღმერთი ადამიანს სრულყოფილსა და დასრულებულს შექმნიდა, მაშინ ის ღმერთის კლონი იქნებოდა; თუ ღმერთზე ნაკლებს შექმნიდა – ასეთი ქმნილებებით სავსეა სამყარო: გალაქტიკებით დაწყებული და მწერებით დამთავრებული, კანონზომიერებებითა და ინსტინქტებით რომ იმართებიან, ამიტომ ღმერთი ადამიანს ქმნის, ერთი მხრივ, პოტენციალით, ანუ თავისზე ნაკლებს და მოაქცევს თიხის ჭურჭელში, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაკლებობაში რომ არ დარჩეს ადამიანი, მასში ხომ ღმერთის სულია?! აძლევს თავისუფლებას, რომ შექმნას თავისი თავი და ღმერთს მიემსგავსოს ბოლომდე, უსასრულოდ, სანამ მოესურვება, რადგან საზღვარი არ აქვს ადამიანის ღმერთთან მიმსგავსებას. აი, ამით გადაილახა ადამიანსა და ღმერთს შორის, როგორც შემოქმედსა და ქმნილებას შორის, უფსკრული. ანუ ადამიანი უბრალოდ დაბალი ქმნილება არ არის, მაგრამ მან სრულყოფილებას უნდა მიაღწიოს ღმერთისადმი სწრაფვითა და შინაგანი სურვილით. ითქვა, შეიქმნას ღვთის ხატად და მსგავსადო, მაგრამ ღმერთმა შექმნა ხატად თვისაო, მსგავსება აღარ წერია. იმიტომ რომ მსგავსება უკვე ჩემი პასუხია: მე ღმერთმა შემქმნა, როგორც ღმერთად ქცევის შესაძლებლობა. ნებისმიერი მარცვალი, საჭირო ნიადაგში რომ აღმოჩნდება, ხომ იმად იქცევა, რის მარცვალიცაა?! ანუ, ხომ, იხსენებს თავის თავს?! შესაბამისად, ჩვენში ღვთის ხატობა ნიშნავს განღმრთობის შესაძლებლობას, ესე იგი, ჩვენ ვიხსენიებთ საკუთარ თავს ღმერთად, ოღონდ, გზა რომ არ აგვერიოს, არ მოვწყდეთ ღმერთს და არ გავბრუვდეთ ღმერთობით, ამისთვის თიხის ჭურჭლებში მოგვათავსა. ანუ, მართალია, ღმერთი ვარ, მაგრამ ისეთ სხეულში ვარ, რომელიც არ ვიცი, როდის დამეფშვნება; ერთ-ორ წამობერვაზე ცივდება, ბერდება, ჭკნება, იფიტება... და აი, ამ უფორმო მასას, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენში არსებულმა ღვთიურობამ, ღმერთის სულმა ნელ-ნელა ფორმა უნდა მიანიჭოს, რომ ამ სიმძიმიდან და სიბნელიდან ღვთის მსგავსება გამოიზარდოს. ამის შესაძლებლობა ჩადო ღმერთმა ადამიანში და უთხრა; შექმენი შენი თავი და მოდი ჩემთან მომსგავსებით. სწორედ ამ მიზნით გამოყო ადამიანი თავისი თავისგან მატერიის გარსით, რაც ერთგვარი დამცავია, რომ ღმერთის შუქმა, თანდასწრებამ ადამიანი არ წალეკოს. ღმერთის თანდასწრების ქვეშ ადამიანი ვერ განვითარდებოდა, მაგრამ ღმერთის გარეშე გაქრებოდა, ამიტომ ღმერთის თანდასწრება გამოზომილია, შემცირებულია და ადამიანში არის როგორც შესაძლებლობა, როგორც ნაპერწკალი, რომელიც ღვივდება და ამ უხეშ მატერიას გარდაქმნის საშენ მასალად და მიემსგავსება ღმერთს. ამიტომაც, როდესაც ადამიანი კარგადაა, ჰგონია, რომ თვითონაა ღმერთი, ხოლო, თუკი პრობლემები ექმნება, მაშინ მიდის ღმერთთან და ესეც დამცავი საშუალებებია. ვიცით, რომ ამას ებრაელები უწოდებენ დახმარებას შენ წინააღმდეგ. როდესაც შემოქმედი განსაცდელებით გახსენებს ბალანსის შესახებ, რომ შენ ღმერთი ხარ შესაძლებლობით და თავად უნდა დაასრულო ღმერთად ქცევის პროცესი. ამიტომ ადამიანს ყოველ ჯერზე, როდესაც სიკეთით ცხოვრობს, ფიზიკური ძალაუფლება, სიმდიდრე მიეცემა და ეს ყველაფერი – სიმდიდრე, ძალაუფლება, ყოვლისშემძლეობა სწორედ ღმერთის ატრიბუტებია. შესაბამისად, ადამიანიც ბრუვდება ამ ჭარბი სინათლით, ღმერთი ჰგონია თავი. სხვათა შორის, ამპარტავნება, ყველაზე პირველი ცოდვაა და ქართულად ეს სიტყვა ვერ იხსნება: „ამპარტავანი“ სომხური სიტყვა ყოფილა, მაგრამ სომხებმაც არ იციან, რატომ ჰქვია ამპარტავანი, ანუ ამ სიტყვის ეტიმოლოგია. თუმცა ბერძნული ხსნის: „ამპარტავანი“ ბერძნულად არის „ჰიპერეთანია“, ანუ ჭარბად ნათლის მოფენა, ჭარბი სიკაშკაშე. ადამიანი, რომელსაც ჭარბ ცოდნას მისცემ, რის მისაღებადაც მზად არ არის, თავს კარგავს, ჰგონია, რომ საუკეთესოა. ადამიანს ყველაფერი ჭარბი, რის ათვისების უნარიც არ აქვს, აბრუებს და ამ დროს ავიწყდება, რომ ღმერთი არ არის; როდესაც ეს სიჭარბეა ადამიანში, განგება მაშინ დაუშვებს ხოლმე განსაცდელს. ეს იმას ჰგავს, ზომაზე მეტად გაბერილი საბურავიდან ჰაერს რომ გამოუშვებენ, რომ არ გასკდეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელსაც ეგონა, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ანუ მე ვარ ღმერთი, ჩემ იქით არაფერია, ფულიც მაქვს, ძალაუფლებაც, ავიწყდება, რომ გზა აქვს გასავლელი და რაც აქვს, მას პირველწყაროდან იღებს, ისეთნაირად შეეხება განგება, ანუ მაშინ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომ მიხვდეს ადამიანი, მისი გემი მეჩეჩზე შეჯდა; ის ღმერთი არ არის; მასში არ არის ეს ძალა, ეს ილუზია იყო და სწორედ მაშინ მიდის ადამიანი ღმერთთან: ღმერთო, მაპატიე! ამის კლასიკური ნიმუშია ფარაონის დასჯა ათი სასჯელით, მოსეს მეშვეობით რომ უვლენს ღმერთი. ვინაა ფარაონი? ეგვიპტის მმართველი; ხოლო ეგვიპტე განასახიერებს ცხოვრებას ღმერთის გარეშე, ღმერთის გარეშე შექმნილი კანონებით; ფარაონი არის ეგო, ვინც ამბობს, რომ მე ვარ ყველაფერი და, შესაბამისად, ეს სასჯელები არის გონს მოსაყვანი საშუალებები. თავიდან შიშით ინანიებს ფარაონი, მერე, როდესაც კარგად ხდება, ისევ არ უშვებს ებრაელებს, ისევ იჭიმება; როდესაც კიდევ შეეხებიან, ისევ ქედს იდრეკს და, საბოლოოდ, უკვე ვერ ბედავს და ნებდება. ჩვენც ასე ვიქცევით: როდესაც განსაცდელი შეგვეხება, ვამბობთ, ღმერთო, მეტს ასე აღარ მოვიქცევი, მაგრამ, როგორც კი ფეხზე დავდგებით, გვავიწყდება მიცემული პირობა და ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ისევ გვგონია, რომ სხვაზე უკეთესები ვართ. სხვაზე მაგრები, ლამის ღმერთები, მაგრამ ამის შემდეგ უფრო მწარე განსაცდელი მოვა და როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ისევ გაექცა ძალა, რომელიც თავისი ეგონა. ისევ ღმერთთან მიდის და პატიებას სთხოვს... და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ გონს არ მოვეგებით, რომ ღმერთის ხატება საბოლოოდ მიემსგავსოს ღმერთს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი