რელიგია

რატომ მოიკლა თავი იუდამ და რატომ ვერ უძლებს ადამიანი ამპარტავნებას

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

პეტრე და იუდა, ორი მოციქული, ქრისტეს ორი მოწაფე, რომლებმაც გაყიდეს მაცხოვარი: პეტრემ სამჯერ უარყო, იუდამ კი 30 ვერცხლად გასცა, თუმცა პეტრე მოციქულად დარჩა და ქრისტესთან დაივანა, ხოლო იუდამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ აპატია. რას მიხვდა პეტრე, რამაც მას გადაალახვინა საკუთარი დაცემა და რას ვერ გაუძლო იუდამ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა განსხვავებაა იუდასა და პეტრეს შორის და რას მიხვდა პეტრე, რასაც ვერ მიხვდა იუდა?

– იუდა თავს იმიტომ იკლავს, რომ ისიც განულდა პეტრესავით და უნდა მიმხვდარიყო იმ საიდუმლოს, რომელსაც პეტრე მიხვდა. რადგან ვერ მიხვდა, ამიტომ თავს ვერ აპატია. იუდა ამბობს, შევცოდე, მართლის სისხლი გავეციო. და მაინც, რატომ იკლავს თავს იუდა?! იმიტომ რომ ვერ უძლებს ამპარტავნებას. ადამიანები, ძირითადად, ასე იქცევიან, საკუთარ თავს ზედმეტს სთხოვენ, ხოლო უფალი გეუბნება, შენ ვერ შეძლებ ამდენის ზიდვას და რატომ იკლავ თავს?! რატომ სთხოვ შენს თავს ამდენს?! აი, ეს არის ცოდვა და მაშინ რატომ ცოდვილობ. სწორედ ამას მიხვდა პეტრე: შეუძლებელია, მას, თავისი ადამიანური ბუნებით, გაეგო ქრისტესთვის და ეს არც მოეთხოვებოდა. რადგან მან არ დაიჯერა, რომ ვერ გაუგებდა ქრისტეს, ადამიანური ბუნებით ჭარბი სიყვარული გამოავლინა. პეტრეს მართლაც უნდოდა იმის გაკეთება, რასაც ამბობდა, ყველამ რომ მიგატოვოს, უფალო, მე არ მიგატოვებო, მაგრამ ჩამოენგრა ეს მისი წარმოდგენები და სწორედ მაშინ დაიბადა პეტრე, როდესაც მიხვდა, რა მოხდა. იქ წერია ასეთი ფრაზა: იესომ შეხედა პეტრესო. რა უნდა ყოფილიყო ამ მზერაში, რა წაიკითხა პეტრემ მასში?! ამის ახსნა შეუძლებელია. თუ გახსოვს ფილმი „ორნი ქალაქში“, რომელშიც ჟან გაბენი და ალენ დელონი თამაშობენ?! დაახლოებით, იგივე სიუჟეტია. პერსონაჟი, რომელსაც ალენ დელონი თამაშობს, განზრახ მიიყვანეს სასჯელამდე. მას არ ეკუთვნოდა ასეთი სასჯელი. მართლაც წესიერად ცხოვრობდა, მაგრამ არ მოეშვნენ და იძულებული გახდა, მოეკლა ის გამომძიებელი. ამიტომაც სიკვდილს მიუსჯიან. ბოლო სცენაში პატარა ბავშვითააა, საყელო შემოაჭრეს, იმიტომ რომ გილიოტინაზე მიჰყავთ და მას არავინ ჰყავს ადვოკატის გარდა. ეს ახალგაზრდა ბიჭი მართლაც სიწმინდეა. ისე მოხდა, რომ დაუცველია, კრავია, ფაქტობრივად. უცებ უკან მოიხედავს, მის თვალებს გვაჩვენებენ და ადვოკატს, რომელსაც ჟან გაბენი თამაშობს, ეუბნება, მეშინიაო. როგორ ფიქრობთ – იესოს არ ეშინოდა?! ხომ გახსოვს, წმიდა მამები რას ამბობენ: იესოს შეეშინდაო სიკვდილის, მაგრამ არ შეძრწუნდაო და ეს სულ სხვაა. შეეშინდა და შიში გადალახა და სწორედ ის არის სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება, როდესაც მოყვასისთვის თავს სწირავ. ამიტომ იზიდავს იესო ყველას გულებს და ამიტომ არის, რომ ეს ჩვენი ქრისტიანობა, თუნდაც, ჩემი მსახურება, რომ ვერ მოქმედებს ადამიანებზე და შემდეგ სხვებს ვაბრალებთ ურწმუნოებას. რატომ ვერ მოქმედებს?! იმიტომ რომ შენ თვითონ არ აჩვენებ ჯვარცმულ სიყვარულს, შენ ელაპარაკები ჯვარცმულზე, ელაპარაკები ქრისტეზე. ის ადამიანი გისმენს და ფიქრობს, მე არ ვიცი, სად არის ქრისტე; შეიძლება, იყოს სადღაც, მაგრამ ახლა მე სად წავიდე?! წარსულში?! მაგრამ ქრისტე ხომ აწმყოა, სიყვარულია, ღმერთია?! ესე იგი, აქ უნდა მაჩვენო და როგორ მაჩვენებ, თუ ჩემ წინაშე დგახარ და ჯვარცმული არ ხარ?!

კი ბატონო, ქრისტეს სიტყვებს ქადაგებ, მღვდლის ანაფორაც გაცვია, შესამოსელიც, ქრისტიანიც ხარ, მაგრამ შენში ვერ ხედავს ამ სიცოცხლეს. არადა, უნდა დაინახოს, სხვანაირად ვერ დაარწმუნებ. ათი კაცი უმოწმებს თომას, ჩვენ ვნახეთ ქრისტე მკვდრეთით აღმდგარიო, მაგრამ თომა ეუბნება, სანამ ხელს არ ჩავყოფ მის ჭრილობებში, ვერ დავიჯერებო. ხოლო სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ ათი კაცი კი არა, თითო-თითო ქრისტიანები ქადაგებენ; პატარა გოგონები ბიჭები, არისტოკრატების სახლში მსახურად რომ დგანან და რომაელი არისტოკრატები ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, იმიტომ რომ მქადაგებლებს ალი უნთიათ გულში, მათში ცეცხლს ხედავენ. წარმოგიდგენია, რომაელ არისტოკრატს ვიღაც ქრისტიანმა რომ უქადაგოს: მე შენ გასწავლი ქრისტეს მოძღვრებას – იესო ქრისტე ცხოვრობდა ოცი წლის წინათო და მან ამას მოუსმინოს? ზღაპრად მიიღებს ამ ამბავს; მეტიც, მოციქულ პავლეს ეუბნებოდნენ, შენც ზღაპრად ყვები რაღაცასო. ქრისტიანობა, უპირველესად, პრინციპებია და არაფერი სხვა. თუ არ გააკეთე, თუ ჯვარცმული სიცოცხლე არ გვაქვს, რაც უნდა ვიძახოთ, არ დაგვიჯერებენ. თუ ეგოს არ ვენდობით, მაშინ, რაც რჩება, ის უკვე ქრისტეა ჩემში. ქრისტეს ახალი მოძრაობა კი არ მოუტანია – ქრისტე არის ბუნებითი რჯული, რაც ადამსა და ევას ჰქონდათ. რატომ არის მელქისედეკი იესო ქრისტეს სახე?! ის არის რეალური ისტორიული პიროვნება, რომელსაც აბრაამმა მეათედი იქით მისცა; აბრაამმა, ვისგანაც შეიქმნა ტაძარი, მსახურებები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს, წარმოიდგინე, იქით მისცა მელქისედეკს მეათედი. ვინ არის ასეთი ეს მელქისედეკი, რომელიც იერარქიამდე არის და იერარქიაზე მეტია?! იმავეს არ გვეუბნება ქრისტე, თქვენ ხართ ღმერთის ტაძარი და მიიტანეთ მსხვერპლი, რომელიც ღმერთს ესიამოვნება. და ეს რა არის?! ქების სიტყვები, მადლიერება... აი, ესაა მელქისედეკობა და ქრისტე იმაში გაბრუნებს.

რაც მოგეკრო კულტურისგან, ეპოქისგან, გენეტიკისგან, აღზრდისგან, ტრადიციისგან და დაგაკნინა, დაგავიწყა ბუნებითი რჯული, აი, იმ ბუნებით რჯულამდე ჩაჰყავხარ ქრისტეს თავისი ჯვარცმით. მან მოგაშორა ძველი კაცი და რაც დარჩა, ის არის ბუნებითი რჯული. სწორედ ამ ბუნებით რჯულზე ყვება „ძველი აღთქმაც“. ისეთ რჯულს კი არ მოგვცემთ, ამბობს იერემია წინასწარმეტყველი, როგორიც მოსემ მისცაო მთაზე, როდესაც ძალით დააფიცა და შიშით მიიღეს ებრაელებმა, არამედ გულებში ჩავუწერ რჯულსო. შემდეგ წერია, ახალ გულს მივცემ მათო. იმავეს ამბობს „ახალი აღთქმაც“. რას ამბობს იოანე მახარობელი?! სულიწმიდა, ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ, არის ნამდვილი და მართალი და რასაც ის გასწავლით, დარჩით მასში. მეტიც, არ არის საჭირო, ვინმემ რამე გასწავლოთ, თვითონ ეს ცხებულება გასწავლით ყველაზე მეტსო. ვინ არის ცხებულება?! რა კი არა – ვინ არის?! რას ნიშნავს ცხებულება? ხრისტოს ბერძნულად არის ცხება, ცხებული. ანუ ცხებულება რომ გაქვს, ეს ქრისტეა, ეს ქრისტეს სულია ჩემში. ის არის, რომელიც მე აღმასრულებინებს სიყვარულს. გაიხსენეთ, რომ ვამბობთ, რა მოგვეცხოო. ანუ, როგორ მოგაცხობ, თუ მე არ მაცხია?! შესაბამისად, რაც უნდა იჭაჭებოდე, ქრისტე, ქრისტე... ღმერთი, ღმერთი... ალილუია, ალილუია... რა მერე?! არაფერი. ხოლო, თუ გაცხია, უკვე ცხებულება ქადაგებს შენ ნაცვლად – შენი სურნელი, შენი სიტკბო, შენი მანერები, იმიტომ რომ ამით ხარ გაჟღენთილი.

აი, რა უნდა ღმერთს; აი, რატომ ითმენს ამდენ ჭიდილსა და ბრძოლას. სხვათა შორის, ღმერთის ამ სურვილით, რომ მას უნდა ადამიანი, როგორც თავისუფალი, როგორც პიროვნება, რომელთანაც დიალოგი ექნება, არის გამართლებული ღმერთის მიერ ბოროტების ამ ქვეყანაზე დაშვება, რომელშიც მუდმივად ამტყუნებენ ღმერთს და რაც ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი