რელიგია

რატომ მოგეცემა ლოცვით ის, რაც უმჯობესია შენთვის და არა ის, რა მიზანსაც ემსახურებოდა შენი მოქმედება

№50

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.12, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ილოცე ისე, თითქოს ყველაფერი ღვთის ნებაა და იმოქმედე ისე, თითქოს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, – უთავსდება თუ არა ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს და როგორაა შესაძლებელი ამის მიღწევა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ეს თომა აქვინელის გამონათქვამია და ძალიან კარგად გამოხატავს ადამიანის ნამდვილ არსს – რომ ადამიანი ცასა და მიწას შორისაა, ორი ბუნების სინთეზია და ისაა, ვინც ამ ორიდან ქმნის თავის თავს. ევოლუციურად რომ შევხედოთ, ადამიანი, როგორც ბიოლოგიური გვარი, ჰგავს თავის წინამორბედებს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ადამიანის არსზე, რომელიც ქმნადობის შედეგია. არა მხოლოდ არამართებული, არამართლმადიდებლურიცაა იმის მტკიცება, რომ სული ნებისმიერ შემთხვევაში უკვდავია, ვინაიდან სული არავის მიეცემა გამზადებულად. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ თავს, საკუთარ არსს, სულს და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის. ადამიანი ღმერთისგან რომ სრული შექმნილიყო, მაშინ ქმნადობის თანამონაწილე ვერ იქნებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ ადამიანს რომ შეეძლოს საკუთარი თავის გამოჭედვა, მაშინ რად უნდა ღმერთი?! თვითონ იქნებოდა ღმერთი! და აი, ეს ორი ერთად: ილოცე და იმოქმედე, თითქოს ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ სინამდვილეში მათი ჰარმონია და პროპორციაა ადამიანი. ღმერთის ძალამ რომ იმოქმედოს ჩემზე, მხოლოდ პასიური მიმღები არ უნდა ვიყო. ადამიანის არსი ადამიანურისა და ღვთაებრივის ძალისხმევით ისხამს ხორცს. როგორც მიწისა და ცის სტიქიების ზემოქმედებით ვიღებთ ჭირნახულს: მარცვალი მიწაშია, ზემოდანაა მზე, წვიმა; ხოლო შუაშია ის, რაც უნდა მივიღოთ. იგივეა, თუ მთლიანად ლოცვას მივენდობი, პასიური მიმღები ვიქნები; თუ მთლიანად მე ვიმოქმედებ, მაშინ მატერიალისტი, ათეისტი, რომლისთვისაც მხოლოდ გონება არსებობს. ძირითადად, სწორედ ეს ორი უკიდურესობაა: ერთი უკიდურესობაა, როდესაც სჭარბობს ლოცვა, რომ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და ჩვენ ამის მოწმენი ხშირად ვხვდებით – ბევრი პრობლემის გადასაწყვეტად ქართველები, მართლმადიდებლები, ზედმეტად არიან მინდობილები ღმერთს. დედიკოს ბიჭები არიან, მარიამ ღვთისმშობლის იმედად. აბა, გავიხსენოთ, რას ვამბობთ ხოლმე? რომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრები, რჩეულები, ჩვენთანაა უფლის კვართი, გვყავს ასი ათასი მოწამე... ეს გასაგებია, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ამით გადაიფარება შენი უმოქმედობა?! ეს იმისთვისაა, რომ მეტი იმპულსი მოგეცეს უფალთან მიმსგავსების გზაზე. მხოლოდ საკუთარი ნება რომ აინტერესებდეს ღმერთს, უფრო ახლოს მოვიდოდა და ჩვენს ნებას წაგვართმევდა. ამავეს ეხმიანება კიდევ ერთი გამოთქმა: ღმერთი და ადამიანი მეორე სართულზე ხვდებიან ერთმანეთს. უხეშად რომ ვთქვათ ღმერთი მესამე სართულზეა, პირველზეა ადამიანი, ანუ ვერც ადამიანი აიწევა პირველიდან მესამეზე და არც ღმერთი ჩამოვა მესამიდან პირველზე. მაგრამ, როდესაც ადამიანი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, ფეხის წვერებზე დადგება და ხელს ბოლომდე აიშვერს, აი, იქ შეხვდება ღმერთი მას, იმიტომ რომ ისიც ჩამოუშვებს თავის ხელს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომელი ჯობია: რაც უნდა მოინდომო, თუ ღმერთის მადლი არ მოვა შენთან, ვერაფერს მიაღწევ. წარმოიდგინე, გლეხს მოჰყავს ჭირნახული, მაგრამ, რაც უნდა იშრომოს, თუ ცის მადლი არ იქნა, სეტყვა ერთ საათში მოუსპობს მთელი წლის ნაშრომს. ღმერთი შეგეწევა, როდესაც შენც არ იშურებ შენს ადამიანურ ძალისხმევას. ოღონდ ისიცაა, რომ, თუ არასწორ ძალისხმევას იჩენ, არც მაშინ შეგეწევა. ამდენად, ერთი უკიდურესობაა, როდესაც ზედმეტად ვართ მინდობილი ცას, ღმერთი მაინც გვიშველისო და ლამის იქამდეც მივიდეს ადამიანი, რომ წამალს არ ყიდულობს; არადა, რომ მოგშივდება, ღმერთი გიშველის იმით, რომ დათესავ და მოიმკი მოსავალს. მხოლოდ ცის იმედად ყოფნა სულიერი ინფანტილიზმია, ამიტომაცაა საქართველოში ჭარბად დედიკოს კულტი: ღვთისმშობელი დაგვიცავსო და ამ დროს არაფერს აკეთებ. როგორ დაგიცავს ღვთისმშობელი, თუ შენ მაქსიმუმს არ გააკეთებ, ქრისტიანულ მცნებებს არ დაიცავ?! ქრისტიანულად არ იცხოვრებ?! ამის გამოხატულებაა წარსულით ტრაბახიც. ის წარსულიც სიმართლეა, მაგრამ შვილიშვილმა რომ იკვეხნოს, ასეთი და ასეთი პაპა მყავდაო, შეხედავს, ვინც უსმენს, თავად ის შვილიშვილი რას ჰგავს; ატყვია ასეთი პაპის შვილიშვილობა?! შენ იმიტომ უნდა გჭირდებოდეს პაპის კულტივირება, რომ ის შენში გრძელდება და ვლინდება. შენ საკუთარი თავით უნდა აჩვენო, ვისი გორისა ხარ.

– ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი რომანის გმირი ამბობს ფრაზას, რომელიც ბავშვობიდან დამამახსოვრდა: ერი თავისი უარესი შვილით იზომებაო.

– ჯაჭვის სიმტკიცე რით იზომება?! რაც უნდა ძლიერი რგოლებით იყოს შეკრული, თუ ერთი რგოლიც კია სუსტი, მაშინ მთლიანი ჯაჭვის ძალა იმ ერთი სუსტი რგოლის ტოლფასია. ამის მეორე უკიდურესობაა, როდესაც ქართველი დასცინის ყოველგვარ რწმენას, ღმერთს. ეს ათეისტური სულია, დღეს ლიბერალიზმით შეფუთული, ოღონდ იგივე ათეიზმი. შესაბამისად, თუ ღმერთი სასაცილოა, როგორ უნდა გიშველოს ასეთმა ღმერთმა?! გახსოვთ, ხომ, როგორ მუშაობდა საქართველოში ფორმულა: ღვთის ანაბარა დარჩაო და ეს იყო ყველაზე დამამცირებელი მდგომარეობა, გამომხატველი იმის, რომ არავინ ხარ და არაფერი გაგაჩნია. როგორც ვთქვით, ეს უკვე მეორე უკიდურესობაა: ვერანაირი ღმერთი ვერ გიშველის, რომც იყოს, თუ შენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად მიაწვები შენს საქმეს. აი, ასეთი მიწოლით კახეთში ერთ საათში წყალში იყრება მთელი ჭირნახული.

მაგრამ არის ერთი საინტერესო მომენტიც: ლოცვით მოგეცემა ის, რაც შენთვის უმჯობესია და არა ის, რაც შენ ჩადე შრომაში. ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა ჯობია ჩვენთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. მოქმედებით ვიღებ იმას, რაც ჩემთვის უმჯობესია და არა იმას, რაც მე მინდა, აი, ამ წერტილამდე მისვლისთვის სჭირდება ადამიანს ყველაფერი, რაც მასშია ჩადებული, წლები, ანუ დრო და გარემო. და ამ წერტილს თავად უნდა მიაღწიოს. ის თავისთავად არ არსებობს, იქმნება ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს – საკუთარი მოქმედებისა და ღმერთის იმედის – სინთეზით. ისინი ერთმანეთს ააქტიურებენ. ერთი მხრივ, ღვთის წყალობა და, მეორე მხრივ, ჩვენი ძალისხმევა ქმნის ჩვენს ბუნებას, ხვეწს მას და გონს მოჰყავს ის. ჩვენ ვიგონებთ ჩვენს თავს: უბრალოდ კი არ ვიზრდებით, არამედ ვიხსენებთ იმ პოტენციალს, რაც ჩვენშია ჩადებული. ისევე, როგორც საზამთროს მარცვალი იხსენებს თავის თავს და იზრდება საზამთროდ და არა იმიტომ რომ მას გლეხი უვლის. რამდენიც გინდა, მოუარე მარცვალს, თუ მასში საზამთროს ხსოვნა არ არის, როგორ იქცევა საზამთროდ?! მოვლით შენ უბრალოდ ხელს უწყობ გახსენებაში. ჩვენც ასე ვართ. ამდენად, ფორმულა, რითაც დავიწყეთ საუბარი, ნიშნავს, რომ ვაკეთებ ყველაფერს, რაც მე, ადამიანს, შემიძლია, თუნდაც, ბრმად ვმოქმედებ, ვინაიდან არ მაქვს გარანტია, რომ სწორად ვმოქმედებ, მაგრამ მაინც ვცდილობ და, მეორე მხრივ, რაოდენ დიდი ძალისხმევაც უნდა გავიღო, თუ ღმერთი არ შემეწია, ამაოა მცდელობა... „ამაოდ სდარაჯობენ ქალაქს გუშაგნი, თუ ღმერთი არ დაიცავს ქალაქს“, მაგრამ ესეც კი არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავჩერდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი