რელიგია

რატომ ჰგონია ადამიანს საკუთარი თავი ღმერთზე კეთილი და მოწყალე

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.03

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყველაზე დიდ კითხვად მაინც ის რჩება, თუ რატომ ხდება უსამართლობა და, თან ამდენი; რატომ ვერ სძლევს ამ დედამიწაზე კეთილი ბოროტს და რატომ აღწევენ თავიანთ მიზანს, უმეტესწილად, არც თუ კარგი ადამიანები? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ერთი შეხედვით, ძალიან წესიერ ადამიანებს უამრავი უბედურება ატყდებათ ხოლმე, უწესოები კი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს. როგორ იხსნება ეს?

– სახარებაშიცაა ეს საკითხი დასმული და ჩვენც მუდმივად ვაწყდებით მსგავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანები ფიზიკურ უძლურებაში იმყოფებიან, მათ შორის, დაბადებიდან. ამდენად, მუდმივად გვაწუხებს კითხვა: ერთი მხრივ, ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალეა, მეორე მხრივ კი, თუ ის ყოვლისშემძლეა, ყოვლადმოწყალე როგორაა, როდესაც ადამიანები ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში არიან?! თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი ასეთ კითხვებს სვამს, ნიშნავს, რომ ავტომატურად იკავებს ღმერთის ადგილს და ედავება ღმერთს, შენ რაღაც კარგად არ გაქვს მოწყობილი სამყარო, რადგან ისეთ სიტუაციას ქმნი, სადაც გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ ადამიანი დიდი ნიშნით იწყება იქ, როდესაც შეძლებს ამ ორმაგობიდან გასვლას. ეს ძალიან ძნელია და ქრისტეს ჯვარცმაა ამის წინა სახე. ადამიანის ბუნება განიცდის ჯვარცმას, როდესაც ამ ორ შუა ეხეთქება. აქ არ არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არსებობს; ლაპარაკია, აქვს თუ არა ღმერთს ყოვლისშემძლეობა და არის თუ არა ყოვლადმოწყალე, ხოლო, რადგან ღმერთს ვერ უბედავს, ადამიანმა საკითხი უნდა გადაწყვიტოს მიწაზე. მოწაფეები დაბადებიდან ბრმადშობილზე ეკითხებიან ქრისტეს: უფალო, ვინ სცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა?! მოწაფეებმა იცოდნენ, რატომაც დასვეს ეს კითხვა... თუ ბრმა დაიბადა, რა უნდა დაეშავებინა?! მაშინ უნდა ვაღიაროთ რეინკარნაცია, რაც ებრაელებში, სხვათა შორის, მიღებული იყო. ანუ ადამიანი იბადება წინა ცხოვრებებიდან, იქ დააშავა რაღაც, გადმოჰყვა და იმიტომ იბადება ბრმად, რომ ზღოს წინა ცხოვრების დანაშაული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: ებრაული გადმოცემით, ბაბუებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და კბილები მოეკვეთა მათ მოდგმას, ჩვენც გვაქვს მსგავსი გამონათქვამი. მაგრამ ამ ორის მიღმა მათ პასუხი არ აქვთ და სწორედ ესაა ცხოვრება: პასუხი არაა გამზადებული. ღმერთმა მოგვცა რაღაც შესაძლებლობები, სამუშაო იარაღები, ოღონდ ჭირნახული, ანუ პასუხი ჩვენ უნდა მოვიწიოთ. პასუხი იმალება ამ კითხვის მიღმა, მაგრამ ადამიანებს გვიჭირს იქ გასვლა. ადამიანებს გვინდა, რომ ყველაფერი გამოსაჩენ ადგილას იდოს და იყოს გასაგები. ადამიანი თავის განმრჩევლობას ეყრდნობა და რასაც იტევს, იმას დადებითად აღიქვამს, რასაც ვერ იტევს – უარყოფითად. შემდეგ ეს გროვდება და აი, ამას ჰქვია წუთისოფლის ბადე. ასეთი პირადი შეხედულებებით, პირადი სისტემებითაა დასერილი წუთისოფლის ბადე, რაც ცათა სასუფეველს გარდაქმნის წუთისოფლად ანუ ბინდავს. შემდეგ ის, რაც ადამიანების ხედვებიდან იბადება, მოძრაობს და ჩვენი ყოფაც სქელდება, გაუმჭვირვალე ხდება და ამას ვუწოდებთ ნამდვილ ყოფას; საერთოდ გვეკარგება ნათელი სამყაროს ხსოვნა და გადავდივართ ზღაპრებსა და მითებში, რომ სამოთხე არც ყოფილა. აი, ესაა წუთისოფლის ბედისწერა, რომელსაც ჩვენვე ვქსოვთ და თავის თავში არსებობა არ აქვს. ის ჩვენი ამ უმწიფარი აზრებისგან და ფიქრებისგანაა ნაქსოვი. ამის შიგნით ვიბადებით და აი, ესაა დაბადებიდან სიბრმავე. ამჯერად არ ვლაპარაკობ ფიზიკურ სიბრმავეზე, არამედ იმაზე, რომ ადამიანი ვერ ხედავს ნათელს. მოციქულების კითხვა არის ჩვენი, ადამიანური მდგომარეობა, ხოლო ქრისტეს პასუხი, რათა ღმერთის დიდება გამოვლინდეს მასზეო, არის ჩვენში სულისა და რწმენის პასუხი. პირველი მდგომარეობაა, როდესაც პასუხს პოულობ გარეთ: თუ ბრმაა, ესე იგი, ვიღაცის ბრალია, აბა, ყოვლადძლიერსა და ყოვლადმოწყალე ღმერთს ხომ არ გავამტყუნებთ?! მეორე მხრივ, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს პასუხი?! რას გვეუბნება ამით? შეწყვიტეთ ლოგიკური კითხვების დასმა: თეთრი თუ შავი, კარგი თუ ცუდი, ბოროტი თუ კეთილი. თუ დააკვირდებით, ქრისტე არასდროს იძლევა პირდაპირსა და მკვეთრ პასუხებს და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით მაცხოვრის პასუხებს, მით მეტად ვხვდებით, რომ პრობლემა სხვაგვარად დანახვით იჭრება და არა რომელიმე მხარეს დადგომით. არადა ადამიანს ჰგონია, რომ, როგორც თვითონ დაინახა, სხვამაც აუცილებლად ისე უნდა დაინახოს, თუ არადა, მტრად ჩათვლის და თუ შესაძლებლობა მიეცა, შეიძლება, ფიზიკური საშუალებებიც გამოიყენოს, რომ გაიძულოს, შენც დაიჯერო, რასაც ის ფიქრობს. სწორედ ასეთი კატეგორიული აზროვნების მიღმა გადის ის, რაც ღვთიურია, იმიტომ რომ ადამიანი ხედავს თვალით, ისმენს ყურით, გრძნობის ხუთი ორგანოთი და მიდის რაღაც დასკვნამდე. ამ დასკვნით (სიტყვა ნასკვი აქედანაა ნაწარმოები) აკეთებს კვანძებს და ყველაფერს ამის მიხედვით ალაგებს. ადამიანებმა ყველაფერს სახელი დავარქვით და შევქმენით ეს ორგანზომილებიანი სისტემა, რომელიც ჩვენს ლოგიკასა და ადამიანურ შესაძლებლობებზეა აგებული. ჩვენ ვიბადებით სამყაროში, რომელშიც თეთრისა და შავის მონაცვლეობებია და სადაც მესამე პასუხი არ არსებობს. ქრისტე გვეუბნება, როგორ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე – ერთი რომელიმე მხარე კი არ უნდა დავიჭიროთ, არამედ გავიდეთ ამის მიღმა, რათა ღვთის დიდება გამოვლინდეს. ანუ ცოტა დაიცადეთ, სამყარო ისეთი არ არის, როგორც ადამიანები ხედავთ და არც მოვლენებია ისეთი, როგორადაც ის ახლა თქვენში აღიქმება, ეს იმისთვისაა, რომ გამოვლინდეს ღვთის დიდება. იესო გეუბნება: ამწუთას ყველაზე დიდი უსამართლობაც კი საბოლოო არ არის, ეს პროცესია, ქმნადობაა და ქმნადობისას რაღაცები ირევა. განგება ბოლოში ხედავს და რაც ხდება, მისთვის გზა და საშუალებებია, ამიტომ გეუბნება: ადამიანო, რასაც ხედავ, არ არის სინამდვილე, მოითმინე და დაელოდე ღვთის დიდებას, გადავა ეს ყველაფერი, ნუ იქნები სულსწრაფი, იყავი გამდინარე... მაგრამ შენ, ადამიანი, კერპს ითხოვ: შავია თუ თეთრი, ამის ბრალია თუ მამამისის?! არადა, ეს შენი ხედვაა, რაც ღმერთის მემილიონედი გამოვლინებაა, იმიტომ რომ ღმერთი ვერც ერთ ფორმაში ვერ ეტევა. შენ შენ მიერ შექმნილი შეხედულების, კერპის იქით ვერ იყურები, განგება კი გეუბნება, ნუ შექმნი კერპს, იმიტომ რომ ყველა სახე მე ვარ და ყველა სახის მიღმაც მე ვარ; ძალიან პატარა იქნები, თუ თაყვანს მცემ მხოლოდ ერთ პატარა გამოვლინებაში, რომელიც შენი შექმნილია, მე ესეც ვარ, მაგრამ უსასრულოდ მეტიც ვარ. რა გვირჩევნია? ეს ერთი კერპი დავიდგათ წინ, თუ გავიდეთ მიღმა, რომ ღმერთის მარადცვალებადობის ნაკადში დავდგეთ?! მაგრამ ამისთვის გაბედულებაა საჭირო, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც გაბედულება არ ჰყოფნით, კერპს ეჭიდებიან. ეს ბავშვურია და რაღაც ეტაპზე დასაშვებიც, მაგრამ, თუ სულ ბავშვობაში დავრჩები, კერპთაყვანისმცემელი ვარ უკვე, შესაბამისად, მკაცრიც ვარ და დაუნდობელიც, რადგან, როგორც კი მეორე კერპს ვნახავ, ის უკვე ჩემი მტერია. რა არის სიბრძნე? როდესაც შენ არ უჯერებ შენი გრძნობის ორგანოებს და მათ მიღმა ხედავ უფორმო რეალობას, რომელიც თავის თავში ადნობს სიკეთესა და ბოროტებას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტს ბოროტი არ უნდა დავარქვათ და კეთილს – კეთილი, მაგრამ უნდა გავიზარდოთ: იმიტომ რომ ქრისტე მოსულია! უსასრულო შესაძლებლობებია და საბოლოოდ მეც დავინახავ იმ ერთს, რომლისგანაც ეს მრავალგვარობა გამოდის. აი, ამას გვეუბნება და გვასწავლის ქრისტე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი