რელიგია

როგორ განვითარდებოდა კაცობრიობის ისტორია, ადამს რომ ღმერთის სიტყვა დაეჯერებინა

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეძებს სიმშვიდეს, კეთილდღეობასა და უზრუნველობას, ოღონდ არაფერი მიწიერი მას არ აკმაყოფილებს და ვერ აძღობს. არადა ყველა ეს ძიება დაკარგული სამოთხის ძიებაა, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და უმეტესწილად, ვერც აცნობიერებს. რა ადასტურებს, რომ სამოთხის სული ცხოვრობს თითოეულ ადამიანში და რატომ უნდა ეძებდეს ადამიანი იმას, რაც არ უნახავს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: თვითონ ის ფაქტი, რომ ჩემში არის უკმარისობის, ნაკლებობის განცდა, უტყუარად ადასტურებს, რომ არსებობს სისავსე და სრულყოფილება. აბა, რატომ გაკლია?! მაგალითად, ძაღლს თუ აჭმევ და არ სცივა, წამოწვება და მეტი არაფერი უნდა, მოშივდება და ისევ ადგება. ყველა ცხოველი ასეა. მაშინ ადამიანში რა ხდება?! ჩემი არასრულყოფილება უკვე ადასტურებს ჩემს სრულყოფილებას. მე ვარ სრულყოფილისგან გამოზიდული არასრულყოფილება, რომ ისევ მისკენ მივიზიდო. იმავეს ამბობენ იოანე პეტრიწი და ჩვენი დიდი მოაზროვნეები და არა მხოლოდ ებრაული ფილოსოფია. პეტრიწი წერს, უკუეტრფისო მეტრფე... გამოზიდულია, მომწყდარი არ არის და რაც უფრო მეტადაა გამოზიდული პირველწყაროს, მით უფრო იზრდება მასში მისკენ მიბრუნების წყურვილი, ტრფიალება და ამას ვერაფერი შეაჩერებს.

გალაკტიონი ამბობს გენიალურად: „ძნელი როდი არის პოვნა, რაც რამაა დაკარგული, რადგან რასაც კარგავს ხსოვნა, ღრმად ინახავს ჩვენი გული“. შეიძლება, ალცჰაიმერი დაგემართოს და შენი სახელიც კი დაგავიწყდეს და შვილი ვერ იცნო, ეს მყიფეა, მაგრამ გალაკტიონი ამბობს, არის სხვა საცავი, გული, რომელშიც ყველაფერი ინახება. შენ გახსოვს თუ არ გახსოვს, გულს ახსოვს. ის არ გვასვენებს ჩვენ. ხსოვნის ეს ძაფი რომ გაწყდეს, სამყარო გადაგვარდებოდა და შეიძლება, ადამიანი არც აცნობიერებდეს, რისკენ ილტვის. რომ ჰკითხო, რა გინდაო, ვერც კი გითხრას, მაგრამ ყველაფერი, საბოლოოდ, იმ ერთის ბიძგებია, რაც ადამიანს არ ასვენებს. ეკლესიაც აღიარებს, რომ არსებობს წვდომის დონეები და ჩვენ არათუ ღმერთსა და რწმენას, მათემატიკას ვერ ვწვდებით ერთნაირად. ერთს პლუს ერთიც მათემატიკაა და ინტეგრალებიც მათემატიკაა, ოღონდ სხვადასხვა დონეა. მოციქული პავლე განარჩევს სამ დონეს: არის რძე, არის მწვანილი და არის ხორცი. ანუ სამი დონის საკვებია. რძე არის საკვები ჩვილთათვის და ჩვილის გაგებაა, რომ სამოთხეში რაღაც გააფუჭეს, ღმერთმა ვერ დაინახა, ამიტომ გაბრაზდა და გამოაძევა სამოთხიდან. ეს ახსნა მისაღებია გარკვეული სულიერი ასაკისთვის. ჩვენ ხომ არ დავცინით ბავშვებს, თუ მათ თოვლის ბაბუის სჯერათ?! ეს დონე ყველამ უნდა გავიაროთ, მეც გავიარე, ასე ვხედავდი და ისააკ ასური პირდაპირ ამბობს, ეს ბავშვური გაგებააო. ადამსა და ევას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაეტოვებინათ სამოთხე, როგორც პროექტი, იმიტომ რომ გარშემო უსიერი სამყარო იყო ასათვისებელი.

სამოთხეში მოცემული იყო ორი გზა: ერთი სიცოცხლის ხის გზა და ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ადამი და ევა ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხეს რომ არ შეხებოდნენ. იქაც არ ეუბნება ღმერთი, მოგკლავთ, თუ შეეხებითო. მოკვდებითო... ხომ არსებობს უსასრულო ვარიანტებში ნაწილაკების ერთდროულად ყოფნის თეორია?! მოდი, ასე განვიხილოთ ადამის ისტორიაც: თუ ადამი წავიდოდა სიცოცხლის ხის გზით, ჩვენ ხომ დღეს არსებულ რეალობას არ მივიღებდით?! მაგრამ ის რეალობა, ადამს რომ არ შეეცოდა, როგორ იცხოვრებდა, ხომ არსებობს სადღაც პოტენციალში, პარალელურ სამყაროში?! ზუსტად ეს არის გადმოტანილი უძღები შვილის იგავში. ჩვენ ვიცით ეს იგავი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ: ორი ძმაა, ორი მდგომარეობაა, ორი ვარიანტია. პირველი ვარიანტია უფროსი ძმა, მეორე ვარიანტია უძღები შვილი, რომელიც მამას ქონებას ართმევს, მინდა, ცალკე ვიცხოვროო. ქონებაში არ იგულისხმება არაფერი, გარდა ინტელექტუალური უნარებისა, ნიჭისა, ანუ იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ღმერთმა ჩვენში ჩადო. უძღები შვილი გამოეყო პირველწყაროს და შორ ქვეყანაში დაემკვიდრა. სხვათა შორის, კაენზეც წერია, დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაშიო, როდესაც აბელი მოკლა. რას მაძლევს ეს ინფორმაცია?! ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად დაემკვიდრა კაენი?! ამიტომაც უნდა წავიკითხოთ ეს ისტორია, როგორც სიმბოლოები, რომ ჩვენი სულის მდგომარეობა დავინახოთ და არა სადღაც ვიღაცის თავს გადამხდარი ამბავი. როგორც კი გავიგებთ, რას ნიშნავს „ნოდი“, ყველაფერი თავის ადგილას დგება. რუსულად ეს არის „სმუტა“, ზურაბ კიკნაძემ კი თარგმნა, როგორც საესავი, ანუ შფოთი.

ესე იგი, ნოდის ქვეყანაში დამკვიდრება ნიშნავს, რომ კაენი უკვე შფოთის მდგომარეობაშია და, რადგან შფოთიანობის საწყისი მდგომარეობა უშფოთველობა იყო, კაენს არ ასვენებს შფოთი, ანუ ზრუნვა. ქრისტე რატომ იმეორებს: ნუ ზრუნავთ?! გვეუბნება, არაფერი აკეთოთო?! რა თქმა უნდა, არა – გვეუბნება, ნუ შფოთავთო. ქართულად ასეა თარგმნილი სიტყვა ზრუნვა: ყველა დღეს თავისი ბოროტება ეყოფაო. ნუ ზრუნავ ნიშნავს ნუ კანკალებ, ვაიმე, რა ვჭამო, რა ვსვა... არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: სამოთხე არსად წასულა. სამოთხე ყველამ თავის შიგნით წამოიღო, ეს ჩემი სურათხატია – მე ხსოვნა წამოვიღე, მაგრამ აქ რომ აღმოვჩნდი, ვცდილობ, სამოთხის გემო, ფერი, სურნელი, მდგომარეობა განვახორციელო. პროექტი გულში მომაქვს და მის ხორცშესხმას მატერიაში ვცდილობ. ამიტომაც აშენდა ქალაქები, შემდეგ მუსიკალური ინსტრუმენტები შეიქმნა, რომ მუსიკის ჰანგებით გაიქარვოს სამოთხის ხმები; შემდეგ მითოსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და, აბა, გავიხსენოთ, რა დღეში ჩავარდება უძღები შვილი შორ ქვეყანაში?! ენატრება რკო – ღორების საჭმელი. მოდი, ახლა სიმბოლოებში გადავიტანოთ: ყველაფერი, რაც ნივთიერ სამყაროში არსებობს, სურათხატებია და სასწავლი ჩემთვის. ეს არის მატერიალიზებული თვალსაჩინოებები, რომ მათი მეშვეობით მე ჩემი თავი შევიცნო. ღმერთი ადამს რომ ეუბნება, იბატონე ყველაფერზე, ცაში – ფრინველებზე, ზღვაში – თევზებზე, მიწაზე – ქვეწარმავლებზე, ცხოველებზე... ეს რას ნიშნავს?! ეს ის ჩვევები და თვისებებია, რომლებზეც ადამმა უნდა იმეფოს. აქ კი რა ხდება?! უძღები შვილი ღორის მდგომარეობაშია: ღორი არის მატერიალური, მიწიერი მოთხოვნილებები, რომლებსაც ვერასდროს დაიკმაყოფილებ, ისევე, როგორც რკოთი ვერ ამოივსებს მუცელს ღორი. აბა, შევხედოთ დღევანდელ სამყაროს?! ვერ ძღება ადამიანი და, სხვათა შორის, ესეც ღმერთის დიდ გეგმაშია. რატომ? იმიტომ რომ ადამი სხვანაირად სამყაროს ვერ აითვისებდა. სამოთხის ძიებაში, ის ხსოვნა რომ ეპოვა, მთელი სამყარო გაფქცვნა ადამმა – ხედავ, რა სატყუარაა ჩადებული?! თუ თვითკმარი იქნებოდა ადამი და სამოთხით გაბრუებული, ის სამყაროს ვერ აითვისებდა. მას სწორედ ეს ნაკლებობა აიძულებდა, ეძება, ამასობაში კი სამყარო აითვისა და განულდა. როგორც კი ნულდება უძღები შვილი, მაშინვე გონს მოეგება. უკვე რკო ენატრება და მზადაა, მამას ღორების მწყემსად დაუდგეს. ამის იქით დაცემა შეუძლებელია, მაგრამ, სწორედ იქ მოდის გონს: ახსენდება, მამაჩემთან მსახურებიც კი უკეთესად არიან, ვიდრე მეო, მაგრამ ეშინია მამასთან დაბრუნების, რაზეც უკვე მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი