რელიგია

რატომ არის აუცილებელი რისკი ღმერთის შესაცნობად

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტიანებიც და, ზოგადად, მორწმუნე ადამიანები ისწრაფვიან სიმშვიდისკენ, უმეტესწილად სწორედ ამიტომ დადიან ეკლესიაში, ჰყავთ მოძღვარი, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, აკეთებენ სიკეთეს, ცდილობენ, დაიცვან მცნებები, მაგრამ ცხოვრება, როგორც კი გულს დაიმშვიდებ, თითქოს მაშინვე ირევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მიზანი სწორედ თავისი შიშებისგან გათავისუფლებაა, რაც, თავისთავად, ნიშნავს, რომ არ უნდა შეგეშინდეს არეულობის. როგორ უთავსდება ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: დიახ, წინა ნომერში ავანტიურისტები ვახსენე და ახლაც მინდა, ვთქვა ორიოდ სიტყვა. გეოგრაფიული აღმოჩენებიც კი – უცხო მიწაზე ფეხის დადგმა, ასეთების ნახელავია. ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს და კაცობრიობის სიკეთეს ემსახურება, ავანტიურისტების შექმნილია, მათი, რომლებმაც გადალახეს შიშები, თავიანთი ბიოლოგიური კომფორტი... ყველა კარგად ცხოვრობდა, მშვენივრად გრძნობდნენ თავს თავიანთ ოჯახებში, მაგრამ ასეთებს რაღაც ეძახის, მოუხმობს ხმა, რომ უნდა დატოვო ეს ყველაფერი. ხომ გახსოვთ აბრაამი, ისიც კომფორტულად ცხოვრობდა თავის მშობლიურ მხარეში, ქალდეაში, მაგრამ დაუძახა ხმამ: დატოვე შენი სახლი, შენი ოჯახი, შენი გვარი, შენი ქვეყანა და წადი იმ ქვეყანაში, რომელზეც მე მიგითითებ. ეს ხმა ჩვენ, ყველას, გვესმის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მოვუსმენთ თუ არა მას. მივყვებით თუ ვართ იაკობის დონეზე, ხოლო, თუ ესავის დონეზე ვართ, „რატომ ვიწვალოთ თავი, ორი დღის სიცოცხლე გვაქვს, შევირგოთ კომფორტი, ცოლი, შვილი, ოჯახი, კაი სამსახური, კაი ჭამა-სმა“, მაგრამ იესო რას გეუბნება?! ვინც გაუფრთხილდება თავის სულს, ის დაკარგავს თავის სულს, ხოლო, ვინც დაკარგავს თავის სულს ჩემი გულისთვის, ის შეინარჩუნებს თავის სულს. ეს იგივეა, მარცვალს რომ შეეშინდეს, არიქა, არ მოვკვდე და გავნადგურდეო და მიწაში კი არ ჩავრგავთ, არამედ თეფშზე დავდებთ. სააღდგომოდ ასეც ვიქცევით ხოლმე, მაგრამ, თუ მარცვალს არ შეეშინდება და მიწაში ჩააგდებ და როგორც იესო ამბობს, ის თავის თავს დაკარგავს, მერე უკვე ის შეიძენს თავის თავს – თავთავს. ანუ, თუ თავში თავი იყო, ბოლოში თავთავი იქნება. ეს ცხოვრების კანონია.

„მოციქულთა საქმეში“ წერია, ეს ამრევები, შფოთის შემომტანები აქაც მოვიდნენო. იესოს რას ეძახდნენ?! ბრალად წაუყენეს შფოთის მოწყობა. ვინ არის პილატე? რომის პროკურორი. რა უნდა? წესრიგი. ხომ გახსოვთ „ვერის უბნის მელოდიები“, პოლიცმაისტერი რომ ამბობს, „ნუ იქნება იღონდ ბუნტი“. პილატესაც ეს უნდა. ამიტომაც სახელმწიფო გაძლევს ყველაფერს, რომ მშვიდად იყო. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, ხელფასი იყო, საჭმელი იყო, პენსია იყო, ნუ ავრევთ, ვიყოთ ასე. მაგრამ უფალი სხვა რამეს გეუბნება. მოსეს რომ ეცხადება ღმერთი, მე ვარ, რომელიც ვარ, იქ უფლის სახელად წერია, მე ვიქნები, რომელიც ვიქნები, ანუ მუდმივი დინამიკა, შესაძლებლობათა უსასრულო სპექტრი. სხვათა შორის, დღეს ამერიკული ცივილიზაცია, ამერიკის სახელმწიფო ამაზე დგას. მათი კონსტიტუცია „სახარებიდანაა“ აღებული და ის მუხლებზე მდგომებმა ლოცვით დაწერეს. იქ მუდმივია სიახლისკენ სწრაფვის პროცესი და იმიტომაც აღწევენ წარმატებებს. ოღონდ ტექნიკურად. იმის თქმა მინდა, რომ დინამიკა, პროცესი ყოველთვის გადალახავს საზღვრებს. ჩვენი ბარათაშვილი რას გვეუბნება?

„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო,

გადამატარე ბედის სამძღვარი,

თუ აქ აქამომდე არ ემონა მას,

არც აწ ემონოს შენი მხედარი“.

ჩვენი ავთანდილი ძლიერ ქვეყანაში ცხოვრობს, არაბეთში, ყველაფერი საათივითაა აწყობილი, მაგრამ ესავივით დასრულებულია და, როდესაც არაბეთში ყველაფერი დალაგებულია, ერთადერთი საწუხარი ჰქონდა როსტევანს, მემკვიდრედ ჩემი ტოლი არ ჩანსო და გამოჩნდა ავთანდილი, რომელმაც ნადირობაში აჯობა. ამით დასრულდა პროცესი, ყველამ ამოისუნთქა, მაგრამ, როგორც კი დასრულდა, გარედან იწყება ნგრევა: ჩნდება უცხო მოყმე ვინმე და სულ სხვა პროცესი მიდის. წარმოიდგინეთ, თინათინი სამი წლით უშვებს ავთანდილს სადღაც უცხო მოყმის საძებნელად.

გადმოვიტანოთ ეს ჩვენს ცხოვრებაში: იცოდეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ უკვე დასრულდა, უკვე კარგად არის, იმ შინაგანს, რომელიც მეტია ბიოლოგიურზე, მეტია ამ ყოველდღიური ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, სული ეხუთება, იქვე დაარღვევს ამ სისრულეს და როგორც ოცდამეერთე დღეს წიწილა გამოამტვრევს ნაჭუჭს, სიცოცხლე გამოვა. ეს პროცესია აქ აღწერილი. ებრაელებიც ასე არიან. ეს მისია ჰქონდათ მათ და, სამწუხაროდ, ყოველთვის სწორად არ იყენებდნენ მას. ამიტომ ყველა ამრევებსაც ეძახდა მათ და სდევნიდნენ კიდეც. ჰიტლერმაც, გერმანია ყოველთვის მოწესრიგებული ქვეყანა იყო, ებრაელები ამრევებად ჩათვალა. რა თქმა უნდა, მათი ცხოვრების სტილი ხელს უშლიდა გერმანელებს და ებრაელების დევნის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ყველგან ასე ხდებოდა, სადაც ებრაელები იყვნენ, იმიტომ რომ ებრაელობა ნიშნავს გამდინარეობას. იგივეა ქრისტიანობაც. პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ახალი ებრაელები, იგივე სული გადმოდის ჩვენზეც. ქრისტიანად ყოფნა არ ნიშნავს სტაბილურსა და კომფორტულ ცხოვრებას. ჯვარი რა არის?! ქრისტიანი ყოველთვის არის გამდინარე, ყოველთვის გადამთიელია. „ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში“ წერია, ჩვენ მომთაბარენი ვართ, კარვებში ვცხოვრობთო. აი, როგორც აბრაამი ცხოვრობდა კარავში და რა არის კარავი?! კარავს ადამიანი დროებით იდგამს, ეს დროებითი თავშესაფარია, ვიდრე მისი ცხვრები მოიბალახებენ. როგორც კი იმ ადგილს აითვისებს, გადარეკავს ცხვარს და ახალ კარავს ააშენებს. შემდეგ იქაც მოიბალახებს ცხვარი, აითვისებს იმ მიდამოსაც, კიდევ დაარღვევს კარავს და ახალ ადგილას ააშენებს. ესე იგი, რა არის კარავში ცხოვრება?! როდესაც არასდროს რჩები სისტემურ მსოფლმხედველობაში, არ იცავ ამ მსოფლმხედველობას, იქ არ დგამ სახლს მყარი საძირკვლით, თავს არ ესხმი და არც იცავ იმას, რასაც მიაღწიე, რადგან შენ იცი, რომ მიღწეულის იქით კიდევ არის ახალი სანახები. ამიტომ, ერთი მხრივ, მე ვდგავარ ჩემს მსოფლმხედველობაზე, კარავიც თავშესაფარია, ერთგვარი სახლია, მაგრამ, მეორე მხრივ, მზად ვარ, დავარღვიო ის, ხოლო შენობას ვერ დაარღვევ. ამიტომ ჩვენი ხედვა არ უნდა იყოს მეტისმეტად მტკიცე და მყარი. ეს უნდა იყოს ჩვენი სამუშაო მდგომარეობა და მზად უნდა ვიყოთ, რომ, როგორც კი გამოვიყენებთ და ავითვისებთ, სხვაგან უნდა გადავიდეთ. ამ გადასვლას, ცნობიერების ცვლილებას, მოჰყვება პრაქტიკული ცვლილება, ცხოვრების წესის შეცვლა. ადამიანს რატომ უჭირს ეს მომთაბარეობა და ნამდვილი რწმენის გზით სიარული?! იმიტომ; რომ დისკომფორტია, ადამიანი ფესვებს იდგამს, რაღაცას მიაღწევს, იქვე შემოღობავს, გაამყარებს, ცოდნა იქნება ეს, ქონება თუ სოციალური სტატუსი და ფიქრობს, ცოტა ხანს ვცოცხლობ ისედაც და ესეც დავკარგო?! ანუ არ რისკავს, არადა მთელი ქრისტიანობა არის რისკი. ვიდრე ბოლომდე არ მოივლი ამ სამყაროს და საბოლოოდ შენს შემოქმედს არ მიემსგავსები, მანამდე არ უნდა გაჩერდე. სწორედ ესაა იაკობი. ესაა იაკობობა ჩვენში, იაკობი ამ გზით მიდის და ხდება ისრაელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა