რატომ არის ადამიანის სიძულვილი მისი მკვლელობის ტოლფასი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
რა განსხვავებაა ადამიანის მიერ ადამიანის სიტყვიერად და ფიზიკურად მოკვდინებას შორის? რატომ აქვს სიტყვას ზუსტად ისეთივე ძალა, როგორიც ქმედებას? რატომ უტოლდება ადამიანის სიძულვილი ადამიანის მკვლელობას? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ არის ჩვენი, თითქოს, ჰუმანური და მართლაც უძველესი კულტურა მაინც ცოტათი დაუნდობელი?
– დიახ, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი კულტურა. მთავრობაც დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს: თუ პატიმრების მხარეზე დადგება, საზოგადოების ეშინია, იმიტომ რომ საზოგადოება დაუნდობელია. მას აქვს კლიშე, რომ დამნაშავე ციხეში უნდა ჩალპეს. ყველას სმენია სმიტების ოჯახის ტრაგედია. მწყემსმა ბიჭმა ცოლი, ქმარი და პატარა ბავშვი რომ დახოცა. მე მასთან შევედი ციხეში და მაჩვენა მოკლულის მშობლების მიერ გამოგზავნილი წერილი, მალხაზ, ჩვენ გაპატიეთ ქრისტეს სახელით და ახლა შენ გთხოვთ, ქრისტეს სახელით მოინანიეო, უგზავნიან ციტატებს სახარებიდან, პავლე მოციქულის წერილებიდან. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკულ საზოგადოებას აქვს ეს კულტურა. მათ თავის დროზე სახარების პრინციპებზე ააწყვეს სახელმწიფოს მოდელი. შესაბამისად, ამერიკის ბირთვი დგას სახარებისეულ პრინციპებზე და ასე იზრდებოდნენ ამერიკელები. ჩვენ კი ბოლშევიზმი გავიარეთ, ათეიზმი გავიარეთ, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ყველა, ვინც არ გეთანხმება, უნდა მოახრჩო. გასაგებია, რომ ის მკვლელია, მაგრამ შენც რომ ჯალათი გამოდიხარ?! შენ რომ ატარებ ამ ბომბს?! პოლიციის რომ არ გეშინოდეს, უარესს ჩაიდენდი, უკვე ჩაიდინე, იმიტომ რომ ინატრე ადამიანის წამება და მოკვდინება, ვინც უნდა იყოს ის ადამიანი და რაც უნდა ჰქონდეს ჩადენილი. როდესაც იმ ახალგაზრდა ბიჭისგან მოვდიოდი, ტაქსის მძღოლს ვუამბე წერილის შესახებ და ხუთი წუთის განმავლობაში ყვებოდა, როგორ უნდა დაესაჯათ მკვლელი. ამიტომ მთავრობასაც უჭირს, ვინაიდან ჩვენთან ყველგან აგრესიაა გამეფებული, ლანძღავენ ერთმანეთს, გგონია, ნაკლები დანაშაულია, როდესაც ადამიანს ცუდს უსურვებ და ემუქრები?! ამიტომ მე ვემხრობი მუხლს, რომელიც მუქარას სჯის, რადგან, თუ ეთანხმები ადამიანის წამებას ან მოკვდინებას, შენ ამის გამკეთებელიც ხარ. ქრისტე ამბობს, კაცის მოძულე კაცის მკვლელი არისო. შეიძლება, შენ კაცი მოკლა აღელვების ნიადაგზე და შემდეგ ინანო, მაგრამ შეიძლება, არავინ მოკლა და მთელი ცხოვრება ატარო ბოღმა, თუ როგორ უნდა მოკლა კაცი. ამ შემთხვევაში შენ უკვე მკვლელი ხარ.
ისევ მოძღვრის თემას რომ დავუბრუნდეთ: ჩვენთან დამახინჯებულად შემოვიდა მოძღვრობის ისეთი გაგება, როგორიც დღეს არის ჩამოყალიბებული: დეტალების გამო ურეკავენ მოძღვრებს და შემდეგ უხარიათ, კურთხევა მაქვსო. თავის დროზე ასეთი იყო მონასტრული წესი. დავუშვათ, ინანიებდნენ არისტოკრატები, რომლებიც სავსენი იყვნენ მომხვეჭელობით, პატივმოყვარეობით, ამპარტავნებით. მაგრამ ერთია მონანიება და მეორე, რომ ეს თვისებები ჩვევებად გაქვს ჩამოყალიბებული, ამიტომ მონასტრებში მათ მიუჩენდნენ ბერს, არა მღვდელს, არამედ ბერს, ვინც მათ ამ ჩვევების დაძლევაში ეხმარებოდა ისეთი მორჩილებების კეთებით, რაც ეგოს უნგრევდა, ბოლომდე აწამებდა, უხეშად რომ ვთქვა. და, რა თქმა უნდა, წამებაა, როდესაც შენ ამხელა სტატუსი გქონდა და ამ დროს ცოტა აგდებულადაც კი მიგითითებენ, ეს გააკეთე, ის გააკეთე და შენც ემორჩილები. ეს სპეციალური დისციპლინა იყო, იმიტომ რომ მორჩილება საპირწონეა: რა ზომითაც შენ გადასცდი ჭეშმარიტებას და ეგო გააძლიერე, ახლა რომ მოინანიე, რაც გამოგყვა, ის ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს მორჩილებამ. ამის მისაღწევად უნდა მოგაქციოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მორჩილება გააწონასწორებს შენს აღმატებულობას, რათა გაწონასწორდე და მყარად დადგა ფეხი, ანუ ჩამოხვიდე მაღლიდან დაბლა. ამისთვის კი შენი ადრინდელი სიმაღლის შესაბამის სიღრმეში უნდა ჩაგაგდონ. აი, ეს გადმოვიდა შემდეგ ერში და ლამის უკვე იმას ეკითხები მოძღვარს, დავაცემინო თუ არაო. ვაბუქებ, მაგრამ ზოგჯერ მოძღვრებიც ვცოდავთ. მსგავს რამეს რომ გეკითხება მრევლი, შენ რომ მოძღვარი ხარ, არ უნდა ისარგებლო ამ მდგომარეობით. მოძღვარი არის ქრისტეს გამხსენებელი, ხოლო, თუ უბრალოდ ინსტიტუციურად ხარ, იერარქიულად, მაშინ არსი დაკარგულია, მადლი არ არის. კიდევ ერთხელ გავიხსენებ პატრიარქის სიტყვებს: დამოუკიდებლობის პირველი წლები უნდა ყოფილიყო ტაძრების მშენებლობისა და მღვდელმსახურების ჩატარების პერიოდი. ახლა კი, როდესაც ტაძრებიც გვაქვს და მღვდელმსახურებიც გვყავს, უნდა დავიწყოთ თვისებრივში გადასვლა, ანუ მღვდელმსახურების სულიერი და ზნეობრივი ამაღლება. ასე კი ითქვა, მაგრამ, ვახერხებთ თუ არა, სხვა საკითხია.
შენი საქმის სპეციალისტი რომ ხარ, რომელი მოსწავლე შეგიყვარდებოდა?! ვინც ისე აითვისებდა, რასაც ასწავლი, რომ აღარ დასჭირდებოდი, იმიტომ რომ ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო. სიხარულს განიჭებს, რომ რითიც შენ ხარ დაღდასმული, ის გადასცე სხვებს. შენ რომ მოძღვარი ხარ, ხომ იმიტომ ხარ მოძღვარი, რომ სხვებს გადასცე ქრისტეს თავისუფლება. ნუ გახდებით ადამიანთა მონებიო, ამიტომ ვთქვი, რომ მორჩილება, სულაც, არ არის თვითმიზანი, მაგრამ ჩვენთან მორჩილება, სამწუხაროდ, უკვე ინსტიტუციურ დონეზეა. თითქოს სულ ასე უნდა იყოს, 20-30 წლის განმავლობაში რომ იყოს მრევლი, მაინც მრევლია და ის მოძღვარიც მაინც მოძღვარია. რაღაცნაირი წრე შეიკრა, არადა, მორჩილება საშუალებაა. მაგალითად, შენ თუ რაღაც იცი, რაც მე არ ვიცი, გემორჩილები. და რატომ გემორჩილები? იმიტომ რომ, თუ არ დაგემორჩილე, ვერ მივიღებ შენგან იმას, რითიც სავსე ხარ. ავიღოთ მაღალი და დაბალი ჭიქები. მორჩილი არის პატარა, ანუ დაბალი, დამდაბლებული. იმიტომ რომ მორჩილება თავის დამდაბლებაა. თუ დიდი ჭიქიდან წყლის გადმოსხმა მინდა, ხომ ქვემოთ უნდა დავიჭირო პატარა ჭიქა?! შესაბამისად, შენთან რომ მოვდივარ, ცარიელი ვარ და თავს ვიმდაბლებ, რომ გადმომესხას ის, რაც შენშია და როგორც კი ავივსები, მადლობას გეუბნები და მივდივარ. არც მოძღვარს უნდა უნდოდეს, რომ სულ მის გვერდით იყოს მრევლი, პირიქით, უნდა უხაროდეს, რომ მისგან მიიღო ნათელი და წავიდა. აი, ასეთ თავისუფალ მორწმუნეთა ერთობაა ეკლესია. თქვენ, როგორც ცოცხალმა ქვებმა, თქვენით ააშენეთ სულიერი სახლიო, დღეს კი სულიერი სახლი ლამის ფიზიკურ ტაძართანაა გაიგივებული. არადა ტაძარი თქვენ ხართ, ღმერთის სული ცხოვრობს თქვენშიო. მორჩილება იმისთვისაა, რომ მე მივიღო ის, რითიც შენ ხარ სავსე და იერემია სწორედ ამაზე ამბობს, ახალ რჯულს მივცემ მათ, ისეთს კი არა, როგორიც მოსემ მისცა, გულებში ჩავუწერ და ვიქნები მათი ღმერთი და არ ასწავლის ძმა ძმას, შეიცან უფალიო, იმიტომ რომ ყველას თვითონ ვეცოდინებიო. ეს ქრისტემდე მიმყვანი იყო, ხოლო ქრისტეს სულიწმიდით უკვე ყველანი ცოცხალი ქვები ვართ. უკვე ქრისტეს სულია ჩემში. აი, საით უნდა წავიყვანოთ მრევლი?! აი, ასეთ თავისუფალ ადამიანთა ერთობაა ქრისტეს სხეული და არა მიბმული ისეთ მოძღვარზე, ვერაფერს რომ ვერ იზამ მის გარეშე. არადა მოძღვარს კი არა, ლამის სტიქაროსანს ვერ მიეკარები, ისე ამაყად დადის. ეს ჩვენ შევქმენით ბავშვურად, არადა რად გვინდა?! ყველაზე დიდი სიხარული ხომ ის არის, როდესაც ადამიანი მართლაც ნათელს მიიღებს და რა არის ნათელი?! დიახ, ის, რაც ათავისუფლებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

