რატომ აჰყარა ღმერთმა ადამიანს „იარაღი“ და დაჰპირდა, რომ აღარასდროს მოუვლენდა წარღვნას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 13.03

წარღვნის შემდეგ ღვთიური მადლი კიდევ ერთხელ შემოკლდა, სამაგიეროდ კი, ადამიანი გადარჩა, ანუ მიეცა შესაძლებლობა, რომ ღვთის ხატი ღვთის მსგავსი გამხდარიყო. ეს ყველაფერი კი ცოდვების გამრავლებამ გამოიწვია, ანუ, რაც უფრო შორდებოდა სამოთხეს ადამიანი, მით მეტად იბევრებდა ცოდვას, ანუ ამჟღავნებდა თავისი დაცემული ბუნების თვისებებს. რატომ დაჰპირდა ღმერთი ადამიანს, რომ იმ ერთი წარღვნის შემდეგ მსგავსს აღარასდროს მოუვლენდა? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– წინა საუბრის ბოლოს ახსენეთ, რომ წარღვნამდე კიდევ ორი ცოდვა გამოიკვეთა, მაგრამ ვერ დავასრულეთ, რა ცოდვებზეა საუბარი?
– დიახ, წარღვნამდე უკვე ორი სახის ცოდვაა გამოკვეთილი. პირველია ცოდვა, რომელიც არ ისჯება, მაგრამ ადამიანებს აყენებს ზიანს. მაგალითად, სსრკ-ის დროს იყო, ეგრეთ წოდებული, „ხალტურა“, რაც არათუ ცოდვად არ მიიჩნეოდა, არამედ ვაჟკაცობად ითვლებოდა. ჩემი მეზობელი ქსოვილების საამქროში მუშაობდა და შეკვრებით მოჰქონდა სახლში ქსოვილი, ამბობდნენ, მაგარი ქალიაო. მაგალითად, ჩაის ფაბრიკაში თუ მუშაობდი და ჩაის იპარავდი, მშოვნელი კაცი იყავი. წონაში, ზომაში მოტყუება, რაც ადამიანებს ზიანს აყენებდა, კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რომ ეს გამართლებული იყო. სხვათა შორის, სოდომისა და გომორის ცოდვაც ესაა – კარგ ტონად ითვლებოდა. მეორე ცოდვა უკვე მიმართული იყო თვითონ ღმერთის წინააღმდეგ: კერპთაყვანისმცემლობა, ზედმეტი მატერიალიზმი, ზნეობრივი კანონების არად ჩაგდება და ასე შემდეგ. აი, ამ ყველაფრის დაგროვებამ გამოიწვია ის, რომ ასეთი ადამიანისთვის ის ღვთიური ძალები, რომლებიც მიწაზე მოქმედებს, უკვე საშიში ხდება. ამიტომ ნანობს ღმერთი: მას უნდოდა, ადამიანი ღმერთივით ყოფილიყო, სასწაულები მოეხდინა, არადა იძულებული გახდა, მინიმუმამდე შეემცირებინა ადამიანის შესაძლებლობები.
შევადაროთ ერთმანეთს ნოესა და აბრაამის ისტორიები: ნოეზე წერია, მართალი კაცი იყო და ღმერთთან დადიოდაო, ხოლო აბრაამზე კი წერია, აბრაამი ღმერთის წინ დადიოდაო. არის განსხვავება: ღმერთთან ერთად და ღმერთის წინ?! რა თქმა უნდა, არის. ანუ ნოე ზედმეტად პატიოსანი ბიჭი იყო, აი, „დედიკოს ბიჭიო“, რომ იტყვიან, ღმერთის იქით არ იხედებოდა, სულ მის გვერდით იყო. ნოეს რომ ეუბნება ღმერთი, წარღვნას მოვავლენ დედამიწაზე, შენ ააგე კიდობანი, შეიყვანე ესა და ესო, ნოე პატიოსნად აკეთებს ყველაფერს. ნოეს უწოდებენ მართალს ქურქში. რას ნიშნავს „მართალი ქურქში“?! წარმოიდგინე, სიცივეა, მასპინძელი ქურქშია გახვეული და სულ არ ენაღვლება, სხვებს სცივათ თუ არა, ხოლო აბრაამივით, ვინც ღმერთის წინ დადიოდა, მართალია ის, ვინც აქტიურობს, ცეცხლს ანთებს, რომ სხვებიც გათბნენ. ხედავ, ორივე თბილადაა, მაგრამ ნოე ქურქშია და სხვებს ვერ ხედავს, აბრაამი კი სხვებსაც ათბობს. აი, ესაა განსხვავება: „მართალი ქურქში“ მარტო თავის თავს უყურებს და დანარჩენები მისთვის სხვები არიან, ანუ პატარა ბავშვის ცნობიერება აქვს. აბრაამი კი ღმერთის წინ დადის, წინ უსწრებს: ყველასთვის ღიაა, საკუთარი თავი არ ახსოვს. ნოე არ ქადაგებს, მას ღმერთი ეუბნება, გავწყვეტ ხალხსო და ნოე ემორჩილება. უკეთ რომ იყოს გასაგები, სხვა მაგალითსაც მოვიყვან: ჩვენ დღესაც ვამბობთ, არც ერთი სოდომელი ჩვენ გვერდით, ისინი აქ არ უნდა იყვნენ, უნდა განიწმინდონო და როგორ უნდა განიწმინდონ?! რატომ არ ვამბობთ, ვილოცოთ იმისთვის, რომ, როგორც ღმერთმა თქვა, ათი მართალიც რომ იყოს, არ დავღუპავ ქალაქებსო, ათი მართალი გამოგვიჩინე დ ქალაქი ხომ გადარჩება?! ან, უფალო, მე ვიყო ერთ-ერთი მართალიო... გადარჩენა იმას კი არ ნიშნავს, რომ სოდომის ცოდვა დარჩება, არამედ ისეთი მადლი შემოვა, რომ ეს ყველაფერი დალაგდება. ამიტომ ის მართალი, ვინც საკუთარი თავის წინაშეა მართალი, ფარისეველი მართალია. ეს ფარისევლური სიმართლეა და ამ სიმართლით გააკრეს ჯვარზე მაცხოვარი. ამბობ, გმადლობ, ღმერთო, რომ მე არ ვარ სხვასავით ცოდვილიო და ეს უკვე ფარისევლობაა, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანს იღებს ისეთად, როგორიც არის ადამიანი, ანუ არასრულყოფილს. დიახ, შეურიგდა ღმერთი, რომ ადამიანი ნაკლოვანია და თუ ჩვენც არ მივიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის და მაქსიმუმი მოვთხოვეთ, ჯალათებად ვიქცევით, შეურიგებლები, შეუწყნარებლები გავხდებით. აქედან მოდის სწორედ ფანატიზმი. ამდენად, „მართალი ქურქში“ არის ადამიანი, რომელიც მარტო თავისი მცნებებით ცხოვრობს და თავისი თავის იქით არ იყურება.
აქვე ისიც საინტერესოა, თუ რას ნიშნავს „წარღვნა“?! პირდაპირი გაგებით, ეს არის წყალი, რომელიც 40-დღიანი წვიმის შემდეგ დაგროვდა და შემდეგ ერთი წელი ცხრებოდა. ხომ შეიძლება, კითხვა დავსვათ: წყლით ავსებას რა უნდა?! დაიტბორებოდა ყველაფერი, განადგურდებოდა და მერე ისევ დაიწრიტებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ყველა მოვლენა, რაც გარეგნულად ძალიან დიდ უსამართლობად, სასჯელად და სისასტიკედ ჩანს, არის მხოლოდ და მხოლოდ წყალობა ღმერთის მიერ გამოვლენილი, გამომდინარე იქიდან, რომ, საბოლოოდ, ღმერთი ადამიანს უთმობს ამ ფორმით. რომ შეზღუდოს, არ შეიძლება, ამიტომ ყოველთვის უტოვებს რაღაც გამოსავალს. სჯის, ანუ ისეთ მდგომარეობაში აგდებს, რომ ადამიანმა განსაჯოს, გონს მოვიდეს, რაც მას დაეხმარება, რომ გაცნობიერებულად დაბრუნდეს სამოთხეში. ეს უფრო რთული გზაა, გრძელი და რთული, მაგრამ ერთადერთი დამაბრუნებელი გზა იქ, საიდანაც ადამიანი გადასცდა. ამდენად, თვითონ სიტყვა გვიხსნის არსს. ებრაულად წარღვნა ნიშნავს ყველაფრის ერთმანეთში არევას. სხვათა შორის, აქედანაა სიტყვა „ბაბილონიც“. ანუ ნატიფი სტრუქტურა მოიშალა. ესე იგი, წარღვნა წყალს კი არ ნიშნავს, არამედ დედამიწის ნატიფი სტრუქტურის მოშლას. ნაკლებად მგრძნობიარე გახდა დედამიწა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი გაფუჭდა. როდესაც ადამიანი ძლიერია, მაგრამ უკვე სუფთა აღარ არის, მისი ზემოქმედება შეიძლება, საშიში იყოს. ეს იგივეა, შეურაცხად ადამიანს იარაღი რომ მისცე. ანუ ღმერთმა იარაღი აჰყარა ადამიანს, პისტოლეტები წაართვა და დანები დაუტოვა; ესე იგი, ძლიერი ზემოქმედების უნარი მოუშალა, რომ შეინარჩუნოს ადამიანი და მიიღოს ისეთად, როგორიც არის, თუმცა ინანა, იმიტომ რომ ამის გაკეთება არ უნდოდა. ღმერთს გაუხარდებოდა, თუკი ადამიანი შეძლებდა, მთელი ძალით გამოევლინა ღვთიურობა და ღმერთის თანდასწრება უფრო დიდად ყოფილიყო გამოვლენილი. მაშინ, როდესაც ადამიდან მოყოლებული ღმერთი სულ უფრო და უფრო აკლებს თავის გამოვლენას: ჯერ სამოთხის დაკარგვის შემდეგ დაიწყევლა ადამი, შემდეგ – კაენის გამო, ნოეს დროს კი – ადამიანის ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდა და უკვე ძალიან პრიმიტიულ დონეზე ავლენს ადამიანი სულიერ ძალებს. არადა ღმერთს ადამიანი ამისთვის არ გაუჩენია. ბარემ ამასაც ვახსენებ: მას შემდეგ, რაც ნოე გამოდის და მსხვერპლს სწირავს ღმერთს, როდესაც ღმერთმა ეს დაინახა, თქვა, არ გავწირავ ადამიანს, ვინაიდან დავრწმუნდი, რომ ადამიანები დაბადებიდან არიან ბოროტები. თითქოს უცნაურია, არა?! ჯერ თქვა, გავჟლეტ, იმიტომ რომ ცოდვისკენაა მიდრეკილიო და მერე ამბობს, არ გავჟლეტ, იმიტომ რომ დაბადებიდანაა მიდრეკილი ცოდვისკენო. რას ნიშნავს ეს?! სწორედ იმას, რომ ღმერთმა ადამიანი ისეთი მიიღო, როგორიც ის არის. შესაბამისად, რადგან ასეთია ადამიანი, მისი ზემოქმედება დედამიწაზე აღარ იქნება დამანგრეველი და ნიშნად იმისა, რომ აღარასდროს მოგვივლენდა წარღვნას, ცაზე ცისარტყელა გამოისახა. რატომ ცისარტყელა?! ამის შესახებ შემდეგ ნომერში ვისაუბროთ, მანამდე კი გაიხსენეთ, რომელი ფერით იწყება ცისარტყელა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან