რელიგია

რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები: ვინც არ მიატოვებს თავისი ოჯახის წევრებს, ვერ მიხილავს მე

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:10 17.11, 2020 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, ათი მცნება გვასწავლის, პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა და მათ უკითხავად ნაბიჯი არ გადადგაო, მეორე მხრივ კი, ქრისტე გვეუბნება, ვინც არ მიატოვებს თავის დედას, მამას, ძმას, შვილს, ქმარსა თუ ცოლს, მე ვერ მიხილავსო. არის თუ არა ეს წინააღმდეგობა და როგორ უნდა გავიაზროთ უფლის სიტყვები? ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.

მამა გურამი (ოთხოზორია): დიახ, თითქოს პარადოქსია. მეტიც, შეიყვარე მტერი შენიო, გვეუბნება ქრისტე... ამასთან, არა თუ ვინც არ მოიძულებს დედ-მამას, ცოლსა და შვილს და და-ძმას, ვინც არ უარყოფს საკუთარ თავს, მე ვერ მიხილავსო... ოღონდ იგულისხმება, რომ უნდა მოიძულო კერპები. სხვათა შორის, ეს ძველ აღთქმაშიც იყო. ანუ, თუ მამა თუ დედა შენთვის დაბრკოლებად იქცევა, რომ ქრისტეს სიყვარულს უერთგულო, უნდა მოიძულო. დღეს ასე აღარ არის გამოკვეთილი, რადგან დღეს თანხმობაში ვცხოვრობთ სამყაროსთან. მაგრამ, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, როგორც კი ქრისტეს ირწმუნებდი, მთელი სამყარო გიპირისპირდებოდა, უპირველესად – ოჯახის წევრები. სწორედ, ასეთი შემთხვევისთვის ამბობს უფალი, მე უნდა ვიყო პირველ ადგილზე, დანარჩენები მოიძულე, ანუ გვერდზე გაწიე, ჩემ გამო მათზე უნდა თქვა უარი. ეს ნიშნავს, რომ პირველ ადგილას უნდა დააყენო შენი სიყვარული, შენი რწმენა, შენი პიროვნული თავისუფლება და არა ის, რომ არ აჭამო პური შენს შვილს. არ უნდა დაუთმო, თუ ასე დაგიყენებენ საკითხს: თქვი უარი ქრისტეზე, თუ არადა მე შენზე ვიტყვი უარს. საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ მორწმუნეები, რომლებსაც აპატიმრებდნენ და მათ აწამებდა საბჭოთა სისტემა, მაგრამ ისინი უარს არ ამბობდნენ თავიანთ რწმენაზე. ისინი დედის, მამის, შვილის, ცოლის მუქარაზე, რომ უარს იტყოდნენ მასზე, წინ აყენებდდნენ ქრისტეს რწმენას. დღეს ჩვენ გვიჭირს, ჩავწვდეთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ სხვა ცხოვრება გვაქვს. ვიმეორებ – ნეტავ, იმიტომ, რომ ყველანი მართლაც გულით ქრისტიანები ვიყოთ! სამწუხაროდ, ჩვენ, ხომ, ნომინალურად ვართ ქრისტიანები?! გარეგნულად ვაღიარებთ, რომ ვართ მართლმადიდებლები. ოჯახს ვერ ნახავთ, ხატები რომ არ ჰქონდეთ, მაგრამ, აბა, იმ ოჯახში შედით?! გინებაცაა და აყალმყალიც და უსიყვარულობაც. ყველანი მონათლულები ვართ და ხატები გვაქვს, მაგრამ შედეგი – ქრისტიანული ცხოვრება არ ჩანს. და არათუ მხოლოდ მონათლულები, მრევლის უმეტესობაც ასე ცხოვრობს.
– მარტივ ამბავზე ვიტყვი: ქრისტიანულია მოწყალების გაცემა და ჩვენ ვიცით, რომ მდიდარი ისევე ვერ შევა ღვთის სასუფეველში, როგორც აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გაეტევა. მე მინდა, რომ ვიყო კარგი ქრისტიანი და ამისთვის უნდა გავიღო ჩემი შემოსავლის 10 პროცენტი, ნახევარი, სულ მოწყალებად გავცე, დავთმო ჩემი სახლი, თუ რა უნდა გავაკეთო? იმის თქმა მინდა, რომ პრაქტიკულად როგორ განვახორციელო ეს?
– ძველ აღთქმაში დასახელებულია რაოდენობა – შემოსავლის მეათედი. იმიტომ რომ იმხანად ადამიანს არ ჰქონდა ისეთი მოწყალე გული, რაც ჩვენ ქრისტემ მოგვიტანა. იმიტომ ვართ მოწყალენი, რომ ქრისტეს სული შემოდის ჩვენში. მაგრამ ძველ აღთქმაში ეს იყო კანონი: მეათედი ეკუთვნოდა ტაძარს და შემდეგ ტაძარი ანაწილებდა და ებრაელებს ახლაც აქვთ ეს წესი, ამიტომაც არიან ძლიერები. ხოლო ქრისტე არ აწესებს ზღვარს. ის ამბობს, ნებაყოფლობითია, თავად შენ დააწესე! იმიტომ რომ შენ მიერ გაღებული წყალობა გამოხატავს შენი სიყვარულის, შენი მოწყალების, შენი რწმენის ხარისხს. ზოგს რომ უთხრა, შენი 500-ლარიანი ხელფასიდან 50 ლარი გაეციო, შეიძლება, ვერ გასცეს და გამოდის, უნდა აიძულო. ხოლო ქრისტე არ აიძულებს, არც ჩვენი ეკლესია აიძულებს. შენ თავად წყვეტ და რაც უფრო მოწყალე ხდები, ესე იგი, იზრდები შენს რწმენაში, შენ თვითონ ხედავ, ვის გინდა, უწილადო შენი წყალობა და მოწყალებაში არ იგულისხმება მხოლოდ ფული. მოწყალებაა, როდესაც შენს სიცოცხლეს, შენს დროს სწირავ სხვას, ვისადმიც არანაირი ინტერესი არ გაქვს, იმას გარდა, რომ მისთვის სიკეთე გინდა. ვთქვათ, ვიღაცას უჭირს, მიდიხარ მასთან, თანაუგრძნობ, სითბოს, სიყვარულს, ნუგეშს აძლევ, ესეც გაცემაა და ესაა ზოგადად წყალობა. თვით რჯულია ადამიანი, რომელსაც აქვს სიყვარული! ანუ ღმერთი კი არ მეუბნება გარედან, არამედ მე თვითონ განვაგებ, რა უნდა გავაკეთო. ჩემი რწმენა განსაზღვრავს ჩემს მოწყალებას და ამ ჩემი რწმენითვე განვისჯები მე. თუ უწყალო ვიყავი, ღმერთიც უწყალო იქნება ჩემ მიმართ. ამიტომ გეუბნება ქრისტე, იყავი მოწყალეო და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ფულს. მოწყალებაა პატიებაც. დიახ, იმ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის ჩემგან გასამართლება, მაგრამ გულშიც კი არ ვასამართლებ, არამედ ვლოცავ. ეს ყველაფერი მოწყალებაა, იმიტომ რომ გამცემი ხარ. მექანიკური გაცემა – გაცემა გაცემის გამო არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არაა, თუ შენ იმიტომ გასცემ, რომ სახარებაში წერია, თუმცა ესეც კარგია, ქრისტიანობაა, როდესაც გასცემ იმიტომ, რომ შენი თვისებაა გაცემა. ვარდი რატომ აფრქვევს სურნელს? იმიტომ რომ ვალდებულია? არა – იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია! ეს მისი თვისებაა. ქრისტიანიც, როგორც ვარდი სურნელს, ისე უნდა გასცემდეს წყალობას. ქრისტე ხომ დიდი სიცოცხლეა, რომელიც გამცემია, როგორც მზე?! რაც მეტად შემოვუშვებთ ჩვენში ქრისტეს, მით მეტად მოწყალე ვხდებით. და მაშინ წყალობას კი არ ვქმნით, არამედ ვართ წყალობა. წყალი კი არ ასველებს, არამედ ის თავადაა სისველე. ჩვენ ნელ-ნელა ქრისტეს სიცოცხლეს უნდა მივცეთ ძალა ჩვენში და შემდეგ ქრისტე ჩემგან თვითონ ხდება მოწყალე. მან თვითონ იცის, ვის მიუძღვნას სითბო, სიყვარული თუ მატერიალურად დაეხმაროს. და ეს არ არის ვალდებულება, როგორც ძველ აღთქმაში იყო. ღმერთს ჩვენი მოწყალე გული უნდა და როდესაც გული მოწყალეა, ეს ვალდებულება კი არაა, არამედ თვისებაა, შენში ღმერთის მყოფობის დასტურია და შენ ცხონდები ამით. წყალობაა მაკურნებელი – ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, „მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები. რამდენიც უნდა გასცე სიყვარულის გარეშე, თუმცა ეს კარგია, შენ მაინც არ გაცხონებს. რას ნიშნავს მართლმადიდებლად ყოფნა?! ჩემში ღმერთის გადიდებას, გაფართოებას, ანუ მე მას ვაძლევ საშუალებას, მეტად გამოვლინდეს ჩემი გულიდან, ჩემი თვალებიდან, ჩემი ხელებიდან, ჩემი ფეხებიდან... ქრისტე თვითონაა მოწყალე და მან იცის, როგორ მოიქცეს. მე შეიძლება, შემეშალოს, მოვტყუვდე, წყალობა გავიღო ისეთისთვის, ვინც მატყუებს და ვერ შევამჩნიო ის, ვისაც მართლაც სჭირდება დახმარება. მაგრამ ქრისტეთი რომ მექნება სისავსე, ქრისტე თავად გასცემს ჩემით ამ მოწყალებას, იმიტომ რომ ქრისტემ იცის ადამიანის სული და მე ვემორჩილები ქრისტეს. აი, ესაა წყალობა: ჩემი თავი მივცე უფალს, რომ მან გამოიყენოს ჩემი სიცოცხლე და ესაა მართლმადიდებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ უმეტესწილად ვართ მართლის მამწირებლები, რადგან ეგოს გამო ქრისტეს არ ვაძლევ გასაქანს ჩემში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი