რელიგია

რა სასწაულები ხდება შიომღვიმეში და როგორ კურნავს „ცრემლის წყარო“ დაავადებულ ადამიანებს

№13

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 06.04, 2021 წელი

შიომღვიმელი
დაკოპირებულია

წმიდა შიოსთან შემოკრებილი ძმები წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ ეკლესია, რომელშიც კვირა დღეს შეიკრიბებოდნენ და ნეტარ შიოს სთხოვეს, ეკლესიის აშენების ბრძანება მიეცა. ბერი თავისი გამოქვაბულის პირდაპირ მდგარ კლდის წვერზე ავიდა ძმებთან ერთად და ღმერთს ცრემლით ევედრებოდნენ, ეჩვენებინა ადგილი ტაძრის ასაშენებლად. ლოცვის შემდეგ სასწაულმოქმედ მამას ებოძა ცეცხლი, რომელიც მარცხენა ხელის გულზე დაიდო და ზედ საკმეველი დაასხა, მარჯვენა ხელით ჯვარი გადასახა და ძმებს უბრძანა, ხელაპყრობილი განეგრძოთ კირიელეისონის წარმოთქმა, და ასე აკმევდა საკმეველს. საკმევლის კვამლი ჰაერში ავიდა და სვეტივით აღიმართა ცამდე. ვიდრე თვალს არ მიეფარა, ძმები იდგნენ და ამ უცნაურ ნიშანს უყურებდნენ. ჰაერში ისევ გამოჩნდა მიწისკენ მომავალი კვამლის სვეტი, და იმ ადგილას ჩადგა, სადაც ძმები მკვიდრობდნენ. მამა შიო უფლის დიდებით წარუძღვა ძმებს ღვთისაგან მინიშნებული ადგილისაკენ. მის ხელისგულზე ორ საათზე დიდხანს იდო ნაკვერჩხლები. თუმცა უფალმა ის ზებუნებრივად დაიცვა დაწვისაგან. ღირსმა შიომ სამგზის დასცა ბარი იმ ადგილას, რომელსაც საკმევლის სვეტი ადგა და თქვა: „დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც სამპიროვნებითა და ერთარსებით იდიდები, სრულჰყავ ტაძარი შენი დიდებისა!”

ოდნავ მოშორებით ისევ სამგზის დასცა ბარი მიწას და თქვა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც ღვთის სიტყვა ხორციელად შობე, აქ დაამტკიცე შენი სადიდებელი სახლი!” იქვე, მახლობლად ნეტარმა შიომ ჯურღმულის მსგავსი მღვიმე ნახა და ბრძანა მის ზემოთ ნათლისმცემლის ეკლესია აშენებულიყო. ნეტარმა ევაგრემ უთხრა: „წმიდაო მამაო, იყოს ნება ღვთისა და შენი! როგორც ყველა ვხედავთ, ღვთით მეტყველებს შენი ნეტარი პირი, შენს ყოველ ნებას აღასრულებს უფალი“. საკმევლის სვეტი სამ დღეს გაუნძრევლად იდგა და ენით უთქმელ სურნელებას გამოსცემდა, მესამე დღეს კი გაქრა.

შიო მღვიმელის სასწაულები

მამა შიო ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, თავისი ხსენების დღეს, სასწაულს მოუვლენდა ერს – ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე.

ერთხელ შაჰ-აბასმა თავისი ტყვის, ამილახვრის ქალის, გული რომ მოეგო, მისი საყვარელი წმიდანის, ღირსი შიოს ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო დიდი უბედურება დაატყდა თავს სპარსეთს – ჭირი, შიმშილი, გვალვა, ქალისა თუ პირუტყვის უნაყოფობა... სამი წელი გრძელდებოდა ეს რისხვა. შემდეგ წმიდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უბრძანა, რომ მისი წმიდა ნაწილები უკანვე დაებრუნებინათ. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმიდანის ნაწილები და გათავისუფლებულ ამილახვრის ქალთან ერთად საქართველოში დააბრუნა.

როგორც ცნობილია, 1735 წელს, შიოობას, ტაძარში ღირსი მამის სამი ნაწილი ამოსულა: თავი და ორი მკლავი. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო და ყველას გაუკვირდა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არ აღმოჩნდა. იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმიდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ერთხელ, 1917 წელს, შიოობას, ამობრძანებულა ღირსი მამის თავი. არის ვარაუდი, რომ მამა შიომ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და გაამხნევა ქართველობა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, როგორც შიომღვიმელი მამები ამბობენ, მამა შიოს სახელთან დაკავშირებული სასწაულები მომრავლდა: ერთხელ შიომღვიმეში ვინმე კაცთაგან შევიწროებული ასულა. საღამო ყოფილა და წინამძღვარს მავედრებელი წმიდა შიოს მღვიმის მოსალოცად გაუგზავნია. მომლოცველი მარტო, ხელის ცეცებით ჩასულა გამოქვაბულში და მიწაზე დამხობილა, რათა წმიდანის საფლავისთვის (მღვიმეში მამა შიოს პირობითი საფლავის ქვა დევს, მიწის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზე ამოწეული) ეცა თაყვანი, მაგრამ ქვა ვერ იპოვა. მამაკაცი იატაკზე დაწოლილა და ტრიალი დაუწყია, ქვა რომ ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ და ძალიან შეშინებია. უეცრად მის წინ ნათლით შემოსილი წმიდა შიო აღმართულა, რომელსაც უნუგეშებია კაცი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებია. გამოცხადება დასრულებულა და კაცსაც უმალ უპოვია საფლავის ქვა.

იმერელ ქალს, რომელიც ავადმყოფობისგან ლოგინად იყო ჩავარდნილი, ძილში წმიდა შიო გამოცხადებია და უთქვამს, მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ქალი ტაქსით ამოსულა, მანქანა გაუშვია, საღამომდე ულოცია წმიდა მამის საფლავთან, მიმწუხრისას კი, უკვე განკურნებული, საკუთარი ფეხით დასდგომია მცხეთის გზას. მონასტერში მეორედ მისულს უთქვამს, ქალაქამდე მამა შიომ ჩამაცილა და მითხრა, აღარ იავადმყოფებო.

ერთ ებრაელს შეუტყვია მამა შიოს სასწაულების შესახებ. ამერიკაში დაბრუნებულს ახლობელი ავადმყოფობისგან დავარდნილი დახვედრია და უფიქრია: ნეტავ წმიდა შიო მასაც შეეწიოსო. ფიქრი არც კი დაესრულებინა, რომ ავადმყოფი ფეხზე წამომდგარა. ამას ისეთი გავლენა მოუხდენია მის ცნობიერებაზე, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულა.

ღირსი მამა განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს. ერთ ცოლ-ქმარს შვილი შვიდი წელი არ ჰყავდა. მთელი საქართველო მოილოცეს, წმიდა მიწაზე შეკვეთილი წირვა დააყენეს, მაგრამ შვილი არა და არ უჩნდებოდათ. მერე წმიდა შიოს საფლავი მოულოცავთ და მათი ნატვრა ახდენილა.

„ცრემლის წყარო“

შიომღვიმის შესასვლელთან, კარიბჭის მარჯვნივ „ცრემლის წყაროა“ აშენებული. ისტორიის თანახმად, ეს წყარო სასწაულმოქმედია. ის დაავადებულ ადამიანებს კურნავს. შიომღვიმეში წყალი არ მოიპოვებოდა და ბერებს მდინარე მტკვრიდან უწევდათ წყლის ამოტანა. როცა ერთ-ერთ ბერს წყალი ამოჰქონდა, კოკა დავარდა და გატყდა. ისტორიის თანახმად, ბერმა იტირა და სწორედ მას შემდეგ, კლდის პირას მოედინება „ცრემლის წყარო“. წყარო ყოველ ერთ საათში ერთ ბოთლს ავსებს. ქრისტიანებს ეს ადგილი სასწაულმოქმედად მიაჩნიათ.

P.S. გამოყენებული მასალების წყაროები:

https://davitisgza.info/content.php?news=364;

ჟურნალი „კარიბჭე“;

https://georgiantravelguide.com/ka/articles/5-mizezi-tu-ratom-unda-nakho-shiomghvime.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი