რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

ავტორი: „თბილისელები“ 14:16 17.11, 2020 წელი

მოძღვარის რჩევები
დაკოპირებულია

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი თავის უმოქმედობასა და წარუმატებლობას საკუთარი უნიჭობით ხსნის და ამით იმართლებს თავს. რატომ აძლევს უფალი ზოგიერთ ადამიანს მეტ ნიჭს და ტალანტს?



პასუხი: ცოდვაა უფლის წინაშე საკუთარი თავის უნიჭოდ და უუნაროდ გამოცხადება, რადგან ღმერთმა ყოველ ადამიანს უბოძა ტალანტი – სწორედ იმდენი ძალა და უნარი, რამდენიც მის ბუნებას შეესაბამება და რაც მას სჭირდება საბოლოო მიზნის მისაღწევად. ვინც საკუთარ თავს უნიჭოს უწოდებს, ან ვერ ხვდება უფლის წყალობის, ან უფრო მეტის სურვილით აკეთებს ამას, ან თავისი დაუდევრობით ისიც კი დაუკარგავს, რაც უფლისგან აქვს ნაბოძები.


კითხვა: ადამიანი, რომელიც გაჭირვების დროს გვერდში დამიდგა და დიდი თანხით დამეხმარა, გარდაიცვალა. მისი ვალი გაუსტუმრებელი დამრჩა. ამას ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს ფული მის ახლობლებს დაუბრუნეთ. თუ ოჯახის წევრები არ ჰყავს, მაშინ შეგიძლიათ, მისი სახელით გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროთ და ამით დიდად შეეწევით როგორც გარდაცვლილის სულს, ასევე იმ გაჭირვებულ ადამიანებს. შეგიძლიათ, ეკლესიას შესწიროთ თანხა, გაესაუბრეთ ამ თემაზე მოძღვარს.
კითხვა: მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემმა წინაპრებმა დანგრეული ეკლესიიდან წამოღებული ქვებით ააშენეს. ძალიან განვიცდი. რამდენად შეიძლება, ადამიანმა ეკლესიის ქვებით აშენებულ სახლში იცხოვროს. ეს ხომ ცოდვაა?
პასუხი: თქვენს წინაპრებს საკმაოდ მძიმე ცოდვა ჩაუდენიათ, მათ რომ არც მიეღოთ მონაწილეობა ეკლესიის დანგრევაში, ამ ქვებით საკუთარი სახლის აშენება, რა თქმა უნდა, ცოდვაა. რთულია, ადამიანს უთხრა, შენი სახლი დაანგრიე და სხვაგან გადადიო, მით უმეტეს, დღევანდელ შეჭირვებულ დროს, მაგრამ გამოსავალი ეს არის. ილოცეთ და ღმერთს სთხოვეთ დახმარება. ის გიჩვენებთ სწორ გზას თქვენს სიტუაციაში.
კითხვა: თუკი ადამიანი უფლის ნების გარეშე, ვერაფერს გააკეთებს, ესე იგი, ჩვენ რობოტები ვყოფილვართ და არანაირი თავისუფალი არჩევნის უფლება არ გვქონია.
პასუხი: დიახ, ყველაფერი ღვთის ნებითა და დაშვებით ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გეზღუდებათ არჩევანი. ადამიანის მთავარი ღირებულება ნების თავისუფლებაა. უფალი საკუთარ ნებას იძულებით არავის ახვევს თავზე. მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს. ყოველი ადამიანი თავად ირჩევს, თავისი ნება ღმერთის ნებას დაუქვემდებაროს თუ შეეწინააღმდეგოს მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი