რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.03, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რომელ ცოდვას უნდა ებრძოლოს ყველაზე მეტად ქრისტიანი?

პასუხი: ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, იმ ცოდვას ებრძოლოს განსაკუთრებულად, რომელიც გაბატონდა მასში, ანუ ჩვევად ექცა. სწორედ ამ ცოდვის მიმართ უნდა შეიარაღდეთ უპირველესად.

კითხვა: როდის ეუფლება ადამიანს სირცხვილის გრძნობა აღსარების დროს?

პასუხი: ბევრი ადამიანი ვერ ამბობს აღსარებას და მიზეზად სირცხვილს ასახელებს. ეს არასწორია. სირცხვილი აღსარებაზე ცოდვების აღიარების გამო ამპარტავნებისგან მოდის და ადამიანი ასე უფრო იგდებს ცოდვაში თავს. ამხილებს რა საკუთარ თავს ღვთის წინაშე სულიერი მოძღვრის თანდასწრებით, ადამიანი იღებს ცოდვათა შენდობას და შესაბამისად – სიმშვიდეს.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც ხედავს სულიერი მოძღვრის ნაკლოვანებებს და ეს აბრკოლებს?

პასუხი: უნდა იცოდეთ, რომ ეკლესია-მონასტრებსა და მრევლში მტერი ისე არაფერს ცდილობს, როგორც იმას, რომ გაწყვიტოს კავშირი სულიერ მოძღვარსა და მრევლს შორის. გახსოვდეთ, ვინც სამღვდელო ხარისხს განიკითხავს, ის საკუთარ თავზე იღებს მღვდლის ცოდვებს და მოეკითხება ღვთის სამსჯავროს დღეს.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია მიცვალებულების მოხსენიება?

პასუხი: მიცვალებულებს საკუთარი თავისთვის ლოცვა არ შეუძლიათ, ამიტომ ეს მათთვის ვინმე სხვამ, ცოცხალმა უნდა გააკეთოს. ამგვარად, გარდაცვლილების სულებს შეიძლება, შვება მოჰგვაროთ მათი ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების შუამდგომლობამ ღმერთის წინაშე. ეს ცოცხლების ლოცვებით მიიღწევა. წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვარნი ერთხმად აღიარებენ ტანჯვისგან ცოდვილთა გათავისულების შესაძლებლობას და ამ მხრივ, ლოცვებისა და მოწყალების, განსაკუთრებით ეკლესიური ლოცვებისა და უპირატესად უსისხლო მსხვერპლის (ლიტურგიაზე) მოხსენიების მნიშვნელობას.

კითხვა: დაიწყო დიდი მარხვა. როგორ უნდა გავატაროთ მარხვის დღეები?

პასუხი: მარხვის პერიოდში უნდა გადადოთ ამქვეყნიური ამაო საზრუნავი; დაფიქრდეთ თქვენს ცოდვებზე და იტიროთ მათ გამო უფლის წინაშე. მარხვის დღეები უნდა შესწიროთ მოწყალების საქმეს, ავადმყოფთა და შეჭირვებულთა მონახულებასა და დახმარებას, ილოცოთ და იყოთ მშვიდად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი