რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№41

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.10, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რას ნიშნავს ხიბლში ყოფნა და რატომ ითვლება ეს მდგომარეობა ცოდვად?

პასუხი: ხიბლში ყოველი ადამიანი თავისი უძლური ბუნების გამო ვარდება. საკმარისია, მან გაიფიქროს ან თქვას: რა კარგად მოვიქეცი, აღფრთოვანდეს საკუთარი ნიჭით, შესაძლებლობებით, უკვე ხიბლშია შესული. თუ შეიფერებ შექებას და გესიამოვნება კიდეც, სწორედ ესაა ხიბლი. წმიდა მამები ხიბლის ორ სახე არჩევენ: პირველი, როცა ადამიანი წარმოიდგენს, რომ ის ხედავს უფალს, ღვთისმშობელ მარიამს, ანგელოზებს, სულებს... და თავს ასეთი ხილვების ღირსად მიიჩნევს; მეორე, როცა ადამიანს სწამს, რომ მაღალი სულიერების, რწმენისადმი ერთგულებით გამორჩეული პიროვნებაა. ხიბლის ამ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ, წარმოდგენა საკუთარ თავზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ხიბლის ნებისმიერი სახეობა დამღუპველია სულისთვის: ის იმ სულიერ სიამაყეს ეყრდნობა, ანუ ისეთ ცოდვას, რამაც დაღუპა უპირველესი ანგელოზი. სწორედ ამიტომ ცდილობს ბოროტი ძალა, სულიერ სიამაყეში ჩააგდოს უფლის შვილები.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია სახლის, საცხოვრისის კურთხევა?

პასუხი: სახლის (ოჯახის) კურთხევის დროს, მოძღვრის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, ვინც ქრისტეს წმიდა მცნებებით იცხოვრებს. ეს ძალიან კარგად ჩანს სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომაა აუცილებელი სახლის კურთხევა. თუმცა უმთავრესი მაინც ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებაა.

კითხვა: ოჯახში დაგვეწვა ხატი. რამეს ხომ არ მოასწავებს ეს ფაქტი? ძალიან მეშიანია.

პასუხი: ნუ დაუკავშირებთ ამ ფაქტს მოვლენათა საბედისწერო განვითარებას. ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი. ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია მის სწორ რელიგიურ-ეკლესიურ ცხოვრებაზე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს მოვლენებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ხატებს უნდა გაუფრთხილდეთ და პატივისცემით მოეპყროთ.

კითხვა: რატომ იწოდება ძე ღვთისა „მხოლოდშობილად“?

პასუხი: წმიდა წერილი გაცხადებულად გვასწავლის, რომ ძე ღმრთისა არის მხოლოდშობილი (ერთადერთი ძე-ღმერთი მამა-ღმერთისა): „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან, რადგან მხოლოდ იგია არსისმიერად ძე ღმრთისა“. სხვები ღმერთის ძედ იწოდებიან მადლისა და შვილობის გამო და არა ბუნებისმიერად. ასეთნი არიან ერთგულნი მორწმუნენი და რჩეულნი ღმრთისანი. შვილობის ეს მადლი, როგორც ამას წმიდა წერილი ამბობს, ქრისტეს მიერ მოგვენიჭა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი