რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.10, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მეთვლება თუ არა შენდობილად ის ცოდვა, რომელიც აღსარებაზე ზუსტი სახელით მოვიხსენიე, თუმცა დეტალები არ დამიკონკრეტებია?

პასუხი: ცოდვა შენდობილია, მაგრამ ჩაუფიქრდით, რა არის დაუკონკრეტებლობის მიზეზი – სირცხვილის გრძნობა, მიჩქმალვის თუ სხვა რამ. მართალია, ყოველი ცოდვის დეტალური აღწერა არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ჩადენილი ცოდვის რომელიმე ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ის აუცილებლად უნდა თქვათ, რომ მოძღვრის რჩევამ სულიერი სარგებელი მოგიტანოთ, მით უმეტეს, თუ მისი უთქმელობა მომავალში სინდისის ქენჯნას გამოიწვევს თქვენში.

კითხვა: როდესაც ტაძარში ვარ და სხვებთან ერთად ვლოცულობ, შეიძლება, ჩემი სულის შინაგანი მოძრაობები გარეგნულად გამოვხატო?

პასუხი: როდესაც სხვებთან ერთად ლოცულობთ, საკმარისი იქნება გულითა და გონებით გამოხატოთ უფლის წინაშე სულის შინაგანი მოძრაობა და არ მიიღოთ სევდიანი, მტირალი გამომეტყველება, რათა სხვებისგან არც განსაკუთრებული პატივი დაიმსახუროთ და არც დაცინვა. ამით აიცილებთ უხერხულობის განცდას, მაგრამ, როდესაც მარტო ხართ და სხვები არ გხედავენ, მაშინ შეგიძლიათ, ლოცვის დროს თქვენი სულის მოძრაობა გარეგნულად გამოხატოთ.

კითხვა: მაქვს პირადი პრობლემა. მივმართე ორ სხვადასხვა მოძღვარს, ორივემ სხვადასხვა რჩევა მომცა. რამდენად კანონზომიერია ეს?

პასუხი: შესაძლოა, თქვენი პრობლემიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოძღვარმა სხვადასხვა რჩევა მოგცათ, აქ არაფერია საეჭვო, მთავარია, ორივე შემთხვევაში ჭეშმარიტებასთან მიდიოდეთ. შეგვიძლია, ეს მდგომარეობა შევადაროთ ექიმებთან მკურნალობას, როდესაც სხვადასხვა ექიმი თავის მეთოდს იყენებს, მაგრამ განკურნების შედეგი შესაძლოა, ორივე შემთხვევაში დადგეს.

კითხვა: თუ შეიძლება, გვითხარით, ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

პასუხი: უძველესი დროიდან ხატებს ხატმწერები ქმნიდდნენ, რომელთა უმრავლესობა ბერები იყვნენ. ხატის შექმნამდე ხატმწერი ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომაც უძველესი ხატების უმრავლესობა სასწაულთმოქმედი იყო. დღეისთვის, რადგან ხატებზე დიდი მოთხოვნილებაა და ასევე, მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ხატის ლითოგრაფიული გამოსახულებები, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული, მას კრძალვითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ხატების შეძენა უმჯობესია მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ. ხოლო, თუ უკურთხებელს შეიძენთ, უნდა აკურთხებინოთ. როცა შეძენილი ხატი ეჭვს იწვევს, დაეკითხეთ მოძღვარს. სახლში იქონიეთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თქვენი მოსახელე წმიდანის ხატები. იქონიეთ იმდენი ხატი, რამდენიც გსურთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი