მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.07
კითხვა: ეკლესიური სწავლების მიხედვით, მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. როგორ მოხდება ეს?
პასუხი: თუ თქვენ მორწმუნე ხართ და გწამთ მკვდრეთით აღდგომის, მაშინ ისიც უნდა ირწმუნოთ, რომ ეს იქნება უფლის სასწაული, რისი განსჯაც ჩვენს გონებას არ შეუძლია. მაგრამ ჩვენს გონებას შეუძლია ირწმუნოს, რომ ეს ღვთის ნება ნამდვილად აღსრულდება – ღვთის სასწაულებს ხომ ისედაც ყოველ წუთს ვხვდებით, მაგრამ მივეჩვიეთ და მათ აღსრულებას განსაკუთრებულ მოვლენად აღარ აღვიქვამთ. ასე რომ, ის, ვის ხელშიცაა ყოველივე, ყველაფერს აღასრულებს.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?
პასუხი: ეკლესია უძველესი, მოციქულების დროიდან შეწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რით შეიძლება, ადამიანმა მადლიერება გამოხატოს ეკლესიის წინაშე, როდესაც ის მორწმუნეს აძლევს ყველაფერს სულიერს – სიხარულს, სიმშვიდეს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე. შეწირული თანხა კი ხმარდება აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, ეკლესიაში მოღვაწე ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ შესაწირავი ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
კითხვა: ცნობილია პავლე მოციქულის სიტყვები: „ღმერთთან არ არის მიკერძოება“, ასევე, პავლე მოციქული ბრძანებს: „წუთისოფლის მორწმუნეები ღმერთმა თავიდან ამოგვირჩია“. ეს ორი ფრაზა ერთმანეთს არ გამორიცხავს?
პასუხი: ამ საკითხში გასარკვევად შეგვიძლია, დავიხმაროთ სიტყვები წმიდა წერილიდან: „მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულნი“. უფალმა მთელი კაცობრიობა გამოისყიდა თავისი ჯვარცმით, ყველას მისცა ცხონების საშუალება, მაგრამ ყველა არ მიჰყვება უფლის ძახილს, ვინც თვითონ ირჩევს უფალს და მასთან მიდის, სწორედ ის არის გამორჩეული. ასეთები კი არ არიან ბევრნი.
კითხვა: რატომ მიჭირს პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა?
პასუხი: პატიების თხოვნა უჭირთ პატივმოყვარე და ამპარატავან ადამიანებს. ეს დიდი ცოდვაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


