მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 31.01
კითხვა: წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი ქრისტიანი?
პასუხი: მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას სიმბოლურად ეწირება უფლის სისხლი და ხორცი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველია, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ, მაგრამ რადგანაც ამას ჩვენი სულიერი სისუსტისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვახერხებთ, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შევძლოთ. შვიდ წლამდე ბავშვებს ზიარებისთვის საგანგებო მომზადება და მარხვის დაცვა არ სჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, ისინი ზიარებისთვის ტაძარში ყოველ კვირას მიიყვანოთ.
კითხვა: რატომ არის პეტრე მოციქულის ჯვარი სხვა ფორმის, გადაბრუნებული?
პასუხი: მას შემდეგ რაც უფალი ჯვარს აცვეს, ქრისტიანებმა რამდენიმე ფორმის ჯვარი შექმნეს: ზოგზე გამოსახულია მაცხოვარი, ზოგზე კი – არა. პეტრე მოციქულის ჯვარი იმიტომ არის გადაბრუნებული, რომ პეტრემ თავი ღირსად არ მიიჩნია ჯვარზე იმავე წესით გაეკრათ, როგორც მაცხოვარი და ამიტომ ის გადაბრუნებულ ჯვარზე აწამეს.
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?
პასუხი: სული ცნობიერია. ცნობიერების უნარი ადამიანის სულს აქვს და არა ხორცს. ცნობიერება აქვს გარდაცვლილის სულსაც და მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ლოცვას მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გამოცხადებებს, ამ მოვლენას, ჩვეულებრივი მოკვდავები სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ხშირად ასეთი რამ ბოროტი ძალის ხელითაც ხდება. ჭეშმარიტი ხილვები, ღვთის ნებით, უპირატესად წმიდანებს აქვთ.
კითხვა: ვფიქრობ, რომ პატარა ასაკის ბავშვებთან არ შეიძლება, რელიგიის შესახებ ზეწოლითი ხასიათის საუბარი. სჯობს, თუ თვითონვე მივლენ ჭეშმარიტებასთან. ამის შესახებ როგორია ეკლესიური სწავლება.
პასუხი: ბავშვებთან ნამდვილად ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო. რა თქმა უნდა, მათზე ზეწოლა და რელიგიის თავს მოხვევა დაუშვებელია. მაგრამ თავის ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება. ბავშვის გათვითცნობიერება რელიგიაში უნდა მოხდეს ზომიერების დაცვით და რაც მთავარია, საკუთარი მაგალითის საფუძველზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


