მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 19.04

კითხვა: შეიძლება თუ არა, ეკლესიის დაუკითხავად ვიტვირთო ბერის ღვაწლი და განვმარტოვდე საუდაბნოოდ, რადგან ამის დიდი სურვილი მაქვს?
პასუხი: ბერული აღთქმის ერთ-ერთი საფუძველია იერარქიისადმი მორჩილება. ყოველგვარი თვითნებობა ეკლესიაში უდიდეს ცოდვად მიიჩნევა და ადამიანი მწვალებლობამდე მიჰყავს.
კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს მოყვასი. ყოველი ადამიანი უნდა დააყენოს თავისზე წინ და მოთმინებით აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი. ქრისტიანს მოეთხოვება, რომ არავინ შეურაცხყოს და სარგებლობა მოუტანოს მათ სულიერი საუბრებით. ქრისტიანებმა უნდა ილოცონ ერთმანეთისთვის.
კითხვა: ვიცი, რომ იერუსალიმსა და თბილისში არის ერთი და იმავე დასახელების წმინდა ადგილები. ეს რამ განაპირობა?
პასუხი: თბილისში მართლაც არის იმ სახელწოდების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში, მაგალითად, ელიას მთა, ბეთლემი, სიონი და სხვა. როცა საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველი კაცის ცნობიერებამ ქრისტე მიიღო, ასეთი სახელწოდებები საქართველოშიც დაარქვეს, რადგან ქართველ კაცს უნდოდა, ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო, მისი საყვარელი ქალაქი რაღაცით დამსგავსებოდა დედამიწის წმიდა ადგილს. ეს კი იმაზე მეტყველებს, თუ როგორი გულით, როგორი სათნოებით მიიღო ქართველმა ქრისტე, მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ერის ცნობიერებაში და ამ სახით ჰპოვა გამოხატვა. ეს უფლის დიდი სიყვარულისა და მინდობის ნიშანია და არა ამპარტავნების.
კითხვა: ჩემი დაუდევრობის გამო შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს შვილებს?
პასუხი: თქვენს შვილებს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. თქვენ ყურადღება იმას მიაქციეთ, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს და როგორ ასრულებენ იმის მცნებებს, ვის ჯვარსად ატარებენ. იზრუნეთ მათ რწმენაზე, ჯვრების არევა კი მათ ზიანს არ მიაყენებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან