რელიგია

დაიწყევლეს თუ არა თავი ებრაელებმა, როდესაც პილატეს უთხრეს, იესოს სისხლი ჩვენზე და ჩვენს შთამომავლობაზე იყოსო

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.12, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ მაცხოვარი იშვა აბრაამის შტოში და ამ შტოს შემოქმედი ამზადებდა ვიდრე მარიამის შობამდე, რომ განკაცებული ღმერთი მოვლენოდა კაცობრიობას, თუმცა ებრაელებმა ქრისტე მესიად არ აღიარეს და ისევ ელიან მესიას, ისევე, როგორც ჩვენ ველით ქრისტეს მეორედ მოსვლას. რატომ ვერ იცნეს ღმერთი აბრაამის შთამომავლებმა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ღმერთი განურისხდა ებრაელებს, რაკი ვერ იცნეს და არ მიიღეს ღვთის ძედ ან რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ მისი ძე ვერ ეცნო ღმერთის რჩეულ ხალხს?

– პავლე მოციქულის წერილები ვისაც წაუკითხავს, მან იცის, რომ დროებითია ეს სიბრმავე. პავლე მოციქული წერს, ნურავინ იტყვის, რომ ებრაელები უარყო ღმერთმა; დროებით მოხდა მათი დაბნელება, რომ ჩვენ გადავრჩეთ და თუ მათ მიერ უარყოფამ გადაგვარჩინა, წარმოიდგინეთ, რა შედეგი ექნება მათ მიერ მიღებასო. პავლე მოციქული ამბობს, ნუ გაამაყდები და ნუ იტყვი, რომ ებრაელები უარყო ღმერთმა, რომ ჩვენ, წარმართები, შემოვსულიყავით ქრისტეში, თორემ შენც უარგყოფს. ის თუ არ დაინდო, შენ რის იმედი უნდა გქონდეს, ამიტომ ყველას დაიბრუნებს უფალი თავის დროზე... ამ ნიშნით თუ შევხედავთ, რაც დღეს ისრაელის მიწაზე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რასაც ჩვენ ქრისტეს მეორედ მოსვლას ვეძახით, ანუ ისტორიის დასრულებას და არა მოსპობას. რისკენ მიდის ისტორია? შეიძლება, ის არსად მიდიოდეს? შეიძლება, ის პროცესები, რაც მილიარდობით წლებია, ვითარდება, საპნის ბუშტივით გაქრეს?! თუ მაინც ვიტყვით, რომ, როგორც ვცხოვრობთ, ამას აქვს აზრი, ესე იგი, ებრაელების გარეშე ვერსად წავალთ: მათ მოიტანეს „ბიბლია“, მათგან იშვა მაცხოვარი და პავლე მოციქულიც კი, ვინც გამოცხადებებით იყო სავსე, ამბობდა, თუ რაოდენ მიუწვდომელია ღმერთის სიბრძნის წყარო. საბოლოოდ, ებრაელები მიხვდებიან, რომ ჯერ ის მესია უნდა მიეღოთ, ვინც ადამიანების გულები გაწმინდა და ისინი მომავალი სამეფოსთვის მოამზადა. ეს მესია იესო ქრისტე იყო და მათ წინასწარმეტყველებებში წერია ასეთი მესიის შესახებ. ებრაელებს ჰყავთ ორი მესია: პირველი – ბენ იოსები, ანუ იოსების ძე, ვინც მოამზადებს ხალხის გულებს მეორე მესიის მოსასვლელად და მეორე – ბენ დავითი, ანუ დავითის ძე, ვინც მოვა როგორც მეფე და უფალთუფალი. სწორედ ეს შეეშალათ მათ: პირველადვე მოინდომეს დავითის მეფობა. რატომ? იმიტომ რომ სულიერად იყვნენ დეგრადირებულები; რომის იმპერიის ქვეშ გმინავდნენ და პოლიტიკური ძალაუფლება უნდოდათ არათუ მღვდელმთავრებს, მოციქულებსაც კი. გაგახსენებთ, პეტრე აღდგომის შემდეგაც კი ეკითხება ქრისტეს, ახლა ხომ არ აღადგენ, უფალო, სამეფოსო; იოანე და იაკობ მოციქულების დედა კი უფალთან მიდის და სთხოვს, ჩემი შვილები ერთი მარცხნივ დასვი, მეორე – მარჯვნივო. პეტრე მოციქულის კრახიც ის იყო, ეგონა, რომ იესო მიწიერი მეფე იქნებოდა და მას დაცვა ვერაფერს დააკლებდა; შესაბამისად, როდესაც ქრისტე შებორკეს, პეტრეც განულდა. ყველა მიწიერ ძალაუფლებას ელოდა მაცხოვრისგან და ეს არც არის გასაკვირი. ახლა გაიაზრებენ ამას ებრაელები და როგორც კი მიხვდებიან, მათი გულები ქრისტეს სისხლით განიწმინდება. სოლოვიოვი ასეთ რამეს წერს: პილატემ ხომ ჰკითხა ებრაელებს, თუ გასცემთ თქვენს მეფესო და მათ უპასუხეს, იყოს მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენს შთამომავლობაზეო. როგორ ვიგებთ ამას?! რომ ებრაელებმა თავი დაიწყევლეს, მაგრამ რატომ გავიწყდებათ, რომ იესოს სისხლი განწმენდელია და არა წამწყმენდელიო. ნახე, ნინო, როგორ იცვლება განსხვავებული ხედვით რეალობა?! ბოროტებაც ეს არის; შენ რომ არასწორად უყურებ მოვლენას, მაგრამ, ხედვას რომ ოდნავ შეცვლი, სულ სხვა რამეს დაინახავ. ანუ ებრაელებმა თქვეს, ქრისტეს სისხლი ჩვენზე და ჩვენს შვილებზეო და თუ ქრისტეს სისხლი განწმენდელია, ესე იგი, თავი კი არ დაიწყევლეს, არამედ განიწმინდეს. საერთოდ, ებრაელის თვისებაა, ამოატრიალოს ყველაფერი და ისე შეხედოს, რაც თითქოს პარადოქსული ხედვაა. სხვათა შორის, დღეს უკვე შეცვლილია ებრაელებისადმი დამოკიდებულება. კერძოდ, თუ კათოლიკურ ეკლესიაში აქამდე ჩანაცვლების თეორია მუშაობდა, რომ ებრაელები ქრისტიანებმა ჩაანაცვლეს, რითაც ებრაელებს მისია საერთოდ დაეკარგათ (გამეფებული იყო აზრი, რომ ღმერთმა ებრაელები უარყო, იმიტომ რომ ახალი ისრაელი ქრისტიანები არიან), მეოცე საუკუნეში ვატიკანმა ჩანაცვლების თეორია მიმღებლობის თეორიით შეცვალა. ანუ ებრაელებს რჩეულობა დაუტოვეს: იმის გამო, რომ ქრისტეს ჯერჯერობით არ იღებენ, უარყოფილები არ არიან. ანუ მათ ცალკე დაუტოვეს მისია.

იმის თქმა მინდოდა, რომ ბოლო ჟამის პირველი ნიშანია, რომ სამყაროში ქრისტეს მეფობა დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ ებრაელები მიიღებენ ბენ იოსების მესიას, რომელიც მაშინ იყო იესო ქრისტე. რას აკეთებს პირველი მესია? ამზადებს ადამიანებს ბენ დავითისთვის, მეორე მესიისთვის. ასეცაა: იესოს მოსვლამ (მამამისს ხომ იოსები ერქვა?! ესეც სიმბოლურია) მოამზადა ადამიანების გულები, თორემ როგორ გამეფდებოდა იესო იმ დროს იერუსალიმში?! მაშინ დიქტატორი უნდა ყოფილიყო. ძალით უნდა მოექცია ებარელები, ხმალი უნდა აეღო ხელში. ქრისტე კი რას ამბობს?! ძალადობით არაფერი შეიცვლება, უნდა მიხვდეთ, რომ გულების გაწმენდის ეპოქა იწყება. პირველი მესია ამზადებს გულების სამეფოს – ანუ პირველია საკუთარ თავზე ამაღლება. ვინც საკუთარ თავზე, ვნებებზე, შიშებზე, რაც წუთისოფელმა შექმნა ცოდვით დაცემის შემდეგ, რომელმაც მოგვიტანა ჯოჯოხეთი, ვერ ამაღლდება, მას წყობის შეცვლა რას უშველის?! როდესაც ადამიანი შიგნითაა ბოროტი, გარემოს შეცვლა რით უსაშველებს?! ბოლშევიკებმა დახოცეს მემამულეები და შემდეგ ერთმანეთი დახოცეს. რატომ?! იმიტომ რომ ბოროტება მემამულეებში კი არ იყო, არამედ ბოროტება ჩაკირულია ადამიანის შიგნით: სულში, გულში, ძვალსა და რბილშია გამჯდარი. შესაბამისად, ვინც ხელისუფლება გახდა, მათ დაჭამეს შემდეგ ერთმანეთი. ვხედავთ, რომ ერთი წყობა მეორით იცვლება, ბოროტება კი ისევ არის. არაფერი იცვლება. ქრისტეს სწორედ ამის თქმა უნდა: სოციალური რეფორმები, მონობისგან თუ სტიქიებისგან გათავისუფლება ჯერ კიდევ არ არის თავისუფლება. ყოველი ცოდვის მკეთებელი ცოდვის მონაა, მე მოვედი, რომ ცოდვის ტყვეობისგან გაგათავისუფლოთ თქვენო, – ამბობს მაცხოვარი. ესე იგი, პირველი ეტაპია საკუთარ თავზე, შიშით შექმნილ სამყაროზე, გამარჯვება და აი, ეს არის ჯვარი: წუთისოფელი უნდა გააკრა ჯვარზე, ამისთვის კი დრო უნდა გავიდეს, რათა ახალი გული შეიქმნას, რომელიც თავისუფალია წუთისოფლის მონობისგან, ისევე, როგორც ქრისტე გათავისუფლდა. სამ გამოწვევას უპასუხა უდაბნოში და ამით იესომ გააუქმა ადამისა და ევას სამმაგი დაცემა. იოანე მახარობელი პირდაპირ ამბობს, ნუ შეიყვარებ წუთისოფელს და ნურაფერს, რაც წუთისოფელშია. ვინაიდან, რაც აქ არის, თვალთა გულისთქმა, ხორცთა გულისთქმა და ამაო დიდება წუთისოფლის, მოდის ეშმაკისგან, ღვთისგან არ არის, წუთისოფელიც გადავა, მისი ძალაუფლებაც და ღმერთის ნების შემსრულებელი რჩება უკუნისამდე! სწორედ ეს გააუქმა ქრისტემ, რითაც მოამზადა ჩვენი გულები მისი მეორედ მოსვლისთვის, როდესაც მაცხოვარი მოვა, როგორც მეფეთ მეფე და უფალთუფალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული