რჩევები

სახისა და ყელის კანის გამაახალგაზრდავებელი მარტივი და ეფექტური ნიღბები გოგრით

№45

ავტორი: ანი რევია 11:00 18.11, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

გოგრა მეტად სასარგებლო პროდუქტია და ხშირად იყენებენ კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. მისი ნიღბები აფერხებს კანის დაბერებას და წვრილი ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, რაც მასში შემავალი A და E ვიტამინების მაღალი შემცველობის დამსახურებაა. გოგრის ნიღბები სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ საკმაოდ მცირე დროში და მარტივად. შედეგით კი ნამდვილად გაოცებული დარჩებით.

გოგრის ნიღაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის – 100 გრამი გოგრის რბილობი გახეხეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი რძე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააგრილეთ და შეურიეთ 1 კვერცხის გული. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გოგრის ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის – 100 გრამი გოგრა გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. თუ ძალიან თხელი გამოვიდა, შესასქელებლად 1 ჩაის კოვზი ფქვილი, სახამებელი ან რძის ფხვნილი დაუმატეთ. მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ სახეზე და შეიზილეთ მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით. 10-15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, თვალების ზონას უნდა მოარიდოთ.

გოგრის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის – 100 გრამი გოგრის რბილობი გახეხეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი რძე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ქურიდან, გააგრილეთ ისე, რომ ოდნავ თბილი იყოს, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი გოგრის თესლის ზეთი. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და წაისვით სახესა და ყელზე. 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გოგრის, თაფლისა და რძის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ დაჭყლეტილ ან დაბლენდერებულ გოგრას შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი რძე და კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ სახე და წაისვით ნიღაბი, ისე, რომ თვალებს არ მოხვდეს. დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გოგრისა და დარიჩინის ნიღაბი – ნახევარი ჭიქა გოგრის დაბლენდერებულ მასას, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი დაფხვნილი დარიჩინი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და ყელის არეში. მოარიდეთ თვალებს. 2-3 წუთის შემდეგ კანზე ნაზად შეიზილეთ და დაიმასაჟეთ. 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გოგრის, მოცხარის, თაფლისა და იოგურტის ნიღაბი: 6 ცალი დაჭყლეტილი მოცხარი, 100 გრამი დაბლენდერებული გოგრის რბილობი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი იოგურტი კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ სახე ტონერით ან წყლით და დაიტანეთ ნიღაბი. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ, ისე, რომ სახეზე ნიღბის მცირედი მასაც კი არ დარჩეს.

ეს ნიღბები ძალიან სასარგებლო და ეფექტურია სახისა და ყელის კანისთვის, განსაკუთრებით ცივ პერიოდში. შედეგს მალევე დაინახავთ. თუმცა, გირჩევთ, ნიღბები გაიკეთოთ კვირაში ერთხელ და ნიღბის მოშორების შემდეგ აუცილებლად წაისვათ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი საცხი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი