სახის კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებები
ავტორი: ანი რევია 13:00

თუ მშრალი კანი გაქვთ და სახეზე ნაადრევი ნაოჭებიც გაჩნდა, ძალიან მოგიხდებათ ბანანისა და ხაჭოს ნიღბები, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია კერძოდ:
* ბანანი გასრისეთ ჩანგლით, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ კი – ცივი წყლით. გაიკეთეთ ეს ნიღაბი ყოველდღე ან დღეგამოშვებით, დაახლოებით, 20-ჯერ და კანზე აშკარად დაინახავთ დადებით ცვლილებებს;
* 1 სადილის კოვზი ხაჭო, 1 სადილის კოვზი არაჟანი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი. წაისვით სახეზე და შემდეგ, ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ასაკში შესულ ადამიანებს გამოადგებათ, რადგან სახის კანს ახალგაზრდულ იერსახეს და ელასტიკურობას უბრუნებს;
* ერთმანეთში აურიეთ 1 სადილის კოვზი ხაჭო, 1 სადილის კოვზი ზღვის მარილი და 1 სადილის კოვზი დასრესილი ბანანი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ კი – ცივით. თუ გსურთ, სახის კანი გახალისდეს, გასუფთავდეს და ელასტიკურობა დაიბრუნოს, ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ, საღამოობით;
* 2 სადილის კოვზ ხაჭოს შეურიეთ 2 სადილის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 სადილის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია ნაოჭების შესამცირებლად.
ბანანისგან და კენკრისგან კი შეგიძლიათ, ცხიმიანი კანის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონი მოამზადოთ:
* 1 სადილის კოვზ ბანანის გასრესილ რბილობს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი დაჭყლეტილი მარწყვი, 1 სადილის კოვზი დაჭყლეტილი შავი მოცხარი და კარგად გადაურიეთ, ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ და დაასხით 300 გრამი არაყი. გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ. გამოყენებამდე ლოსიონი გააზავეთ წყალში, პროპორციით – 1/3-ზე, რათა კანი არ გამოაშროს. კარგია ნორმალური და ცხიმიანი კანის გასაწმენდად.
ასევე, ძალიან კარგი და სასარგებლოა ბანანის, ხაჭოსა და ლიმონის ნაოჭების საწინააღმდეგო, სახის კანის ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო ნივთიერებებით „გამოსაკვები“, კანის გადასაჭიმი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტური ნიღაბი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის და ასაკის კანისთვის:
* 1 სადილის კოვზი ხაჭო, 2 სადილის კოვზი რძე, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ბანანის დასრესილი რბილობი დააბლენდერეთ, წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია არა მარტო სახისთვის, არამედ დეკოლტესა და კისრის ზონებში წასასმელადაც. კარგი იქნება, თუ ამ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ გაიკეთებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან