რჩევები

როგორ უნდა შეარჩიოთ ტუში სწორად

№48

ავტორი: ანი რევია 11:00 04.12

როგორ შევარჩიოთ ტუში
დაკოპირებულია

ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი და ბოლო შტრიხია, რომლის გარეშეც დასრულებულ ეფექტს ვერ მიიღებთ. იმისთვის, რომ ტუში კარგად და სწორად გამოიყენოთ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ.

არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში, კერძოდ, კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში ცვილისა და პოლიმერების წყალში შერევით მიიღება. წყალგამძლე ტუშის შემადგენლობაც მსგავსია, თუმცა არ შეიცავს წყალს და მისი წყალში გახსნაც შეუძლებელია. წყალგამძლე ტუში უძლებს ცრემლს, არ სცილდება წყალსა და წვიმაში. ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფუტკრის, ასევე, პალმის ცვილი და ცელულოზას პოლიმერები ტუშს მოცულობასა და სიმტკიცეს მატებს, ხოლო გლიცერინი და ბუტილენის გლიკოლი კი სირბილესა და მოქნილობას უნარჩუნებს.

* სავარცხელი – სავარცხლის ფორმის ფუნჯი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ წამწამებზე ზედმეტი პროდუქტის დაგროვება. პლასტმასის კბილები თანაბრად გადაანაწილებს ტუშს და წამწამებს ბუნებრივი სიგრძის ეფექტს შესძენს;

* სქელი ფუნჯი – სქელი ფუნჯები დამზადებულია სინთეზური ბოჭკოსგან, რაც წამწამებს ხავერდოვან და მოცულობით ეფექტს სძენს;

* თხელი და გრძელი ფუნჯი – გრძელი ფუნჯი მოკლე კბილებით აგრძელებს, ამკვეთრებს და აცალკევებს წამწამებს. ასეთი ფუნჯები კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვს და სურს, უბრალოდ, სიგრძე შემატოს;

* მომრგვალებული, ნახევარმთვარის ფორმის ფუნჯი – მსგავსი ფუნჯები დამზადებულია თვალის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით, რათა გაშალოს წამწამები და ფორმა მისცეს მათ. ტუში მომრგვალებული ადგილით ქვემოთ უნდა გეჭიროთ, რათა მოცულობის მიცემა გაგიადვილდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ტუშს ვადა გასდის. მისი გამოყენებისა და ვარგისიანობის საშუალო ხანგრძლივობა, დაახლოებით, 3-5 თვეა. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიული ინფექციები. თუ ტუში ამ დროის განმავლობაში გაშრა, ან ზედმეტ პროდუქტს გიტოვებს, ჩაასხით 2-3 წვეთი კონტაქტური ლინზის შესანახი სითხე, ამოურიეთ ფუნჯით და თავდახურული კარგად შეანჯღრიეთ.

ზოგჯერ, დაღლილს, გვეზარება ტუშის მოშორება და ასე ვიძინებთ. ეს კი ძალიან საშიშია. ტუში ღამის განმავლობაში შრება, წამწამების ცვენას იწვევს და შეიძლება, გამხმარმა წამწამმა ძილის დროს რქოვანა დაგიზიანოთ.

თუ წამწამების მოცულობის გაზრდა გსურთ, დაყარეთ თეთრი პუდრი ბამბაზე და გადაისვით წამწამებზე, შემდეგ კი ტუში წაისვით.

წამწამები, იგივე თმაა, რომელსაც დატენიანება სჭირდება. ძილის წინ წაისვით ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი ზეთი. ოღონდ, ფრთხილად იყავით, თვალში არ მოგხვდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება, რეკომენდებული არ არის. მიზეზი ისაა, რომ მისი მოშორება, არც ისე ადვილია. თვალის სრესამ კი შეიძლება, დაასუსტოს წამწამები და ცვენა გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა