რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ გაუხეშებულ ფეხის ტერფებსა და ქუსლებს

№6

ავტორი: ანი რევია 11:00 15.02

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ფეხის ტერფები, ქუსლები და თითები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც სახლის პირობებში მოგირჩენთ ნახეთქებს, მოგაშორებთ გაუხეშებულ კანს და თქვენს ტერფებს ჩვილი ბავშვივით ნაზსა და გლუვს გახდის.

ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი – ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ნახევარი ლიმონის გამოწურული წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი და ჩააწყვეთ ფეხები 20 წუთით. შემდეგ პემზის ქვით ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით კი ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.

ვაზელინი და ლიმონის წვენი – ჩააწყვეთ ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 ცალი ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თაფლი – თასში ჩაასხით 4-5 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. მოათავსეთ ფეხები 20 წუთი და შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. წაისვით, მკვებავი კრემი.

* ბრინჯის სკრაბი – 3 სადილის კოვზი დაფქული ბრინჯს, დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ სქელი მასა. ფეხები ჯერ თბილ წყალში მოათავსეთ, 10 წუთის შემდეგ კი ტერფებზე წაისვით მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ჩამოიბანეთ.

ზეითუნის ზეთისა და ლიმონის კრემი – ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. კარგად აურიეთ. წაისვით ეს კრემი დილა-საღამოს ქუსლებზე, ტერფებსა და ფეხის თითებზე.

რძის აბაზანა – გაავსეთ თასი ცხელი წყლით, ჩაამატეთ 1 ჭიქა რძე, 50 მილილიტრი თხევადი საპონი, 3 სადილის კოვზი ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და შეიზილეთ ფეხის კრემი.

აბაზანა სოდით – გაავსეთ თასი თბილი წყლით და ჩაამატეთ დაახლოებით 3 სადილის კოვზი სოდა. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები 15 წუთით, შემდეგ სპეციალური სახეხი პემზის ქვით მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლები, კარგად შეიმშრალეთ და შეიზილეთ ფეხის კრემი.

კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე, 15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს შეიზილეთ მკვებავი კრემი.

ალოეს ნიღაბი – 100 გრამი ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე. 1 საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ვაშლის ნიღაბი – 1 ცალი ვაშლი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ქუსლებზე დაიდეთ, მარლით შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და ქუსლებზე ფეხის კრემი შეიზილეთ.

შვრიის ნიღაბი – 4 სადილის კოვზ მოხარშულ შვრიის ფაფას შეურიეთ 3 წვეთი გლიცერინი და დაიდეთ ქუსლებზე. 2 საათის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და შეიზილეთ მკვებავი კრემი.

შეგიძლიათ, კრემები თავადაც მოამზადოთ:

ლიმონის კრემი – 1 სადილის კოვზ საბავშვო კრემს შეურიეთ 5 წვეთი ლიმონის წვენი და თითო-თითო წვეთი ზეითუნის, ლავანდისა და კვიპაროსის ზეთი შეურიეთ. შეიზილეთ ქუსლებზე დღეში 2-ჯერ.

ვიტამინიზებული კრემი გლიცერინით – 1 სადილის კოვზ საბავშვო კრემს დაამატეთ 2 წვეთი გლიცერინი, თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ ქუსლებზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.

ზეთოვანი კრემი – 2 სადილის კოვზ საბავშვო კრემს დაამატეთ 2-2 წვეთი ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთი, თითო-თითო წვეთი ქოქოსის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ქუსლებზე დღეში 2-ჯერ.

პროცედურები ჩაიტარეთ ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული