რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ რუჯის შემდგომ სახის კანზე გაჩენილი ლაქების საწინააღმდეგო და აკნეს სამკურნალო ნიღბები

№38

ავტორი: ანი რევია 11:00 26.09

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ყოველდღიური სტრესული გარემო, არასრულფასოვანი ძილი და კვება, ჯანმრთელობის პრობლემები – ეს ყველაფერი სახის კანზე უარყოფითად აისახება. თუმცა, არსებობს სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელი სპეციალური ნიღბები, რაც ამ პრობლემას იოლად გადაჭრის, სახის კანს დაატენიანებს, ჯანსაღ იერს დაუბრუნებს და აკნესაც უმკურნალებს.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყლის დალევა გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ხელს უშლის სახეზე გამონაყრის გაჩენას. რაციონიდან გამორიცხეთ ან შეამცირეთ ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული და ცხოველური ცხიმები. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ. ამისთვის გამოიყენეთ სახლის ტემპერატურის წყალი და ნაზი საპონი. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. დაძინებამდე აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი.

ლიმონისა და კარტოფილის ნიღაბი: 1 ცალი კარტოფილი კარგად დააბლენდერეთ, შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ეს ნაზავი წაისვით სახეზე ხელის წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი ძალიან ეფექტურია სახეზე გარუჯვის შემდეგ დარჩენილი ლაქების წინააღმდეგ.

კიტრისა და კვერცხის ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთს დაბლენდერებული 1 ცალი კიტრი და 1 კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ, დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი აახლებს სახის კანს, ავიწროებს ფორებს და ასევე, საუკეთესო საშუალებაა თვალთან გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლიმონის, კვერცხის, რძისა და თაფლის ნიღაბი: 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე ხელის ნაზი მოძრაობით და გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღაბი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში, ატენიანებს გამომშრალ კანს და მას უფრო ხასხასას, გლუვსა და მოვლილს ხდის.

შვრიის, ვაშლის, თაფლისა და კეფირის ნიღაბი: ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი შვრია, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი კეფირი, 1 ცალი ლიმონის წვენი. გახეხეთ ვაშლი. აიღეთ 3 პატარა ჯამი, ერთში გააკეთეთ შვრიისა და ზეითუნის ზეთის მიქსი, მეორეში ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ვაშლი და თაფლი, მესამეში კი შეურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი. ჯერ წაისვით შვრიისა და ზეითუნის ზეთის ნარევი და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ – გახეხილი ვაშლისა და თაფლის ნაზავი და გაიჩერეთ, ასევე, ხუთი წუთი. ბოლოს კი წაისვით კეფირისა და ლიმონის წვენის ნაზავი და დაიტოვეთ, ასევე, ხუთი წუთით. საერთო ჯამში, ნიღაბი სახეზე უნდა გქონდეთ 15 წუთი. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე. ნიღაბი სახეს წმენდს მკვდარი უჯრედებისგან და აქტიურად აქრობს აკნეს.

კურკუმას, ავოკადოსა და იოგურტის ნიღაბი: 1 სადილის კოვზი ავოკადო დააბლენდერეთ, დაუმატეთ მას მეოთხედი კურკუმას ფხვნილი, შემდეგ 1 ჩაის კოვზი იოგურტი და კარგად აურიეთ. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი საოცრად არბილებს კანს და აძლევს თანაბარ ელფერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა