როგორ უნდა გაირუჯოთ სწორად, რომ ნამზეური დიდხანს შეინარჩუნოთ
ავტორი: ანი რევია 11:00 28.07, 2022 წელი
ლამაზი, თანაბარი რუჯი რომ მიიღოთ და ნამზეური დიდხანს შეინარჩუნოთ, სანამ მზეს მიეფიცხებით და მას შემდეგაც, აუცილებლად უნდა დაიცვათ წესები. რაც მეტად იღებთ რუჯს, მით უფრო შრება კანი. ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ დამატენიანებელი საშუალება და წაისვით დილა-საღამოს. მიიღეთ ბევრი სითხე. დასასვენებლად წასვლამდე, ოღონდ არა წინა დღეს, გაიკეთეთ სახის პილინგი, ეს კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და რუჯიც თანაბარი გექნებათ.
თუ გინდათ, რუჯი ხანგრძლივად შეგინარჩუნდეთ, უნდა ერიდოთ ერთბაშად გარუჯვას. მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობა კი თანდათანობით უნდა გაზარდოთ, დღეში – 10-15 წუთიდან 40 წუთამდე. გარუჯვა და მით უფრო კანის დამწვრობა ორგანიზმისათვის ძლიერი სტრესია. დაზიანებული კანი, აღდგენის მიზნით, სწრაფად იშორებს მკვდარ უჯრედებს და სწორედ ამის გამოა, კანი რომ იქერცლება. ამიტომ, რუჯის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად დამწვრობა არ გამოგადგებათ. ხოლო, თუ მზეზე ეტაპობრივად გაირუჯებით, რუჯი ხანგრძლივად შეგინარჩუნდებათ.
გარუჯვას კაროტინის შემცველი პროდუქტებიც ეხმარება – სტაფილო, გარგარი, ატამი და სხვა. კანს დამწვრობისგან იცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებითაც მდიდარია თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ასევე E ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები, როგორებიცაა მცენარეული ზეთები და ნიგოზი.
გარუჯული კანი გაუწყლოებულია, შესაბამისად, აქტიურად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები. ისინი დღეში, სულ მცირე 2-ჯერ, დილა-საღამოს მაინც უნდა წაისვათ, ხელებზე კი – 4-5-ჯერ. მიიღეთ მეტი სითხე, რათა კანი შიგნიდანაც დატენიანდეს.
გაირუჯეთ მზის ნაკლები აქტივობის დროს, ანუ დილის 11 საათამდე ან საღამოს 16 საათის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ნამზეურს მოღრუბლულ ამინდშიც იღებთ და წყალში ყოფნისასაც.
აუცილებელია, რომ ნამზეურის მიღების დროს გამოიყენოთ დამცავი კრემი. SPF საშუალებები მხოლოდ ერთი ტიპის გამოსხივებისგან გვიცავს და ამიტომ, ის კანს A დიაპაზონის (UVA – რომელიც მელანომას იწვევს) გამოსხივებისგან ვერ დაიცავს. იმისთვის, რომ კანი ორივე სახის გამოსხივებისგან დაიცვათ, გამოიყენეთ, ეგრეთ წოდებული, Sunblock. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას, შეამოწმეთ, თუ კონკრეტულად რისგან გიცავთ ეს კონკრეტული კრემი. დამცავი კრემი, ყოველ 2 საათში უნდა წაისვათ. აუცილებელია ტუჩების დაცვაც.
ჭამის შემდეგ რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის. საუკეთესო ვარიანტია, თუკი საკვების მიღების შემდეგ პლაჟზე გასვლამდე 1 საათი გავა. ხოლო სანაპიროზე წყურვილი არაგაზირებული სასმელებით მოიკალით.
თუკი გრძნობთ, რომ ძალიან გადახურდით, ნუ იჩქარებთ წყალში ჩასვლას. უმჯობესია, ჯერ ჩრდილში გადაინაცვლოთ და გაგრილდეთ. წყლიდან ამოსვლისას გაიმშრალეთ ტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხეულზე დარჩენილი წვეთები მზის სხივებისთვის „ლუპის” ფუნქციას ასრულებს და რუჯის მიღების პროცესს აძლიერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან