კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: მაინტერესებს რა თვისებები აქვს კოსმეტიკურ ყინულს და როგორ გამოიყენება ის სახის მშრალი და ცხიმიანი კანისთვის?
პასუხი: კოსმეტიკურ ყინულს დამატენიანებელი ეფექტი აქვს და ასევე, ძალიან უხდება მათ, ვისაც სახეზე გაფართოებული სისხლძარღვები აქვს. კარგი ეფექტი აქვს, აგრეთვე, მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც. კოსმეტიკური ყინულით მკურნალობა ძალიან კარგია. ამ დროს ყველაზე მარტივი არის მაწონი. გაყინეთ მაწონი პატარა კუბიკებად, ჩადეთ დოლბანდში და სახეზე წრიული მოძრაობით წაისვით, სანამ ბოლომდე არ დადნება. ამას დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, კარგად კრავს ფორებს და ავიწროვებს კაპილარებს.
კითხვა: ვერ ვიკეთებ ლაზერულ ეპილაციას, ამიტომ ხშირად ვიპარსავ ფეხებს. პარსვის შემდეგ კი ძალიან მიღიზიანდება ფეხის კანი, მიჩნდება გამონაყარი და მიწითლდება. რაიმე ისეთ საშუალებას ხომ არ მირჩევთ, რომ გაღიზიანებული კანი დავიამო?
პასუხი: ხშირი პარსვა კანს აღიზიანებს, სიგლუვესა და სილამაზეს უკარგავს, ხშირად კი გამონაყარსაც იწვევს. პარსვა კანს აშრობს და აჩენს მასზე ხორკლს. გაპარსვამდე, წინა საღამოს, ზეითუნის ზეთი წაისვით. ის პარსვას აადვილებს, კანი რბილდება და ნაკლებად გაღიზიანდება. სანამ გაიპარსავთ, კარგად დაიმუშავეთ კანი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სკრაბი. რაც უფრო მეტ ჭუჭყსა და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო გახდება. გამორიცხეთ სპირტის შემცველი ნებისმიერი საპარსი გელები და კრემები. ისინი კანს აღიზიანებენ. გამოიყენეთ პარსვის შემდგომ დამამშვიდებელი, მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



