რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ მშრალი კანი და დაფაროთ დეფექტები

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 19.09

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

არასწორი კვების რეჟიმის, ასაკის მატებისა და ნერვული სისტემის მდგომარეობის შესაბამისად, კანში ცხიმის რაოდენობა იცვლება. ცხიმოვანი ცვლის დარღვევა ცუდად აისახება კანზე. ის ეშვება, იხორკლება, სკდება, გაცილებით მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის ცვალებადობის, მზისა და ქარის მიმართ, იქერცლება, ადვილად ღიზიანდება და წითელი ლაქებით იფარება. კანს აშრობს გარეგანი ფაქტორებიც – მზე, ქარი, ზღვის წყალი და ასე შემდეგ. კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. არ შეიძლება პირის დაბანა შინიდან გასვლის წინ, ასევე, სპირტიანი ლოსიონების, მათეთრებელი კრემების ჭარბი გამოყენება. მშრალი კანი უნდა გაიწმინდოთ მხოლოდ გრილი ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, რის შედეგადაც კანი ეშვება და ნაოჭდება, ცხელი წყალი კი, აფართოებს ფორებსა და სისხლძარღვებს, რაც ასევე, ადუნებს კანს და ხელს უწყობს მის დანაოჭებას. კარგია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბების გამოყენება.

* დილით პირი დაიბანეთ რძეგარეული წყლით – შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით რძე და ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყალი;

* სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და გაზრდის მის წინააღმდეგობის უნარს. არაჟნის ნარჩენები კი ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით;

* კანი გაიწმინდეთ შემდეგი ნარევით: შეათქვიფეთ კვერცხის გულს 100 გრამი ნაღები, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაყი და 10 წვეთი ლიმონის წვენი. გამოყენებამდე ნარევი შეანჯღრიეთ. სახეზე წაისვით რამდენიმეჯერ, ბამბის ტამპონით. ეს ნარევი, კარგად არბილებს კანს;

* კვირაში ერთხელ სველ სახის კანზე წრიული მოძრაობით წაისვით მაიონეზი. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული წყლით. შეიმშრალეთ და წაისვით მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი. ის, არბილებს და ამკვრივებს კანს.

თუ კანზე გაქვთ ჭორფლი, პიგმენტური ლაქები ან გაფართოებული სისხლძარღვები, მზეში გასვლამდე წაისვით დამცავი კრემი, მერე კი სახე პუდრით დაიფარეთ. თუ კანი უდეფექტოა, მკვებავი კრემის შემდეგ გადაისვით კრემ-პუდრა.

მშრალი კანის სწორ მოვლაში ბუნებრივი საშუალებებიც დაგეხმარებათ:

კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი მზესუმზირას ზეთი ერთმანეთში აურიეთ და კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 15 წვეთი ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ კი რძეგარეული წყლით ჩამოიბანეთ.

ხაჭოს ნიღაბი – 1 სადილის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილ, ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიწმინდეთ.

კიტრის ნიღაბი – 1 ცალი კიტრი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ შვრია, იმდენი, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს და 20 წუთით სახეზე დაიდეთ. შემდეგ კი მოიცილეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში დასველებული ტამპონით.

ახალი ლობიოს ნიღაბი – მეოთხედი ჭიქა ახალი ლობიოს მარცვალი ჯერ ცივ წყალში დაალბეთ 2 საათით, შემდეგ კარგად მოხარშეთ და მოხარშული მარცვლები 2 სადილის კოვზ შემთბარ ზეითუნის ზეთთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში. დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ქლიავისა და ნესვის ნიღაბი – თანაბარი რაოდენობის ქლიავისა და ნესვის რბილობი კანის გარეშე დააბლენდერეთ და დაამატეთ 10 წვეთი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა