როგორ უნდა ჩაიტაროთ სახის ღრმა წმენდა-გასუფთავება სახლის პირობებში
ავტორი: ანი რევია 11:00
ყველა ადამიანისთვის პერიოდულად აუცილებელია სახის კანის საფუძვლიანი და ღრმა გაწმენდა-გასუფთავება. ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო კოსმეტოლოგთან ვიზიტი ან ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. სახლის პირობებში, მინიმალური ინგრედიენტებითაც შეგიძლიათ, სახე თავად გაიწმინდოთ და შედეგით კმაყოფილი დარჩეთ.
* ხელისგულზე მოთავსებულ პირსაბან ქაფს დაუმატეთ ერთი მწიკვი საკვები სოდა. კარგად აურიეთ და სახეზე მსუბუქი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და სახის კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. ასე მომზადებული საკვები სოდის სკრაბი განსაკუთრებით უხდება მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებად კანს, რადგან სოდას დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო ქმედება აქვს;
* აიღეთ პირსახოცი, თავზე გადაიფარეთ და სახე ცხელი წყლის ორთქლს მიუშვირეთ. ეს დაგეხმარებათ, ფორები გახსნათ და სახის ღრმა ფენები გაიწმინდოთ. ეცადეთ, თავი წყალთან ახლოს არ მიიტანოთ, რათა სახე ცხელ ორთქლზე არ დაიწვათ. როდესაც ფორების გახსნის პროცედურას მორჩებით, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. შემდეგ თითების წრიული მოძრაობით წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი გამწმენდი კოსმეტიკური საშუალება. ის სახეზე ჩააქრობს ყველა იმ ცხიმოვან კერას, რასაც შეუძლია, კანზე გამონაყარი ან სხვა სახის გაღიზიანებები გამოიწვიოს. შეიშრეთ და შემდეგ კი თბილი წყლით მოაშორეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ გადაისვით მკვებავი კრემი;
* ამ ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ – აცეტილსალიცილის მჟავა, ანუ ასპირინი და თაფლი. სალიცილის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები. ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყრისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი, მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებაა. თუ თაფლის მიმართ ალერგიული ხართ, შეგიძლიათ, ის არაჟნით ჩაანაცვლოთ. ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: ოთხ აბ ასპირინზე დააწვეთეთ წყალი, რომ აბებმა შეიწოვონ და გაფუვდნენ. შემდეგ, კოვზით გაქენით, რომ ერთგვარი მასა მიიღოთ. დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. დროდადრო წყალში დასველებული თითებით, ნაზად დაიმასაჟეთ სახე და ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და თავად ნახავთ, როგორ გასაოცარ შედეგს მიიღებთ. დარწმუნდებით, რომ სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარება, რომ სახის კანი გლუვი და მოვლილი იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




