რჩევები

რით განსხვავდება დღისა და საღამოს მაკიაჟი

№19

ავტორი: ანი რევია 11:00 19.05, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თუ საღამოს მაკიაჟს სამსახურისთვის ან დილის საქმიანი შეხვედრისთვის გაიკეთებთ, სახე „მყვირალა“ და ვულგარული გამოჩნდება, ხოლო, თუ დღის მაკიაჟს საღამოსთვის გაიკეთებთ, თქვენი სახე „ჩამქრალი“ იქნება.

დღის მაკიაჟის ძირითადი მახასიათებლები, ზომიერება და ბუნებრიობაა. მაკიაჟი, რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი უნდა იყოს. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ტონებს, რომლებიც ახლოსაა თქვენი კანისა და თმის ბუნებრივ ფერებთან. თუ თვალებს მკვეთრი ტონებით იღებავთ, მაშინ ტუჩებისთვის ღია ატმისფერი საცხი შეარჩიეთ. დღის მაკიაჟისთვის ტონალური კრემი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანის ფერს, თვალების ქვეშ კი კანის ბუნებრივ ფერზე 1-2 ტონით ღია კორექტორი უნდა გადაისვათ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ოდნავ მუქი ტონი ლოყებისა და ნიკაპის ქვეშ მდებარე ზონის ხაზგასასმელად. რუჯი კი უნდა იყოს ატმის ან ბრინჯაოსფერი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, წაისვათ პუდრი, მაგრამ ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღრუბელი – მხოლოდ სქელი და რბილი ფუნჯი. ასევე, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არ წაისვათ პუდრი შუბლზე, რადგან ნაოჭებში ჯდება და ცუდად ჩანს.

რაც შეეხება თვალს, დღის მაკიაჟის შექმნისას უპირატესობა ენიჭება ნეიტრალურ ტონებს – ყავისფერს, ნაცრისფერს, კრემისფერს. ამასთან, უნდა იყოს მსუბუქი და ნეიტრალური. ნათელი და მკვეთრი ფერის ჩრდილები დღის მაკიაჟისთვის არ არის შესაფერისი. თვალის ლაინერი უნდა გადაისვათ, მხოლოდ ზედა ქუთუთოს გასწვრივ და ხაზი, საკმაოდ თხელი უნდა იყოს. უმჯობესია, აირჩიოთ ნაცრისფერი ან ყავისფერი, მაგრამ არა შავი. შავი ხაზები კარგია საღამოს მაკიაჟისთვის.

საღამოს მაკიაჟი უფრო კაშკაშა უნდა იყოს. შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ წითელი პომადა და მკვეთრი ტუჩის კონტური. თვალის ჩრდილი კი – სტაფილოსფერი, ბროწეულისფერი, ალისფერი. ასევე, შავი ლაინერი. წამწამებზე კი – მწვანე, ცისფერი, ყვითელი ან იასამნისფერი ტუში. სახის ფერთან შედარებით რუჯი რამდენიმე ტონით მუქი უნდა იყოს. ცხვირის „ფრთებზე“, ზედა ტუჩსა და ნიკაპზე მაღლა მდებარე ორმოზე, წაისვით მსუბუქი კორექტორი. ეს ყველაფერი, სახეს ელეგანტურ გრაფიკას მისცემს.

ნებისმიერი მაკიაჟის წასმამდე აუცილებლად გაიწმინდეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს კოსმეტიკის წასმის პროცედურას და მაკიაჟს უფრო გამძლეს გახდის. ამის შემდეგ, პირველ რიგში, პრობლემურ ადგილებში წაისვით კორექტორი, შემდეგ – ტონალური კრემი, რაც შეიძლება, მსუბუქი ტექსტურით, რომელიც თქვენს კანის ტონს შეესაბამება. ამის შემდეგ კი დაიწყეთ თვალის, ღაწვებისა და ბოლოს, ტუჩის შეღებვა. თავდაპირველად ტუჩებზე წაისვით ტონალური კრემი, კონტურით გამოკვეთეთ ბუნებრივი საზღვარი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით პომადა. გაითვალისწინეთ, რომ ღია ტონები სახის ფორმასა და მახასიათებლებს ვიზუალურად უფრო ფართოსა და დიდს ხდის, ხოლო მუქი ტონები კი – უფრო პატარასა და ვიწროს.

ვისაც ყავისფერი თვალები აქვს, კრემისფერი, ვარდისფერი ან ნაცრისფერი ჩრდილები უნდა აირჩიოს. მწვანე თვალებს ან ნაცრისფერ-მწვანე თვალებს ღია იასამნისფერი, ყავისფერი და სპილენძის ჩრდილები უხდება, ცისფერ თვალებსა და ნაცრისფერ თვალებს კი – ოქროსფერი ატმისფერი ან კრემისფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, აუცილებელია ის წესები დაიცვათ, რაც დღისა და საღამოს მაკიაჟისთვისაა აუცილებელი, რათა ნებისმიერ შეხვედრაზე უზადოდ გამოიყურებოდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ არასწორად გაკეთებული მაკიაჟი ასაკსაც გმატებთ და თქვენი ნაკვთების სილამაზესაც ჩრდილავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი