რა წესები უნდა დაიცვათ ცხელ სეზონზე და როგორ უნდა დაიამოთ გარუჯვის დროს დამწვარი კანი
ავტორი: ანი რევია 12:24 08.08, 2024 წელი

ყველამ იცის, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა კანის დამწვრობას იწვევს. ეს საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, რომელმაც შესაძლოა, დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ. თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს, ამ პრობლემას ადვილად აიცილებთ თავიდან, ლამაზ ნამზეურსაც მიიღებთ და დამწვრობისგანაც დაზღვეული იქნებით.
* არც რუჯის მიღებამდე და არც დამწვრობის შემთხვევაში კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი ან ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები. ცხიმი მზის სხივებს გარდატეხს, რაც უფრო ძლიერ დამწვრობას გამოიწვევს და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას. ასევე, არ შეიძლება სპირტი და სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებების გამოყენება, რაც დამწვარი კანს ძლიერად გამოაშრობ და გააღიზიანებს;
* არ შეიძლება დამწვრობის ადგილზე გაჩენილი ბუშტუკების დაჩხვლეტა, მასში არსებული სითხის იძულებით გარეთ გამოდევნა და კანის მოცილება. აქერცლილი კანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიცილეთ, თუ კანის უჯრედები უკვე მკვდარია და ეს პროცესი ტკივილს არ იწვევს;
* მოერიდეთ მზეს იმ დრომდე, სანამდე დამწვრობა არ მოგირჩებათ.
მზის დამწვრობისას შვებას მოგგვრით გრილი შხაპი ან აბაზანა. ნუ გამოიყენებთ საპონს ან გელს, რადგან ისინი კანის გამოშრობას იწვევენ. ეფექტურია ცივი გვირილის ნაყენის კომპრესები. სიცივე მოხსნის ტკივილს და გადაარჩენს მეტი რაოდენობის უჯრედებს, ხოლო გვირილა ხელს შეუშლის ანთებით პროცესებს. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, შეიზილოთ „პანთენოლის“ შემცველი კრემი ან სპრეი. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, კვებავს დაზიანებულ კანს და აჩქარებს მის მოშუშებას;
* მზით დამწვრობის დროს შეუცვლელია ალოე. ის ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის ტკივილსა და გაღიზიანებას. ალოე შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, შეშუპებების დაცხრომას. ეფექტურია მისი შემცველი სხვადასხვა კრემისა და სველი საფენების გამოყენებაც.
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად კანის გაუწყლოება და გამოშრობა ხდება. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.
ასევე, არსებობს წესები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში, რათა სილამაზე და ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ:
* არ გახვიდეთ სახლიდან მზის დამცავი საშუალებების გარეშე;
* ცხელი და ტენიანი ამინდი ხშირად იწვევს გამონაყარს სახეზე, ზურგზე, მკერდსა და მხრებზე. ეს რომ არ მოხდეს, გაიწმინდეთ კანი სწორად, სპეციალური გამწმენდი საშუალებით და ტონიკით, რომლებიც მოგაშორებთ ჭუჭყს, ზედმეტად გამოყოფილ ცხიმსა და მაკიაჟის ნარჩენებს. კვირაში ორჯერ გამოიყენეთ აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს;
* თვალის გარშემო კანი ნაზია და ნაოჭების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი, მზის სხივები კი დამატებით აჩქარებენ დაბერების პროცესს. ამიტომ, აუცილებელია ზაფხულში მზის სათვალის გაკეთება. თვალების ქვემოთ უპეების შეშუპებისას კი წაისვით, სპეციალური დამატენიანებელი თვალის კრემი;
* აუცილებლად გამოიყენეთ ხელის კრემი, რათა მზის სხივების ზემოქმედებით ამ მიდამოში არ მოხდეს კანის დაჭიმვა და დანაოჭება. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ხელის კრემს, რომელიც შეიცავს SPF-ს და ერთდროულად, არის დამცავიც და მკვებავიც;
* მზეზე ყოფნის მერე აუცილებელია, აღადგინოთ კანის ტენიანობის დონე და მინიმუმამდე დაიყვანოთ მზის სხივებით გამოწვეული ზიანი. ამ დროს კანისთვის კარგია ალოე-ვერას ექსტრაქტზე დამზადებული საშუალებების გამოყენება. ის გააგრილებს, მოხსნის სიწითლეს და დაატენიანებს გახურებულ კანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან