რჩევები

რა ასაკში ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები კანზე და როგორ უნდა შეარჩიოთ ასაკობრივი კოსმეტიკა

№7

ავტორი: ანი რევია 11:00 25.02, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანის მდგომარეობა, ზოგადად, ასაკთან ერთად იცვლება და ცხოვრების გარკვეულ პერიოდში აუცილებელი ხდება შესაბამისი ინდივიდუალური მოვლა. კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები დაგეხმარებათ.

ასაკობრივი კოსმეტიკის მოხმარება რეკომენდებულია 25 წლიდან, რა თქმა უნდა, კანის მდგომარეობისა და გენეტიკის გათვალისწინებით.

30-35 წლის ასაკში თავს იჩენს კანის დაბერების პირველი ნიშნები, მაგრამ ბუნებრივი კოლაგენის სინთეზი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ დონეზეა. კანს სჭირდება დამატებითი დატენიანება, კვება და ასაკობრივი ცვლილებების შემაჩერებელი პროფილაქტიკური საშუალებები. კოლაგენი კი შედის anti-age კოსმეტიკის შემადგენლობაში.

40-45 წლისთვის კანი კარგავს სიმკვრივეს, რადგან კოლაგენის სინთეზი ინტენსიურად ქვეითდება ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნის, კლიმაქსისწინა პერიოდისა და მენოპაუზის გამო. აუცილებელია ბუნებრივი ესტროგენების, ნანოკომპლექსების, ანტიოქსიდანტების, კოლაგენის, ელასტინის, კოენზიმის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების კომპლექსური გამოყენება, რომლებიც კანის უჯრედებს დამატებითი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მკვებავი და დამატენიანებელი კრემები და შრატები, ასაკის საწინააღმდეგო ორმაგი ეფექტის მქონე კრემები კი არა მხოლოდ კვებავს კანს, სახის ფერსაც ათანაბრებს. ამ ასაკში კარგია ლიფტინგეფექტის მქონე კრემების გამოყენება.

50 წლიდან, როდესაც კანის სიმკვრივის უზრუნველმყოფელი კოლაგენის სინთეზი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, აუცილებელია არა მარტო დამატენიანებელი, მკვებავი, დამჭიმავი საშუალებების გამოყენება, არამედ პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლა, შესაბამისი კრემებითა და შრატებით. კოსმეტიკის შერჩევისას, აუცილებელია სახის კანის ტიპის გათვალისწინება. არასათანადო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა, კანის მდგომარეობა გააუარესოს და ნაოჭები გააღრმაოს.

🔸 კოსმეტიკური საშუალების შერჩევისას, ასევე, გაითვალისწინეთ წელიწადის სეზონიც. გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე გამოსაყენებელ კოსმეტიკას უნდა ჰქონდეს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრი. კომპლექსურად გამოიყენეთ ერთი სერიის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ერთმანეთს შეავსებს.

🔸 გარკვეულ ასაკში, აუცილებელია, კანის ტიპის მიხედვით შერჩეული, დღისა და ღამის კრემის მოხმარება, ასევე, კრემი ან გელი თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად, მკვებავი შრატი და დილისა და საღამოს გამწმენდი საშუალებები.

🔸 იმისთვის, რომ კანი ერთსა და იმავე საშუალებას არ შეეჩვიოს, კრემები 4 თვეში ერთხელ ცვალეთ. თუ ახალი საშუალებები ნაკლებეფექტური აღმოჩნდა, შეგიძლიათ, ისევ ძველს დაუბრუნდეთ.

🔸 თვალების ირგვლივ არსებული ზონის მოსავლელად საუკეთესოა ბურთულიანი საშუალებები. მისი გამოყენებისას კანი მასაჟდება და მიკროცირკულაცია უმჯობესდება. სახის კრემი კი ნიკაპზე, ლოყებსა და შუბლზე უნდა წაისვათ და თითების მსუბუქი მასაჟით გადაინაწილოთ სახესა და კისერზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი