ლამაზი წამწამების საიდუმლო სწორად შერჩეული ტუშია
ავტორი: ანი რევია 19 წუთის წინ
ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტი და ბოლო შტრიხია, რომლის გარეშეც დასრულებულ ეფექტს ვერ მიიღებთ.
იმისთვის, რომ კარგად და სწორად გამოიყენოთ ტუში, ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში – კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში წყალში ცვილისა და პოლიმერების შერევით მიიღება. წყალგამძლე ტუშის შემადგენლობაც მსგავსია, თუმცა არ შეიცავს წყალს და მისი წყალში გახსნაც შეუძლებელია. წყალგამძლე ტუში უძლებს ცრემლს, არ სცილდება წყალსა და წვიმაში. ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფუტკრის ცვილი, ცელულოზას პოლიმერები და პალმის ცვილი, ტუშს მოცულობასა და სიმტკიცეს მატებს, ხოლო გლიცერინი და ბუტილენის გლიკოლი კი, სირბილესა და მოქნილობას უნარჩუნებს.
* სავარცხლის ფორმის ფუნჯი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი მასის დაგროვება წამწამებზე. პლასტმასის კბილები თანაბრად გადაანაწილებს ტუშს და წამწამებს ბუნებრივი სიგრძის ეფექტს შესძენს;
* სქელი ფუნჯები დამზადებულია სინთეზური ბოჭკოსგან, რაც წამწამებს ხავერდოვან და მოცულობით ეფექტს სძენს;
* გრძელი ფუნჯი მოკლე კბილებით აგრძელებს, ამკვეთრებს და აცალკევებს წამწამებს. ასეთი ფუნჯები კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვს და სურს, უბრალოდ, სიგრძე შემატოს. ზოგიერთი ფორმულა ერთდროულად ასქელებს და აგრძელებს წამწამებს;
* მომრგვალებული, ნახევარმთვარის ფორმის ფუნჯი დამზადებულია თვალის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით, რათა გაშალოს და ფორმა მისცეს წამწამებს. ტუში მომრგვალებული ადგილით ქვემოთ უნდა გეჭიროთ, რათა გაგიადვილდეთ მოცულობის მიცემა.
გაითვალისწინეთ, რომ ტუშს ვადა გასდის. მისი ვარგისიანობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით, 3-5 თვეა. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, რათა ბაქტერიული ინფექციები თავიდან აირიდოთ. თუ ამ დროის განმავლობაში ტუში გაშრა ან ზედმეტ პროდუქტს გიტოვებთ, ჩაასხით 2-3 წვეთი კონტაქტური ლინზის შესანახი სითხე, ამოურიეთ ფუნჯით და თავდახურული კარგად შეანჯღრიეთ.
წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება, რეკომენდებული არ არის. მიზეზი ისაა, რომ მისი მოშორება, არ არის ადვილი. თვალის სრესამ კი შესაძლოა, დაასუსტოს წამწამები და საბოლოოდ ცვენაც კი გამოიწვიოს.
ზოგჯერ დაღლილს გვეზარება ტუშის მოშორება და ასე ვიძინებთ. ეს კი ძალიან საშიშია. ტუში ღამის განმავლობაში რომ შრება, წამწამების ცვენას იწვევს და შეიძლება, გამხმარმა წამწამმა ძილის დროს რქოვანა დაგიზიანოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



