რჩევები

კითხვა-პასუხი

№29

ავტორი: ანი რევია 11:00 29.07, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 18 წლის და ჯერ არც სახე გამიწმენდია და არც საცხი მიხმარია. ზოგადად, არ მაქვს პრობლემური სახის კანი და ვფიქრობ, ამ ასაკში ზედმეტია. თან გენეტიკაც მიწყობს ხელს. თუმცა, მეგობრები მეუბნებიან, რომ უკვე უნდა დავიწყო სახეზე საცხის წასმა და წმენდა. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: თქვენ მსგავსად, ბევრი მიიჩნევს, რომ კანის ასაკობრივი მოვლის დასაწყებად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. სინამდვილეში, 18 წლის ასაკში დაწყებული მოვლა თქვენი კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და როცა მოზრდილ ასაკში იქნებით, სახის კანი 25-30 წლის ასაკის შესაბამის ვიზუალს შეინარჩუნებს. ასე რომ, სჯობს, მეგობრებს დაუჯეროთ.

კითხვა: ზაფხულის პერიოდში ვცდილობ, ბევრი სუნამო არ ვიპკურო, თუმცა გარეთ გასულს მისი სუნი აღარ მცემს და მგონია, არც კი დამისხამს. ხომ არ არსებობს რაიმე ხრიკი, რომ დასხმული სუნამოს სუნი დიდხანს გამყვეს?

პასუხი: სანამ სუნამოს იპკურებდეთ, კანზე ცოტა ვაზელინი წაისვით. მისი წყალობით, სუნამო დიდხანს შეინარჩუნებს არომატს.

კითხვა: მაქვს ცხიმიანი და მგრძნობიარე კანი. ვცდილობ, ცხიმიანობა და მგრძნობელობისგან გამოწვეული დეფექტები სხვადასხვა საშუალებებით დავფარო. გავიგე, რომ არსებობს შრატი, რომელიც სახის კანის ნაადრევ დანაოჭებას უშლის ხელს და თან, ჩემს პრობლემებსაც უხდება. რას მეტყვით, ღირს, შევიძინო თუ ფულს უაზროდ გადავყრი?

პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. მას აქვს აკნესა და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აირჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი და ასე შემდეგ. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებთ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიეთ. შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ. ის შეგიძლიათ, დამოუკიდებლად ან კანის სხვა პროდუქტებთან ერთად იხმაროთ.

კითხვა: როგორ წავისვა კომპაქტური პუდრი – მშრალი „ღრუბლით” თუ სველით?

პასუხი: თუ გსურთ, რომ კანი არ პრიალებდეს, პუდრი წაისვით მშრალი „ღრუბლით”, ხოლო თუ თქვენი მიზანია, გამონაყრის ან ჭორფლის დაფარვა, „ღრუბელი” ოდნავ დანამეთ და პუდრი ისე წაისვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი