რჩევები

კითხვა-პასუხი

№18

ავტორი: ანი რევია 11:00 13.05, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: აუცილებელია თუ არა, რუჯი, ანუ „რუმიანა“ კანის ტიპისა და ფერის მიხედვით შევარჩიოთ და რომელი როდის უნდა გამოვიყენო?

პასუხი: რუჯი არსებობს მშრალი, თხევადი და კრემისებური. თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ მშრალი რუჯი. თხევადი რუჯი, რომელიც ტექსტურით ტუჩების „ბლესკს“ მოგაგონებთ, ასევე, კრემისებურიც, მშრალ და ნორმალურ კანს მოუხდება. რუჯის ფერი უნდა შეარჩიოთ თქვენი თმისა და სახის კანის ფერის მიხედვით: რაც უფრო ღია ფერის თმა და კანი გაქვთ, მით უფრო ნაზი ფერის რუჯი უნდა შეარჩიოთ და, პირიქით – თუ თქვენ შავგვრემანი ხართ ან მუქი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, შედარებით მკვეთრი ფერის რუჯი გამოიყენოთ.

კითხვა: მაქვს საკმაოდ წვრილი თვალები, რაც ცოტა მაკომპლექსებს. იქნებ მირჩიოთ, როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რომ უფრო დიდი თვალები გამომიჩნდეს?

პასუხი: იმისთვის, რომ „ფართოდ გახელილი თვალების“ ეფექტი მიიღოთ, ტუში ზედა წამწამების ძირებიდან ბოლომდე ზიგზაგისებური მოძრაობით წაისვით. ძირებთან ფუნჯი ცოტა ხნით შეაჩერეთ – გაშრობისას ის დააფიქსირებს წამწამების მომხიბვლელ მორკალვას. თუ გსურთ, ხელოვნური წამწამების ეფექტი მიიღოთ, ტუშის პირველი ფენის წასმის შემდეგ წამწამებზე ძალიან ცოტა პუდრი მიიფრქვიეთ და შემდეგ კიდევ ერთხელ გადაისვით ტუში. აუცილებლად დაიტუშეთ ქვედა წამწამებიც – ასე უფრო ფართო თვალები გამოგიჩნდებათ.

კითხვა: ვიცი, რომ სხვადასხვა სახისა და ფერის პუდრი, ტონალური, შიმერი და ჰაილაითერი არსებობს. მაინტერესებს, როგორ გამოვიყენო ისინი დღისა და საღამოს მაკიაჟისთვის?

პასუხი: დღის მაკიაჟისთვის გამოიყენეთ ფხვიერი პუდრი. მისი ნაწილაკები არ ეწებება ერთმანეთს და კანზე ძალიან ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ფენა გამოდის. კომპაქტური პუდრი კი იმ შემთხვევაშია უკეთესი, თუ პრობლემური კანი გაქვთ, ის კარგად ნიღბავს ხარვეზებს. უმჯობესია, გამოიყენოთ ერთი და იმავე ბრენდის პუდრი და ტონალური კრემი. საღამოს მაკიაჟში დაუმატეთ პუდრი-შიმერი. ის ვერცხლისფერი ან ოქროსფერია. ვერცხლისფერი წაისვით ღაწვებზე, ცხვირის კეხსა და ზედა ტუჩის თავზე, როგორც ჰაილაითერი; ხოლო ოქროსფერი – ცხვირის წვერზე და სახის ოვალის ნაპირზე, როგორც პუდრი, რომელიც ახდენს სახის ოვალის მოდელირებას. შიმერი კი წაისვით დეკოლტეს ზონაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი