კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 12:00 11.04
კითხვა: ძლივს გავიზარდე თმა და თმის ბოლოები მეყოფა, რა არის ამის მიზეზი და თუ არსებობს მეთოდი, რომ ეს პროცესი შევაჩერო?
პასუხი: გრძელი თმის ძირითადი პრობლემაა, თმის გაყოფილი ბოლოები. ამის მიზეზი შეიძლება, ბევრი რამ გახდეს: არასწორი კვება, თმის გაშრობა და გასწორება ფენის საშუალებით და სხვა. სამწუხაროდ, თუ თმის ბოლოები უკვე გაიყო, მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა, როგორც არ უნდა გპირდებოდნენ თმის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები, არ გამოვა. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი თმის შეჭრაა. ბოლოების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია განსაკუთრებული, ცხელი მაკრატლით შეჭრას. ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ თმის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ასევე, თმის გაყოფილი ბოლოების ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად. ამიტომაც, ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ბოლოებს, არამედ თმის ძირებს. კოსმეტიკური საშუალებები შეარჩიეთ თმის ტიპის მიხედვით. აუცილებელია, სამკურნალო ნიღბების გაკეთება კვირაში, მინიმუმ, ორჯერ, რომ თმის ძირებმა საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები მიიღოს. საჭიროა, თმის ძირებზე წაისვათ ის სამკურნალო საშუალებები, რაც თქვენი თმის ტიპს მიესადაგება, თმის ბოლოების გაჯანსაღებისთვის კი საჭიროა მათზე მცენარეული ზეთის წასმა. ბოლოების გაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელია თმის სწორი მოვლითაც. არ შეიძლება, სველი თმის დავარცხნა. უმჯობესია, თმა გაიშროთ ბუნებრივად, ფენის გამოყენების გარეშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



