რჩევები

ყინულის ნიღბები - კანისთვის უებარი, გამოცდილი, მარტივი და იაფი საშუალება

№8

ავტორი: ანი რევია 12:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანზე ყინულის მასაჟის გაკეთებისას ჯერ ზედაპირული კაპილარები ვიწროვდება, პარალელურად კი, უფრო ღრმა ფენებში, კაპილარები ფართოვდება. ეს ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას. როცა ყინულს მოიცილებთ, იწყება უკუპროცესი – ზედაპირული კაპილარები ფართოვდება, ივსება სისხლით და კანი იწყებს სუნთქვას. ძლიერდება უჯრედებში ნივთიერებათა ცვლა, მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, სწორდება ნაოჭები, ნელდება შემაერთებელი ქსოვილების დაბერების პროცესი. სახეზე ჩნდება ბუნებრივი სიწითლე და კანი იღებს ჯანმრთელ ელფერს.

ყინულს თუ ბალახების ნახარშის ან ხილისა და ბოსტნეულის წვენებისგან დაამზადებთ, უკეთეს ეფექტს მიიღებთ. ყინულისთვის უნდა გამოიყენოთ აფთიაქში ნაყიდი დისტილირებული წყალი და არა ონკანის. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი, რომ მშრალი კანი კიდევ მეტად არ გამოაშროთ და არ დააზიანოთ. მშრალი კანისთვის შეიძლება, გამოიყენოთ: ოხრახუში, კიტრი, პიტნა, გვირილა, ბაბუაწვერას ფესვები, კენკროვნები. ცხიმიანი კანისათვის გამოდგება გვირილა, კალენდულა, ციტრუსები. შერეული, კომბინირებული კანისთვის კარგია გვირილა, ბაბუაწვერა და ყველა ის ბალახი, რომელიც გამოდგება ნორმალური და ცხიმიანი კანისათვის.

პროცედურის ჩატარებისას ყინული სახეზე ამოძრავეთ მასაჟის ხაზების მიმართულებით, მაგალითად, ქვედა ყბიდან ყურის ბიბილომდე, ლოყებზე, ტუჩის კუთხიდან ყურამდე, ჩამოჰყევით ზედა ტუჩის შუამდე, აჰყევით ცხვირის გვერდამდე და ჩამოჰყევით ყურამდე. თვალების გარშემო: შიგა კუთხიდან ზედა ქუთუთოებზე, შემდეგ გარე კუთხიდან ქვედა ქუთუთოზე, შუბლის შუიდან საფეთქლებამდე, ცხვირის ზედა ნაწილიდან ნესტოების ბოლომდე.

არ გადააცივოთ კანი. ყინულის კონტაქტი ერთ ადგილზე 5 წამს არ უნდა აჭარბებდეს. იქამდე ისვით, სანამ არ გადნება. არ გაიმშრალოთ, აცადეთ, ნაყენი კანმა შეიწოვოს. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ.

ყინულის მასაჟის შემდეგ შეიძლება, წაისვათ ის კრემი, რომელსაც იყენებთ.

კოსმეტიკური ყინული კი ასე უნდა დაამზადოთ:

* ფართოფორებიანი კანისთვის: 1/3 წილი ცაცხვის ყვავილი, 1/3 წილი გვირილა, 1/3 წილი პიტნა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 3 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. როცა გაგრილდება, დაამატეთ ნახევარი სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთი. მიღებული ნახარში ჩაასხით ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში;

* კანის გასათეთრებლად: 2 სადილის კოვზი ბრინჯი, 0,5 ლიტრი წყალი. მოხარშეთ ბრინჯი, გაწურეთ, გააცივეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ;

* კაპილარების მოსაცილებლად: 1/3 წილი ჭინჭარი, 1/3 წილი გვირილა, 1/3 წილი ცხენის წაბლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 2 წუთი. გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კივის წვენი, კარგად აურიეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ;

* შეშუპებული თვალის უპეებისთვის: 1/4 წილი შავი ჩაი, 1/4 წილი მწვანე ჩაი, 1/4 წილი გვირილა, 1/4 წილი კრაზანის ყვავილი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 1 საათით. შემდეგ გაფილტრეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ;

* სტაფილოს წვენი კარგად ატონიზირებს კანს - 3/4 წილ სტაფილოს წვენს დაამატეთ 1/4 წილი წყალი და გაყინეთ ფორმებში. ეს კარგი საშუალებაა გამონაყრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ხშირი გამოყენება არ არის სასურველი. მან შეიძლება, კანი გააყვითლოს;

* თვალის უპეებს ყველაზე მეტად უხდება გაყინული ნატურალური რძე;

* ყველა ტიპის კანისთვის სასარგებლოა კიტრის გაყინული წვენი.

ნუ გაიკეთებთ ყინულის მასაჟს თუ ცივ ამინდში გარეთ გადიხართ, თუ კანი ძალიან გამომშრალია ან როცა კანზე გაფართოებული ძარღვები ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი