რჩევები

ხვეული თმა რომ მუდამ მოვლილი და მოწესრიგებული გქონდეთ

№25

ავტორი: ანი რევია 13:48 03.07

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხვეული თმა აუცილებლად შესაბამისი, ანუ საგანგებოდ ასეთი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით დაიბანეთ. სასურველია, ის შეიცავდეს ჟოჟობას ზეთს, ქოქოსის ზეთს, ღიღილოს ყვავილის ექსტრაქტს. გამოიყენეთ მხოლოდ ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამები და კონდენციონერები. რადგან ისინი შესანიშნავად არბილებს თმას, აიოლებს მის დავარცხნას და გაშრობის შემდეგ, გაპუწული კულულების ნაცვლად, იღებთ ბუნებრივად დახვეულ, რბილ და დამყოლ თმას.

ხვეული თმა ნელთბილი წყლით უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს თავის კანს, არღვევს თმის სტრუქტურას და შესაძლოა, ქერტლი, თმის გახუნება და მტვრევადობა გამოიწვიოს. დაბანის შემდეგ კი თმა პირსახოცით დიდხანს არ შეიფუთოთ და არც თმის საშრობი გამოიყენოთ. კარგია, ბუნებრივად გაშრობა. ხვეული თმა, მხოლოდ დაბანის წინ დაივარცხნეთ. ამისთვის კი, ფართოკბილებიანი სავარცხელი გამოიყენეთ.

კვირაში ერთხელ მცენარეული ზეთით ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი. ამისთვის კარგია ქოქოსის, ზეითუნისა და აბუსალათინის ზეთები. ეს აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევასა და თმის ბოლქვების კვებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას, სირბილესა და ელასტიკურობას.

ასევე, კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ხვეული თმისთვის ეფექტური ნიღბები, რომელსაც თავად მარტივად მოამზადებთ სახლის პირობებში.

თმის დამარბილებელი ნიღაბი – შეათბეთ კეფირი და თმაზე სქელ ფენად შეიზილეთ. მოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან კი – პირსახოცი და გაიჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათი. შემდეგ მოიხსენით პარკი და თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამომშრალი თმის ნიღაბი – 5 ჩაის კოვზ ქაცვის ზეთში აურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმის ძირებსა და თავის კანზე, თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით შეიფუთეთ და დაიტოვეთ, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კი თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.

ბანანისა და მაიონეზის ნიღაბი – 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი მაიონეზი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანსა და თმის მთელ სიგრძეზე, შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით და 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

გლიცერინის, აბუსალათინის ზეთის, ძმრისა და კვერცხის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 კვერცხი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.

თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 100 გრამი ნატურალური თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში შეიზილეთ. თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ და 1 საათი გაიჩერეთ. შემდეგ კი თმა შამპუნის გარეშე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი